"საქართველოს სურს ნატოში გაწევრიანება და რუსეთი ამას ხელს ვერ შეუშლის. შევა თუ არა საქართველო ნატოში - ეს საკითხი მხოლოდ საქართველოს და ალიანსს ეხება" - კვირის პალიტრა

"საქართველოს სურს ნატოში გაწევრიანება და რუსეთი ამას ხელს ვერ შეუშლის. შევა თუ არა საქართველო ნატოში - ეს საკითხი მხოლოდ საქართველოს და ალიანსს ეხება"

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ რუსეთმა გავლენა არ უნდა იქონიოს ამა თუ იმ ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხზე, რადგან საუბარია სუვერენულ სახელმწიფოებზე.

მანვე კომენტარი გააკეთა ალიანსის ურთიერთობაზე საქართველოსთან და უკრაინასთან.

"საქართველოს სურს ნატოში გაწევრიანება და რუსეთი ამას ხელს ვერ შეუშლის. შევა თუ არა საქართველო ნატოში - ეს საკითხი მხოლოდ საქართველოს და ალიანსს ეხება", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ნატო მხარს უჭერს ამ ქვეყნებს და ატარებს იქ ერთობლივ სწავლებებს.

"ნატოში გაწევრიანების საკითხი ეხება უშუალოდ კანდიდატ ქვეყანას და ნატოს, რუსეთს უფლება არ აქვს ჩაერიოს პროცესში, ან დაბლოკოს ის“, - განაცხადა გენმდივანმა პარიზის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ვირტუალურ კონფერენციაზე.

მანვე უარყო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ნატო აგრესიულად მოიქცა, როდესაც დათანხმდა იმ ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებას, რომლებიც მანამდე ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციაში შედიოდნენ. მისი თქმით, საუბარი არ არის აღმოსავლეთში ნატოს ექსპანსიაზე, რადგან, მისივე თქმით, ამ ქვეყნებმა დემოკრატიული პროცედურებით, თავადვე გადაწყვიტეს, რომ სურთ ნატო-ში გაწევრიანება.

"ჩვენ არავის ვავალდებულებთ ნატოში გაწევრიანებას, შვედეთს, ფინეთს, მაგალითად, ჩვენ მეზობლებს არ სურთ ნატო-ში გაწევრიანება და ჩვენ ამას პატივს ვცემთ", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ბალტიის ქვეყნებმა, რუმინეთმა, ბულგარეთმა და სხვა სახელმწიფოებმა დამოუკიდებლად გადაწყვიტეს, რომ სურთ ნატო- ში გაწევრიანება და გახდნენ ალიანსის წევრები, რაც სტანდარტის შესაბამისობით დაადასტურეს.

"ინტერპრესნიუსი"