დანაშაული, სასჯელის გარეშე - მასობრივი მკვლელობა, რომელიც დაუსჯელი დარჩა - კვირის პალიტრა

დანაშაული, სასჯელის გარეშე - მასობრივი მკვლელობა, რომელიც დაუსჯელი დარჩა

დანაშაული, სასჯელის გარეშე - მასობრივი მკვლელობა, რომელიც დაუსჯელი დარჩა

ვიეტნამის სოფელ მილაიში მომხდარი დანაშაულის შესახებ, რომელიც ამერიკელმა სამხედროებმა ჩაიდინეს, საზოგადოების აზრი ორად გაიყო. გამოძიებას, რომელიც სამხედროების წინააღმდეგ მიმდინარეობდა, თვითმხილველთა ჩვენებების გარდა, სულის შემძვრელი ფოტოებიც ჰქონდა. ფირზე აღბეჭდილი იყო გარდაცვლილი ქალები, ბავშვები და მოხუცები.

სამხედრო სასამართლო 50 წლის წინ 17 ნოემბერს დაიწყო. სასამართლოზე ბრალდებული ამერიკელი ლეიტენანტი უილიამ კელი გახლდათ. მას სასამართლოზე არც კი უცდია ბრალის უარყოფა, ნიუნბერგის პროცესზე გასამართლებული გერმანელი ლიდერების მსგავსად, უბრალოდ განაცხადა, რომ სხვის ბრძანებას ასრულებდა. მას 22 ადამიანის მკვლელობის გამო სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ამით ეს ისტორია არ დასრულებულა.

1970 წელს ვიეტნამის ომის გამო, აშშ-ის მოქალაქეების აზრი ორად გაიყო. კონსერვატორები, რომლებიც ომის წამოწყებას ეთანხმებოდნენ, აცხადებდნენ, რომ სასამართლო ვერდიქტი არ იყო სამართლიანი და კელი უბრალოდ მორჩილი ჯარისკაცი გახლდათ. საზოგადოების გარკვეული ნაწილი კი თვლიდა, რომ კელი პოლიტიკოსებისა და გენერლების არასწორ გადაწყვეტილებებს შეეწირა.

დაკავებული ლეიტენანტი ციხეში დღის განმავლობაში ათასობით წერილს იღებდა. მას გამოუჩნდა უამრავი მხარდამჭერი, ერთ-ერთმა მუსიკალურმა ჯგუფმა კელის სიმღერაც კი მიუძღვნა. საზოგადოებაში გამოწვეული უკმაყოფილების გამო, პრეზიდენტი ნიქსონი იძულებული გახდა, სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება გადაეხედა.

თეთრ სახლში ერთი დღის განმავლობაში 25 ათასამდე ტელეგრამა მივიდა, პრეზიდენტმა ლეიტენანტი არ შეიწყალა, თუმცა გადაწყვიტა, რომ სამხედრო ციხის ნაცვლად, კელის სასჯელი სამხედრო ბაზაზე, მის ოთახში მოეხადა, სადაც მნახველებს მიიღებდა და სპორტითაც დაკავდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ვიეტნამის სოფელში მომხდარის გამო, სადაც უამრავი ადამიანი დაიღუპა, მხოლოდ ლეიტენანტი კელი გაასამართლეს. სასამართლო გადაწყვეტილება - სამუდამო პატიმრობა, მას ჯერ 20 წლით, შემდეგ კი 10 წლით თავისუფლების აღკვეთით შეეცვალა. უამრავი ცვლილების შემდეგ, პატიმრობაში მან მხოლოდ 4 წელი გაატარა.

რა მოხდა ვიეტნამში?

1968 წლის 16 მარტს ლეიტენანტ უილიამ კელის დანაყოფი ვერტმფრენით ვიეტნამის სოფელ მილაის ახლოს ჩაფრინდა. როგორც ამბობენ, ასეულ "ჩარლის“ ლეიტენანტი კელის ნაცვლად, კაპიტანი ერნესტ მედინა ხელმძღვანელობდა. კაპიტანმა სამხედროები დაარწმუნა, რომ სოფელი მშვიდობიანი მოქალაქეებისგან დიდი ხნის დაცლილი იყო და მათ შეეძლოთ ესროლათ ყველასთვის ვისაც დაინახავდნენ.

ასეულის ჯარისკაცებს ზედმეტი კითხვა არც გასჩენიათ, რადგან ისინი უხილავ მტერს უკვე დიდი ხანია ებრძოდნენ, მათ 28 სამხედრო დაეღუპათ. ამერიკელი სამხედროები სასტიკად გაუსწორდნენ სოფლის მოსახლეობას, განსაკუთრებული სისასტიკით ლეიტენანტი კელის ოცეული გამოირჩეოდა.

კაპიტანმა მედინამ სამხედროებს სოფელში შესვლამდე უთხრა, რომ ადგილზე დახვდებოდათ ვიეტკონგის 48-ე ბატალიონი, რომელიც მათ თვეების განმავლობაში ებრძოდა, თუმცა ეს დანაყოფი, სინამდვილეში პროვინციის სხვა ბოლოში იყო განთავსებული. მტერთან შესახვედრად განწყობილ კელის ოცეულს სოფელში ქალები, ბავშვები და მოხუცები დახვდნენ. მათ 4 საათში მთელი სოფელი დაანგრიეს, მშვიდობიანი მოქალაქეები ჩაცხრილეს. ისინი ჯგუფურად აუპატიურებდნენ ქალებს, ესვროდნენ ყველას და ყველაფერს.

