მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას, თუ რატომ გადაწყვიტა მუსტაფამ ლატიფეს ცოლად მოყვანა - თურქეთის პირველი პრეზიდენტის ოჯახის საიდუმლო - კვირის პალიტრა

მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას, თუ რატომ გადაწყვიტა მუსტაფამ ლატიფეს ცოლად მოყვანა - თურქეთის პირველი პრეზიდენტის ოჯახის საიდუმლო

1921 წლის 15 სექტემბერი. სმირნაში (იზმირში) შემოდგომის საოცრად თბილი დღეებია, მაგრამ - ტრაგიკული მოვლენებით სავსე. ქალაქი, რომელიც საბერძნეთ-თურქეთის ომში ბერძნების მხარეს ერთ-ერთ საკვანძო როლს ასრულებდა, უკვე თურქების ხელშია. უამრავია დაღუპული, იწვის ბერძენთა სახლები, ყველგან ნგრევისა და სიკვდილის კვალი ჩანს...

და ამ დროს თურქეთის არმიის შტაბში, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობაში იყო განთავსებული, მიდის ახალგაზრდა ქალი და მთავარსარდალთან, მარშალ ("გაზი") მუსტაფა ქემალთან შეხვედრას ითხოვს. დაცვა უარზეა, მაგრამ ქალიც დაჟინებულია...

მარშალს მოახსენეს. იგი დაინტერესდა - ვინ უნდა იყოს სმირნაში ისეთი ადამიანი, თანაც ქალი, რომელიც ბედავს და ქვეყნის ყველაზე ცნობილ ადამიანთან შეხვედრა სურს? მუსტაფა ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო. ოთახში შავთვალა ქალიშვილი შედის...

მარშლის კონცეფცია: ქალი მამაკაცის თანასწორია

მუსტაფა ქემალს სურდა, რომ ყველა თურქი ქალი მისი ცოლის - ლატიფეს მსგავსი ყოფილიყო. მუსტაფამ და ლატიფემ მხოლოდ ორი წელი იცხოვრეს ერთად, შემდეგ კი ერთმანეთს დაშორდნენ. თუმცა ეს ვადაც საკმარისი გახდა იმის გასაცნობიერებლად, რომ მარშალი აღარ დაქორწინდებოდა. შეიძლება ითქვას, მუსტაფას ლატიფე არც ჰყვარებია: დაშორების შემდეგ იგი ახლო მეგობრებში ამბობდა, რომ ყოფილი ცოლი ტვინს უბურღავდა შენიშვნებით და რჩევებით. მართლაცდა, როცა ისინი წლების შემდეგ ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ, ერთი სიტყვის თქმაც ვერ მოახერხეს.

არადა, თავდაპირველად მუსტაფა ქემალი ლატიფეში თავისუფალი თურქი ქალის სიმბოლოს ხედავდა - იდეალს, ნიმუშს, ემანსიპირებულს, განათლებულს და მამაკაცის უფლებებთან გათანასწორებულს. ლატიფემ ბრწყინვალე ევროპული განათლება მიიღო, სრულყოფილად ფლობდა მანერებს, გამოირჩეოდა სხარტი გონებით და ფართო ხედვით. ერთი სიტყვით, იგი ნამდვილ ევროპელ ქალს წარმოადგენდა. მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას, თუ რატომ გადაწყვიტა მუსტაფამ ლატიფეს ცოლად მოყვანა. მართლაცდა, მისი ხასიათის და ქცევის სხვა გამოვლინებებს მიმზიდველს ვერ ვუწოდებთ: თანამედროვენი ამბობენ, რომ ლატიფე თავშეუკავებელი, შარიანი და ისტერიკული ქალი იყო. გარდა ამისა, იგი სიმაღლით მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა (მუსტაფასთან შედარებით, ბევრად დაბალი ტანი ჰქონდა).

მაინც რატომ შეახვედრა ბედმა ისინი ერთმანეთს და რატომ შეუღლდნენ სრულიად განსხვავებული ბუნების ადამიანები - სალონიკში დაბადებული 42 წლის მარშალი მუსტაფა ქემალი და 24 წლის ამაყი იურისტი ქალიშვილი ლატიფე უშაკლიგილი სმირნადან?

მუსტაფა ქემალი და ლატიფე: "მხოლოდ შენ ერთს..."

