"შარშან, ფესტივალზე, გიგანტურმა ფრანმა 3 წლის გოგონა "მოიტაცა", რომელსაც "ცის გველის" კუდი ძლიერმა ქარმა შემთხვევით შემოახვია" - ვეიფანგი - ფრანების მსოფლიო დედაქალაქი - კვირის პალიტრა

"შარშან, ფესტივალზე, გიგანტურმა ფრანმა 3 წლის გოგონა "მოიტაცა", რომელსაც "ცის გველის" კუდი ძლიერმა ქარმა შემთხვევით შემოახვია" - ვეიფანგი - ფრანების მსოფლიო დედაქალაქი

სხვადასხვა ზომის ფერადოვანი ფრანების ფესტივალები დიდად თვალსასეირო სანახაობაა. ისინი მრავალი წელია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იმართება და ათიათასობით მაყურებელი ჰყავს. შეიძლება ბევრს ისიც ახსოვს, შარშან აგვისტოში ფესტივალზე ტაივანში როგორ "მოიტაცა" გიგანტურმა ფრანმა 3 წლის გოგონა, რომელსაც "ცის გველის" კუდი ძლიერმა ქარმა შემთხვევით შემოახვია და 30 წამის განმავლობაში რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლეზე ჰაერში დაატარებდა, რაც, საბედნიეროდ, უვნებლად დასრულდა. თუმცა უმრავლესობამ, ალბათ, არ იცის, რომ არსებობს ფრანების მსოფლიოს დედაქალაქი და ეს ჩინური ვეიფანგია.

ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, შანდუნის პროვინციაში მდებარე ვეიფანგი ჩინური საზომებით არც ისე დიდია - მასში "სულ რაღაც" 10 მლნ კაცი ცხოვრობს. 35 წელია, რაც ის ოფიციალურად ფრანების მსოფლიო დედაქალაქადაა აღიარებული. აქ ყოველი აპრილის დასაწყისში ტარდება ფრანების მსოფლიო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობენ აშშ-კანადიდან, ავსტრალიიდან თუ ევროპა-აზიიდან ჩამოსული მრავალრიცხოვანი სტუმრები. მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ვეიფანგში ფრანების 87 დიდი ქარხანაა. ისინი ფრანებით თითქმის მთელ მსოფლიოს ამარაგებენ...

საუკუნეების განმავლობაში ვეიფანგი განთქმული იყო ქაღალდის ჭრის ძველი ჩინური უნიკალური ხელოვნებით, რომელიც პრაქტიკულად VI საუკუნის ძველი ფორმების იდენტურია. ამიტომ აქაურმა ფრანის დამამზადებლებმა იოლად აითვისეს დამახასიათებელი ფერთა მკვეთრი კონტრასტულობა, მარტივი ფორმები თუ გაზვიადებული კონტურები. ფრანების პერსონაჟების უმრავლესობა ხალხური გადმოცემებიდან და ფანტასტიკური სიმბოლოებიდან მოდის. თუმცა ტრადიციული ჩინური პერსონაჟების გარდა, ქარხნებში უამრავი შეკვეთა მზადდება მთელი მსოფლიოდან.

რა გასაკვირია, რომ ფრანების დედაქალაქ ვეიფანგში აღმართულია ფრანის ძეგლიც, ხოლო ადგილს, სადაც ის დგას, "ფრანების მსოფლიო დედაქალაქის მოედანი" ეწოდება.

ბუნებრივია, ვეიფანგში ასევე არის ფრანების მუზეუმიც, რომელსაც დამთვალიერებელი არასდროს აკლია. მუზეუმის გვერდით კი დგას ჩინელთა ერთ-ერთი ღვთაების - ლუ ბანის ძეგლი. ლუ ბანი ძვ. წ. V საუკუნეში ცხოვრობდა. ის ჩინელების "ლეონარდო" იყო - გამომგონებელი, ფილოსოფოსი, სახელმწიფო მოღვაწე და სამხედრო მოაზროვნე, ინჟინერი და ხელოსანი. ის ჩინელი ხელოსნებისა და მშენებლების მფარველ წმინდანად ითვლება. თუმცა ვეიფანგელები ფრანების მფარველადაც მიიჩნევენ - საქმე ის არის, რომ გადმოცემის თანახმად, სხვა გამოგონებებთან ერთად ლუ ბანმა შექმნა "ხის ფრინველი" - თვითმავალი მფრინავი ობიექტი, რომელსაც თურმე შეუძლია სამი დღის განმავლობაში დარჩეს ჰაერში.

რამაზ გურგენიძე