დილის 9 საათისთვის თავად ლეიტენანტმა კელიმ სოფლის 150-მდე მაცხოვრებელი მიიყვანა ორმოსთან და ისინი სიკვდილით დასჯევინა. მათ შორის იყო ბავშვები, მოხუცები და ორსული ქალებიც.

კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი იქნებოდა სამხედრო მფრინავ ჰიუ ტომპსონს ეს სისასტიკე რომ არ დაენახა. ის მაშინვე მიხვდა რაშიც იყო საქმე. სამხედრო მფრინავმა წინააღმდეგობა გაუწია ლეიტენანტ კელის და უამრავი ადამიანი გადაარჩინა, მის დანაყოფს კი უბრძანა, თუ მათი თანამემამულეები ცეცხლს განაახლებდნენ, მათთვის ესროლათ.

იმ დღეს, დილის 11 საათზე, კაპიტანმა მედინამ "ჩარლის“ დანაყოფს უბრძანა სადილის გამო შესვენება გამოეცხადებინათ, თავად კი ხელმძღვანელობას გადასცა, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულეს და თითქოს ამ შეტაკებისას მოწინააღმდეგის მხრიდან 123 ადამიანი დაიღუპა. სინამდვილეში მათ 500-ზე მეტი უიარაღო ადამიანი მოკლეს.

ჟურნალისტების გამოძიება

ოფიცერი ტომპსონი, რომელმაც ამერიკელი ჯარისკაცები დანაშაულში ამხილა, ყოველსთვის ფიქრობდა, რომ მის გაჩუმებას ცდილობდნენ. მას სპეციალურად მარტოს უშვებდნენ რთული მისიის შესასრულებლად, სწორედ ამიტომ, ოფიცრის ვერტმფრენი თვის განმავლობაში სამჯერ და ხუთჯერაც ჩამოვარდნილა.

"ჩარლის“ დანაყოფი ამ ამბის შემდეგ ჯუნგლებში გაგზავნეს, ზოგიერთი ჯარისკაცი ფიქრობდა, რომ ისინი სპეციალურად განარიდეს სიტუაციას, რათა მომხდარის შესახებ სიმართლე არ ეთქვათ. თუმცა ასეთი მასობრივი მკვლელობა მაინც ვერ დაიმალა.

საქმეს თან დაერთო სულის შემძვრელი ფოტოები, რომელიც სამხედრო ფოტოგრაფმა, სერჟანტმა რონ ჰებერლმა გადაიღო. მან თავდაპირველად, როგორც ევალებოდა შავ-თეთრი ფოტოები გადაიღო, თუმცა თანამშრომლებთან ერთად ფერადი ფირიც გამოიყენა და ფირზე ის კადრებიც აღბეჭდა, რომელიც შემდეგ საზოგადოებამ ჟურნალ Life-ის გვერდებზე ნახა.

უფრო ადრე კი, ჟურნალისტი რონალდ რიდენჰური, რომელიც 1968 წელს ვიეტნამში გაემგზავრა, დაუკავშირდა "ჩარლის“ ჯარისკაცებს და მათგან ინფორმაცია მოიპოვა. ჟურნალისტმა გამოძიება ჩაატარა და 1969 წელს შეკრებილი მასალები 30 ადამიანს, ვაშინგტონის პოლიტიკურ თუ სამხედრო ელიტის წარმომადგენლებს გაუგზავნა.

წერილის შემდეგ, 1969 წლის სექტემბერში, უილიამ კელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, აქამდე საზოგადოებამ ამ მასობრივი მკვლელობის შესახებ არაფერი იცოდა.

გამოძიების ოფიციალური დასკვნა 1970 წელს პირველად ჟურნალლისტმა სეიმურ ჰერშმა გამოაქვეყნა. აქამდე სხვა დიდი თუ პატარა გამოცემები უარს აცხადებდნენ, ამ ინფორმაციის გამოქვეყნებაზე, თუმცა იმის შემდეგ, რაც საქმემ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია, ყველა ამ ამბის შესახებ წერდა. ჟურნალისტი ჰერში პულიცერის პრემიის ლაურეატიც გახდა.

1970 წელს სისხლის სამართლის საქმე 30 ოფიცრის, მათ შორის ერთი გენერლის წინააღმდეგაც აღიძრა, თუმცა ლეიტენანტი კელის გარდა არავინ გაუსამართლებიათ.

სასამართლოზე კელიმ განაცხადა, რომ მას მხოლოდ ერთი დანაშაული ჰქონდა:

"ჩემი ხალხის სიცოცხლეს უფრო მეტად ვაფასებდი, ვიდრე ჩემი მტრების სიცოცხლეს, ეს იყო ჩემი ერთადერთი დანაშაული“. წლების შემდეგ ლეიტენანტმა აღიარა, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე სინდისი აწუხებდა:

"მთელი ამ ხნის განმავლობაში, არ გასულა ერთი დღე სინდისის ქენჯნას რომ არ შევეწუხებინე იმის გამო, რაც ვიეტნამში მოხდა. ძალიან ვწუხვარ, სინდისი მაწუხებს მოკლული ვიეტნამელებისა და მათი ოჯახების გამო“ - განაცხადა 2009 წელს ლეიტენანტმა უილიამ კელიმ. (წყარო)