"შუბლზე წითელი წერტილით, სარიში გამოწყობილი მებრძოლი გოგო" - ქალი, რომელიც კამალა ჰარისისთვის შთაგონების წყარო გახდა - კვირის პალიტრა

"შუბლზე წითელი წერტილით, სარიში გამოწყობილი მებრძოლი გოგო" - ქალი, რომელიც კამალა ჰარისისთვის შთაგონების წყარო გახდა

წელს ამერიკაში ისტორიულად მნიშვნელოვანი რამ მოხდა: კამალა ჰარისმა კაპიტოლიუმის შენობაში საზეიმოდ დადო ფიცი და ამერიკის პირველი, შავკანიანი და აზიურ-ამერიკული წარმომავლობის ქალი -  ვიცეპრეზიდენტი გახდა. ჯერ კიდევ წლების წინ იმიგრანტების ოჯახიდან დაწყებული ამბავი შტატებში გაგრძელდა, ბევრი სწავლისა და შრომის მიუხედავად, კამალა თავდაპირველად შტატის გენერალური პროკურორი გახდა და ბოლოს, ქვეყანაში მნიშვენლობით მეორე თანამდებობა - ვიცეპრეზიდენტობა შეითავსა.

რთულია, იყო იმიგრანტი შავკანიანი ქალი და ამერიკაში წარმატების მისაღწევად იბრძოლო. კამალამ აქტივისტობიდან ვიცე-პრეზიდენტობამდე უამრავი მარცხი და დისკრიმინაცია გადალახა, იბრძოლა და მიზანსაც მიაღწია. ჰარისი ხშირად ამბობს, რომ წარმატების გზაზე ყოველ წამს მას უკან ოჯახი ედგა და დედას მისთვის გაწეული შრომისთვის დიდ მადლობას უხდის.

"ქალი, რომელიც ყველაზე მეტად არის პასუხისმგებელი ჩემს აქ ყოფნაზე, დედაჩემი შიამალა გოპალან ჰარისია, მადლობა მას ამისთვის", - ინაუგურაციის დღეს კამალამ თავისი გამოსვლისას დედა ასე მოიხსენია.

შიამალა გოპალან ჰარისი მეცნიერი, აქტივისტი ქალი იყო. 19 წლის ასაკში ინდოეთიდან ამერიკაში ჩავიდა და იმხანად ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი პატარა ქალიშვილი ასეთ წარმატებას მიაღწევდა. შიამალამ ოცნების ასასრულებლად ინდოეთი დატოვა.

"მიჭირს იმის წარმოდგენა, რამდენად რთული იქნებოდა მისი მშობლებისთვის, 19 წლის ასაკში სამუდამოდ დამშვიდობებოდნენ თავიანთ შვილს", - ამბობს კამალა.

შიამალას ამერიკაში ჩასვლას საინტერესო დრო დაემთხვა - ქვეყანა სამოქალაქო უფლებების მისაღებად იბრძოდა და სწორედ იმ დროს მოძრაობა პიკს აღწევდა, ხალხი ქუჩაში პოსტერებითა და შეძახილებით ღამეებს ათევდა. ბევრი სხვა უცხოელი სტუდენტის მსგავსად, გოპალანიც ჩაერთო ბრძოლაში, იმისთვის, რომ აშშ და მსოფლიო უკეთესობისკენ შეეცვალა. პატარა კამალა ჰარისი დედასთან ერთად

1961 წელს უნივერსიტეტის კამპუსში შიამალა გოპალანი ერთ გოგონას შეხვდა - მარგოტ დაშიელს, რომელთან ერთადაც ბრძოლა დაიწყო და აღარც დანებებულა.

"მეგობრები აღწერდნენ, რომ დედა, შუბლზე წითელი წერტილით, სარიში გამოწყობილი პატარა, მებრძოლი გოგო იყო. ამბობენ, რომ იგი დღემდე კაშკაშა სტუდენტად ახსოვთ, რადგან ყოველთვის მკაფიო, მკაცრი ხასიათის, ინტელექტუალურად გამორჩეული ყოფილა", - ამბობს კამალა.

მარგოტ დაშიელი იხსენებს, რომ შიამალა თავდაჯერებული იყო, არც ქალთან საუბარს ერიდებოდა, არც მამაკაცთან  და დისკუსიების დროსაც უკან არასდროს იხევდა.

"ჩვენს სოციალურ წრეში მხოლოდ რამდენიმე ქალს ჰქონდა გამარჯვებისა და განვითარების ასეთი ძლიერი სურვილი და იშვიათად თუ ნახავდით ქალს, მამაკაცებთან ასე თავდაჯერებულად ლაპარაკის რომ არ შეშინებოდა", - იხსენებს მარგოტი.

