ევროპარლამენტი ალექსეი ნავალნის დაკავების გამო, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხარს უჭერს - კვირის პალიტრა

ევროპარლამენტი ალექსეი ნავალნის დაკავების გამო, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხარს უჭერს

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარს უჭერს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 581 დეპუტატმა, 50 წინააღმდეგი იყო, 44-მა კი თავი შეიკავა.

დოკუმენტში ევროდეპუტატები გმობენ რუსეთის ქცევას, რომელსაც ისინი მიიჩნევენ მიუღებლად, როგორც ევროპის საბჭოსა და ეუთოს წევრი ქვეყნისთვის. ისინი ორივე ორგანიზაციას მოუწოდებენ, მიიღონ შესაბამისი ზომები ვალდებულებათა დარღვევების შესაფასებლად, რომლებიც რუსეთს აქვს აღებული.

რეზოლუციის ცალკე პუნქტში ევროპარლამენტარები მოუწოდებენ მინისტრთა კომიტეტსა და ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს, გამოიყენონ უფლებამოსილება, რომელსაც ითვალისწინებს ევროპის კონვენციის 46 (4) მუხლი ადამიანის უფლებების შესახებ, რათა დაიწყონ რუსეთის დასჯის პროცესი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

დასჯის პროცედურა ითვალისწინებს სახელმწიფოს უფლებების შეწყვეტას ევროსაბჭოში.

გარდა ამისა, ევროდეპუტატებმა ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდეს, კრიტიკულად გადახედოს რუსეთთან ურთიერთობებს სხვადასხვა საგარეო პოლიტიკურ პლატფორმებზე.

კერძოდ კი, მოითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა.

ცალკე პუნქტად არის მითითებული მოწოდება ევროკავშირის საბჭოსადმი, შემოიღოს სანქციები რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებული არიან ვლადიმერ პუტინის უახლოეს გარემოცვასთან, ასევე რუსი პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებიც ევროკავშირში ფლობენ აქტივებს და იქ თავისუფლად გადაადგილდებიან. ევროპარლამენტი ასევე ითხოვს, არსებითად გამკაცრდეს შემზღუდავი ზომები რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის სანქციების დადების გზით ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ ალექსეი ნავალნის დაკავების გადაწყვეტილებაში.

"ინტერპრესნიუსი"