მომავალი "ათა-თურქის" ("თურქთა მამის") მომავალი ცოლი იზმირში დაიბადა, მდიდარი ვაჭრის ოჯახში. მშობლებს სურდათ, რომ მათ ქალიშვილს ცოდნა მიეღო და ამიტომ მისი განათლებისთვის ფული არ ენანებოდათ. ლატიფე უშაკლიგილმა ისწავლა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის უნივერსიტეტებში, ბრწყინვალედ ფლობდა ინგლისურ და ფრანგულ ენებს, ლაპარაკობდა ბერძნულად და გერმანულად. ლატიფე უშაკლიგილი

როცა ოსმალეთის იმპერია პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა და გამარჯვებულმა ანტანტამ მისი ტერიტორიის გადანაწილება დაიწყო, ანატოლიის სიღრმეში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ჩაისახა, რომელსაც გენერალი მუსტაფა ქემალი ხელმძღვანელობდა. ანკარაში ჩამოყალიბდა ახალი თურქეთის მთავრობა, რომლის პრემიერ-მინისტრი გენერალი მუსტაფა ქემალი გახდა... დასუსტებულ თურქეთს საბერძნეთმა თვალი დაადგა: ბერძნებს თურქები თავიანთ ისტორიულ მტრად მიაჩნდათ და ანატოლიის ნახევარკუნძულს ბიზანტიის ტერიტორიად განიხილავდნენ. დაიწყო საბერძნეთ-თურქეთის ომი, რომელშიც თურქეთმა უპირატესობა მოიპოვა: 1921 წლის აგვისტოში, საქარიასთან მომხდარი დიდი ბრძოლების შემდეგ, თურქეთის არმიამ შეტევა სწრაფად განავითარა და სმირნას მიუახლოვდა...

სწორედ ამ პერიოდში ლატიფე ევროპიდან (ნიცადან) სამშობლოში ბრუნდება. 9 სექტემბერს თურქეთის ჯარმა, მარშალ მუსტაფა ქემალის სარდლობით, სმირნა დაიკავა... მუსტაფას სახელი უკვე ყველა თურქმა იცის, იგი სახალხო გმირია, ეროვნული ინტერესების დამცველი: მაღალი, ტანადი, სახის სწორი ნაკვთებით და შეუდარებელი სამხედრო გამართულობით. ბევრი იზმირელი ქალი მას ფარულად შეტრფოდა და მისსახიან მედალიონს ატარებდა. ლატიფეც მოხიბლული იყო მუსტაფას გმირობით...

მარშალთან შეხვედრისას ლატიფე მას სმირნის გარეუბანში, ეგეოსის ზღვის ნაპირზე მდებარე საკუთარ სახლს სთავაზობს რეზიდენციისთვის, სადაც თურქეთის არმიის სამხედრო შტაბიც განთავსდებოდა.

მუსტაფა ქემალი გაკვირვებული იყო მისი თავდაჯერებულობით, დამოუკიდებლობით და იმ სითამამით, რითაც ლატიფე მასთან - თურქეთის აღიარებულ ლიდერთან თანასწორად ლაპარაკობდა. კი, იგი, დღევანდელი გაგებით თუ ვიტყვით, უკომპლექსო იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ქალი "იოლად ხელში ჩასაგდები იქნებოდა". თავად განსაჯეთ: ლატიფემ სახლი კი დაუთმო, მაგრამ იქ მუსტაფასთან ერთად ყოფნაზე უარი განაცხადა. მარშალი მოიხიბლა და თანდათან რწმუნდებოდა: ლატიფე სწორედ ის ღირსეული ქალია, რომელმაც თურქეთის ლიდერის მეუღლის ადგილი უნდა დაიკავოსო.

ევროპული ქორწილი და მილიონიანი მზითვი

1923 წლის 29 იანვარს მუსტაფა ქემალმა და ლატიფე უშაკლიგილმა იქორწინეს. მათი ქორწილი საერო ხასიათის იყო, ევროპული სტილით და ამიტომ ლატიფეს მუსლიმანური თავსაბურავი არ აქვს, იგი თანამედროვედ გამოიყურება. იმდროინდელ თურქეთში მუსლიმანური ტრადიციები იყო გაბატონებული: საქმრო და საპატარძლო ერთმანეთთან არ უნდა მდგარიყვნენ, მაგრამ ისინი ერთად იყვნენ, ერთად ისხდნენ მდიდრულად გაშლილ სუფრასთან, სადაც ერთმანეთს ერთგულება შეჰფიცეს...

ასეთი ქცევა საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება იყო: ლატიფემ ამით მხარი დაუჭირა ქმრის ფილოსოფიურ მსოფლმხედველობას და კონცეფციას ღრმად მუსლიმანური ოსმალეთის იმპერიის ნანგრევებზე თანამედროვე თურქული საერო სახელმწიფოს შექმნის შესახებ.

