თავშესაფარში გაუთხოვარი გოგონები ოჯახის გადაწყვეტილებით ხვდებოდნენ - რა წერია გამოძიების დასკვნაში ირლანდიაში მომხდარ დანაშაულებზე - კვირის პალიტრა

თავშესაფარში გაუთხოვარი გოგონები ოჯახის გადაწყვეტილებით ხვდებოდნენ - რა წერია გამოძიების დასკვნაში ირლანდიაში მომხდარ დანაშაულებზე

ირლანდიაში 1920-დან 1990 წლებამდე კათოლიკურ თავშესაფრებში უამრავი ბავშვი გარდაიცვალა. სპეციალურ დოკუმენტში, რომელიც ამ საკითხს ეხება, ნათქვამია, რომ თავშესაფრები გაუთხოვარი ქალებისთვის და მათ შვილებისთვის იყო განკუთვნილი. დასკვნაში საუბარია 56 ათასი ქალის ბედზე.

მომხდარ ამბავზე ბი-ბი-სი წერს. მომხდარის გამოძიების ინიციატორი ირლანდიის მთავრობა იყო. დასკვნაში აღწერილია 18 თავშესაფარი, სადაც ორსულ, გაუთხოვარ გოგონებს გზავნიდნენ. თავშესაფრებში დაახლოებით 9 ათასი ბავშვი გარდაიცვალა.

როგორც წესი, მგსავს დაწესებულებებს მონაზვნები ან კათოლიკური ეკლესიის სხვა წარმომადგენელი მართავდა. თავშესაფრები 1998 წელს დახურეს. მათ სახელმწიფო აფინანსებდა, აქ დაბადებული ბავშვი, დედის თანხმობის გარეშე სხვა ოჯახში შვილდებოდა.

გამოძიების მიხედვით, ქალთა და ბავშვთა თავშესაფარში გაუთხოვარი გოგონები ოჯახის გადაწყვეტილებით ხვდებოდნენ. აღნიშნულია ისიც, რომ საზოგადოებაში გოგონების მიმართ მსგავსი მკაცრი დამოკიდებულება ეკლესიის და სახელმწიფო ინსიტუტების ხელშეწყობით ჩამოყალიბდა.

"ისინი საერთოდ არ იღებდნენ ადამიანურ სითბოს, ეს უკეთ ვლინდებოდა მათი მშობიარობის დროს".

დასკვნაში აღნიშნულია, რომ მშობიარე ქალებს სცემდნენ და ამცირებდნენ. ზოგიერთ თავშესაფარში დედაოები მათ ცოდვილებს და სატანის მოციქულებს ეძახდნენ. ზოგიერთი ინცესტისა და ძალადობის მსხვერპლი გოგონა 13 წლის იყო.

ასეთ ადგილებში ახალშობილ ბავშვთა სკივდილიანობის მაჩვენებელი ოფიციალურ რიცხვს 5-ჯერ აღემატებოდა. 1960-იან წლებამდე ამ ბავშვების გადარჩენას არავინ ცდილობდა, კონკრეტულად რით იღუპებოდნენ ისინი, ჯერ კიდევ უცნობია.

დადგინდა ისიც, რომ 1943 წლიდან 1973 წლამდე თავშესაფრებში დაბადებულ ბავშვებს ახალი ვაქცინების გამოცდის მიზნით იყენებდნენ, ამის შესახებ გამოძიებამ იმ ერთ-ერთი ბავშვის მონათხრობიდან გაიგო, რომელიც 1961 წელს ფილადელფიაში გააშვილეს.

ხელისუფლება და ეკლესია ბოდიშს იხდის

ირლანდიის პრემიერ-მინისტრის მიშელ მარტინის განცხადებით, მომხდარში დამნაშავე საზოგადოებაა.

"ჩვენ ძალიან ცუდად მოვექეცით ამ ქალებს, ჩვენ ეს საკუთარ თავს თავადვე გავუკეთეთ", - მან ბოდიში მოიხადა ირლანდიის ხელისუფლების სახელით და განაცხადა, რომ დასკვნამ ღიად აჩვენა, რომ საზოგადოებაში ემპათია და თანადგომა დიდი ხნის განმავლობაში არ არსებობდა.

"დასკვნის მიხედვით ჩანს, რომ ირლანდიაში დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა მახრჩობელა, დესპოტური და ქალთმოძულე კულტურა, რომელშიც დაუოჯახებელი ქალებისა და მათი შვილების სტიგმატიზებამ წაართვა მათ თავისუფლება, აწმყო და ხშირ შემთხვევაში, მომავალი", - განაცხადა მინისტრმა როდერიკ ო’გორმანმა.

ირლანდიის კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა წარსულში მომხდართან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, ირლანდიაში გამოძება 6 წლის წინ, სწორედ მაშინ დაიწყო, როცა ერთ-ერთი თავშესაფრის ტერიტორიაზე 2 დღიდან 9 წლამდე ბავშვების 800 გვამი აღმოაჩინეს. კომისიამ დაადგინა, რომ თავშესაფრებში დაბადებულ ბავშვთა 15% გარდაიცვალა. (წყარო)