"ეკიპაჟის ორ წევრთან მისვლას მაშველები ცდილობენ, 6 კი გადაარჩინეს" - კვირის პალიტრა

"ეკიპაჟის ორ წევრთან მისვლას მაშველები ცდილობენ, 6 კი გადაარჩინეს"

თურქეთის პროვინცია ბართინის გუბერნატორის, სინან გიუნერის ინფორმაციით, თურქეთის სანაპიროსთან ჩაძირული მშრალტვირთმზიდის "Arvin"ის ეკიპაჟის 13 წევრი უკრაინის მოქალაქეები არიან და არა რუსეთის, როგორც ეს მანამდე ითქვა.

მისი თქმით, ეკიპაჟის ორი წევრი ცოცხალი იპოვეს, მათთან მისვლას მაშველები ცდილობენ. ეკიპაჟის 6 წევრი გადაარჩინეს. გარდაცვლილია ორი მეზღვაური.

ქალაქ ბართინის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გემის ჩაძირვის მიზეზი ამინდის გაუარესება გახდა.

"ინკუმუს რაიონში გემი "არვინი" ჩაიძირა, რომლის ეკიპაჟის 12 წევრი უკრაინის მოქალაქეები არიან. გემი პალაუს დროშით ცურავდა, რომელიც უამინდობის გამო ჩაიძირა. ის საქართველოდან ბულგარეთისკენ მიემართებოდა. ამ დროისთვის გადარჩენილია ეკიპაჟის ექვსი წევრი" , - ნათქვამია ქალაქის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ამავდროულად "როსმორჩერფლოტის" ინფორმაციით, გემზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ორი რუსეთის მოქალაქეა. მათივე ცნობით, გემის მფლობელი უკრაინული კომპანიაა.

"ინტერპრესნიუსი""