"კრემლი რუსებს აფრთხილებს" - როგორ ეხმაურება უცხოური მედია რუსეთში მიმდინარე მოვლენებს - კვირის პალიტრა

"კრემლი რუსებს აფრთხილებს" - როგორ ეხმაურება უცხოური მედია რუსეთში მიმდინარე მოვლენებს

"მართლაც არის ალექსი ნავალნი ვლადიმერ პუტინის მმართველობისთვის საშიში?"

დასავლეთის გაზეთები ვრცლად აშუქებენ რუსეთში 23 იანვარს მოწყობილ საპროტესტო აქციებს, რომლებიც ოპოზიციონერ ალექსი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით გაიმართა. წამყვანი გაზეთები ყურადღებას ამახვილებენ მოსკოვში და სხვა ქალაქებში ანტისამთავრობო გამოსვლებისა და დემონსტრაციების უპრეცედენტო მასშტაბებს, მიზეზებს, რომელმაც მოსახლეობა ქუჩაში გამოიყვანა და პოლიციის სიმკაცრეს.

გთავაზობთ ზოგიერთი გაზეთის პუბლიკაციის მოკლე მიმოხილვას:

ბრიტანულ "სანდი თაიმსში" (The Sunday Times) გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში სათაურით - "ნავალნის გაბედული ბრძოლა ჩვენი ბრძოლაც უნდა იყოს", ნათქვამია: "დავინახეთ, თუ როგორ იქცევა ავტოკრატული რეჟიმი, როდესაც ხელისუფლებას კანონიერ შეკითხვებს უსვამენ: ალექსი ნავალნის ათასობით მომხრე გაპროტესტების მომენტში დაიჭირეს, თუმცა მთავრობა ისე იყო შეშინებული, რომ წინა დღეებშიც ბევრი დააკავა"... "ალექსი ნავალნის გამბედაობა სახეზეა. სხვა მის ადგილას რუსეთში აღარ დაბრუნდებოდა, მაგრამ მას არ შეეშინდა", - განაგრძობს ბრიტანული საკვირაო გაზეთი და ასკვნის: "ალექსი ნავალნი დივანზე წამოწოლილი "მებრძოლი" კი არა, იგი ნამდვილი მებრძოლია".

რაც შეეხება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოწინააღმდეგე ვლადიმერ პუტინს, მისი საქმე ისე არ მიდის, როგორც მას სურს. რუსეთის პრეზიდენტი, ალბათ, ნაწყენია, რომ დონალდ ტრამპი თეთრი სახლიდან წავიდა, რადგან იგი რუს ლიდერს იშვიათად თუ აკრიტიკებდა. ამ დროს კი გვახსენდება ჯოზეფ ბაიდენის სიტყვა, რომელიც მან 2011 წელს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ წარმოთქვა: "მე მას თვალებში ჩავხედე და იქ სული ვერ დავინახე". სხვათა შორის, კრემლს ბაიდენისთვის პრეზიდენტად არჩევის მისალოცად ექვსი კვირა დასჭირდა.

"სანდი თაიმსი" მიიჩნევს, რომ კარგია, თუ ვაშინგტონი მოსკოვს მკაცრად მიუდგება. რუსეთის ხელისუფლება საკადრისად ჯერ კიდევ არ დასჯილა საწამლავების გამოყენებისა და დესპოტური რეჟიმებისადმი გაწეული დახმარების გამო. "ასე რომ, უფალი იყოს ალექსი ნავალნისა და მისი თანამოაზრეების შემწე ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაში", - ასკვნის გაზეთი. (წყარო)

-------------

აშშ-ის წამყვან გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსში" (The New York Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით - "ალექსი ნავალნის მომხრეთა საპროტესტო აქციების სახით რუსეთის ხელისუფლება ბოლო წლების ყველაზე ფართოდ გამოხატული დისიდენტობის წინაშე დადგა" (ავტორები - ანტონ ტროიანოვსკი, ენდრიუ კრამერი). პუბლიკაციაში ფართოდ არის ასახული მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში ("ყველაზე შორეულ კუთხეებში") - ვლადივოსტოკში, ირკუტსკში, იაკუტსკში, ხაბაროვსკში განვითარებული მოვლენები. "ეს იყო ბოლო პერიოდის ყველაზე ხალხმრავალი, ანტისამთავრობო აქციები. მიტინგები და მანიფესტაციები მოწმობს, რომ კორუფციისგან ძირგამოთხრილი, რუსეთის პოლიტიკური რეჟიმი, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 20 წელზე მეტია, ხელმძღვანელობს, დაიღალა და დასუსტდა", - ასეა შეფასებული პუბლიკაციაში რუსეთის ხელისუფლება.