აქტიურმა ცხოვრებამ, გამარჯვებისა და განვითარების სურვილმა შიამალას მომავალი შეცვალა. სწავლის დასრულების შემდეგ იგი ინდოეთში ჩავიდა და მშობლებმა ძალით უცხო მამაკაცზე დანიშნეს, თუმცა ბედი პატარა მებრძოლ ქალბატონს სხვა რამეს უმზადებდა. 1962 წელს შიამალა ამერიკაში შეხვდა დონალდ ჰარისს, რომელიც იამაიკიდან ჩასული სტუდენტი იყო და ბერკლის უნივერსიტეტში ეკონომიკას სწავლობდა. დონალდსა და შიამალას ერთმანეთი შეუყვარდათ. წყვილმა პირველად ერთმანეთი შავკანიანი სტუდენტების შეხვედრაზე ნახა და მათი სიყვარულიც სწორედ იმ პატარა შეკრებით დაიწყო. კამალა ჰარისი დედასთან და დასთან ერთად

"შიამალა დონალდის მშობლებს ძალიან უყვარდათ, მოსწონდათ, როგორ იბრძოდა დედა ამერიკელთა უფლებებისთვის", - ამბობს კამალა ჰარისი ერთ-ერთ ინტერვიუში.

1963 წელს შიამალამ მშობლებს უთხრა, რომ მისთვის არჩეული ბიჭი არ მოსწონდა, დონალდი უყვარდა და თხოვდებოდა. მშობლები ქალიშვილის ქორწილში არ ჩასულან და არც დონალდი მიიღეს ოჯახის წევრად. 25 წლის ასაკში გოპალანმა დოქტორის ხარისხი მიიღო და კამალა გააჩინა, ორი წლის შემდეგ წყვილს მეორე გოგო - მია შეეძინა.

პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში შიამალა და დონალდი კარგად ცხოვრობდნენ, თუმცა შიამალას მშობლები დონალდს მაინც არ აღიარებდნენ. 1966 წელს, ქორწინებიდან 3 წლის შემდეგ, გოპალანის მშობლებმა პირველად ნახეს დონალდი. ერთ-ერთ ინტერვიუში კამალამ ისიც აღნიშნა, რომ ბებია და ბაბუა მამისადმი ცუდ დამოკიდებულებას ბავშვების თანდასწრებით, საჯაროდ გამოხატავდნენ.

ქორწინებიდან 5 წლის შემდეგ გოპალანი და დონალდი ერთმანეთს დაშორდნენ. ბავშვები მამას ხშირად სტუმრობდნენ, თუმცა, უმეტესწილად, მათი გაზრდა შიამალას, მარტოს უწევდა.

2008-2009 წლებში გოპალანს ნაწლავის კიბო დაუდგინდა. კამალამ და მიამ მკურნალობისთვის თანხა არ დაზოგეს, თუმცა 2009 წელს, 70 წლის ასაკში შიამალა გარდაიცვალა. გოპალანმა ძუძუს კიბოს კვლევაში ჰორმონების როლის ბოლომდე გამოკვლევა შეძლო და მეცნიერებას დიდი აღმოჩენის გაცნობის შემდეგ დაემშვიდობა.

სიცოცხლის ბოლო წლებში შიამალა იტალიაში, კანადასა და საფრანგეთში კვლევების ჩასატარებლად ჩადიოდა. მისმა უფროსმა - ჯო გრეიმ აღნიშნა, რომ გოპალანი ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერი იყო და სამეცნიერო კვლევებში ჯოს მისი იმედი ყოველთვის ჰქონდა. როდესაც შიამალას სიმსივნე აღმოაჩნდა, თქვა, რომ ბოლომდე იბრძოლებდა მის დასამარცხებლად. ბოლო წლებში კამალას დამ - მიამ დედას ინდოეთში დაბრუნება შესთავაზა, თუმცა შაიამალას ამერიკის, მეცნიერებისა და ოჯახის დატოვება არ უნდოდა. დიაგნოზის დასმიდან ძალიან მალე შიამალა გარდაიცვალა.

კამალა ჰარისი თითქმის ყოველთვის ლაპარაკობს დედაზე, ქალზე რომელიც სწორედ მისი უფლებებისთვის იბრძოდა. არჩევნების გამარჯვების დღეს, სიტყვით წარდგენისას, კამალამ კვლავ არ დაივიწყა დედა და თავისი წარმატებისთვის მადლობა პირველად მას გადაუხადა.

"დედას ერთი გამონათქვამი ჰქონდა: მეუბნებოდა, კამალა, შეიძლება პირველი იყო, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ დარწმუნდი, რომ არ იქნები უკანასკნელი. შეიძლება მე ამ ოფისში პირველი ქალი ვიყო, მაგრამ ვიცი, რომ არ ვიქნები უკანასკნელი", - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას კამალა ჰარისმა. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)