"თუ ყურადღებას მივაქცევთ იმ ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, რომ მომიტინგეები წინააღმდეგობას უწევენ პოლიციას, იმ ლოზუნგებს, რომელთა მოთხოვნები საკმაოდ რადიკალურია, შეიძლება დავასკვნათ, რომ მოსახლეობა უფრო გაბედული გახდა", - აღნიშნავენ ავტორები, - "ქუჩებში პოლიციელთა დიდი რაოდენობა იმას მოწმობს, რომ კრემლი ნერვიულობს, ამ დროს კი სახელმწიფოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ყოველნაირად ცდილობენ, რომ ანტისამთავრობო აქციის მნიშვნელობა დააკნინონ და ამით უზენაეს "ღვთაებას" - ვლადიმერ პუტინს ასიამოვნონ".

"მართლაც არის ალექსი ნავალნი ვლადიმერ პუტინის მმართველობისთვის საშიში?", - კითხულობენ სტატიის ავტორები. 2020 წლის ბოლოს "ლავადა-ცენტრის" მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ იმ მომენტში საპრეზიდენტო არჩევნები რომ გამართულიყო, ალექსი ნავალნი ელექტორატის მხოლოდ 2%-ს მიაჩნდა თავის კანდიდატად, ხოლო  ვლადიმერ პუტინი - 55%-ს. "რატომ არის ასეთი შედეგი? აშკარაა, რომ ალექსი ნავალნი ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, რაც კრემლის პოლიტიკის წყალობით ხდება - მთავრობა ცდილობს, ამომრჩევლებს ტვინი დაუბინდოს, რათა მათ ვლადიმერ პუტინის ალტერნატივაზე არც კი იფიქრონ. საერთოდ, ვლადიმერ პუტინი ალექსი ნავალნის ნამდვილად დაამარცხებდა, მაგრამ საქმე ის არის, რომ  არჩევნებში მონაწილეობა ნავალნის აკრძალული აქვს", - აღნიშნულია სტატიაში. და მაინც, გამოკითხვის შედეგებმა ცხადი გახადა, რომ რუსული ოპოზიცია პოპულარულია პროფესიონალებში და საშუალო ფენაში, განსაკუთრებით - მოსკოვში, სადაც მოსახლეობის თითქმის მესამედი ხელისუფლებას მხარს არ უჭერს. (წყარო)

--------------------

ამერიკული "ვაშინგტონ პოსტი" (The Washington Post) სტატიაში - "კრემლი რუსებს აფრთხილებს - ნუ მიიღებთ მონაწილეობას ალექსი ნავალნის მხარდამჭერ აქციებში" (ავტორი - რობინ დიქსონი) ყურადღებას ამახვილებს სოციალურ ქსელებში ახალგაზრდების მიერ გამოხატულ თვალსაზრისზე და კომენტარებზე.

"რუსების იმ თაობას, რომელიც სოციალურ ქსელებში აქტიურად არის ჩართული, არ აწყობს მეთოდები, რომელსაც მთავრობა ოპოზიციონერების დარბევისას მიმართავს", - აღნიშნულია სტატიაში და მოყვანილია რუსი სპორტსმენების ციტატები, მაგალითად, რუსეთის საფეხბურთო ნაკრების ექსკაპიტნის - იგორ დენისოვის განცხადება - "ალექსი ნავალნი უნდა გათავისუფლდეს. მე მას უფრო მეტ პატივს ვცემ" ან ჰოკეის ვარსკვლავის - არტემ პანარინის მოწოდება - "თავისუფლება ნავალნის".

კრემლისთვის უკვე თავის ტკივილად იქცა ცნობილი რუსი ადამიანების პოზიციის ტრანსფორმაცია ალექსი ნავალნის სასარგებლოდ. უფრო მეტიც - არა მარტო ცნობილი ადამიანების, არამედ - ზოგადად ახალგაზრდობის თვალსაზრისის შეცვლა. ამჟამინდელი თაობა უფრო რადიკალურია, ვიდრე - წინა თაობა. ახალგაზრდებს მოდერნიზებულ რუსეთში ცხოვრება უფრო სურთ, ვიდრე ძველმოდურ, ტრადიციულ რუსეთში. ეს თაობა ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის დროს დაიბადა, გაიზარდა და ამდენი წლის შემდეგ ისევ მისი მმართველობის ეპოქაში ცხოვრობს. მათთვის ალექსი ნავალნი (რომელიც არ შეუშინდა პრეზიდენტის მრისხანებას და სამშობლოში დაბრუნდა) უფრო მიმზიდველია, ვიდრე - ვლადიმერ პუტინი (რომელიც ასაკით უფროსი და ძველმოდურია). (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