იმავე წლის 29 ოქტომბერს პარლამენტის დეკლარაციით თურქეთი რესპუბლიკად გამოცხადდა და მუსტაფა ქემალი ქვეყნის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს. თავის მხრივ, ლატიფე, ახალი თურქეთის პირველი ლედი ხდება - ქვეყნის ემანსიპირებული ქალის ერთგვარი ემბლემა...

იზმირიდან აქლემების ქარავანი ანკარაში მიდის, პრეზიდენტის ახალ რეზიდენციაში, ჩანკაიაში, რომელიც სულ მალე პატარძლის ნება-სურვილით მოეწყობა. მისმა მზითვმა იმ დროისთვის მილიონ თურქულ ფუნტს გადააჭარბა, რაც დღევანდელი კურსით მილიონზე მეტ ევროს უდრის. აქლემებზე დატვირთულია სევრის ფაიფურის სერვიზები, ბოჰემიური (ჩეხური) ბროლის ბოკლები, ვერცხლის დანა-ჩანგლები, ხელით მოქარგულ-მოქსოვილი უძვირფასესი მაგიდის გადასაფარებლები, ხალიჩები, ფარდაგები, ავეჯი და უამრავი სხვა რამ. პირადად ლატიფე-ხანუმი აფორმებს ქმრის სამუშაო კაბინეტს, თავისთვის კი უფრო ფართო ოთახს ირჩევს - მეორე სართულზე, პრეზიდენტის კაბინეტის ზემოთ...

ოჯახი, გართობა და სახელმწიფო საქმეები

მაგრამ გათხოვებამ არანაირად არ იმოქმედა მისი ცხოვრების წესზე. ლატიფე-ხანუმი ძველებურად მხიარულად ატარებს დროს თანამშრომლებთან და მეგობრებთან, ძველებურად აზარტულად თამაშობს კარტს, უყვარს ქალების წრეში თავის გამოჩენა... უკვეთავს ტანსაცმელს იმდროინდელი ევროპული ბრენდების შესაბამისად - მისთვის ნაცნობ ლონდონსა და პარიზში. ზოგჯერ ლატიფე თმას შავი ფერის შარფით იკრავს, მის ყურებზე ბრილიანტის საყურეები ირხევა, ხელის თითებზეც ბრილიანტის ბეჭდები აქვს გაკეთებული, მამის ნაჩუქარი. მისი მუსლიმანი მოსამსახურეები გაოცებული და შოკირებულნი არიან.

ცოლი ხშირად დაჰყვება თან თავის ქმარს თურქეთის სხვადასხვა რეგიონში ყოფნის დროს, ცხენზე ჯდომა კარგად იცის, რაც გასაკვირია თურქეთის ქალებისთვის, ქვეყნის კონსერვატორული წრეებისთვის. იგი ჩუმად არ არის - გამოდის კრებებზე, ღონისძიებებზე, ხშირად ქმარსაც არ ეთანხმება, თავისი აზრი აქვს და არ ეშინია, იკამათოს. ჯერ-ჯერობით ქემალს ცოლის ასეთი ქცევა მოსწონს... "აი, ჩვენ ამიერიდან ასე მოვეპყრობით ჩვენს ქალებს", - ამბობს მუსტაფა ქემალი საჯარო შეხვედრების დროს და თავის გვერდით მდგომ ცოლზე მიანიშნებს, რომელიც ან შარვალში არის გამოწყობილი, ანდა კაბა აცვია, მკერდზე ღრმა დეკოლტეთი. მუსტაფა ქემალი ლატიფესთან ერთად

თავის მხრივ, რასაკვირველია, ლატიფეც გრძნობდა, რომ მეუღლე უყვარდა, მაგრამ იგი ვერ ურიგდებოდა ქმრის ცხოვრების წესს, თუმცა აცნობიერებდა, რომ შუახნის მამაკაცის ქცევის შეცვლა უკვე შეუძლებელი იყო. მუსტაფა ქემალს, ქორწინებამდე, რა თქმა უნდა, ქალებთან ჰქონდა ურთიერთობა და არცერთთან რამე ვალდებულება არ აკავშირებდა. დიახ, ამას ცოლი აცნობიერებდა და ბრაზობდა, ქმარზე ზეწოლას ახდენდა, პრეტენზიებს უყენებდა და ითხოვდა, რომ მუსტაფას "გვერდზე სიარული" და ღრეობები შეეწყვიტა. პარალელურად, იგი ცდილობდა საკუთარი შეხედულებით მოეწყო პრეზიდენტის ახალი რეზიდენცია ანკარაში, ცდილობდა, განკარგულებები გაეცა მუსტაფას თანაშემწეებისა და მისი უშიშროების სამსახურის თანამშრომლებისთვის, მათ კი აღიზიანებდა ისიც, რომ ლატიფე ქვეყნის პრეზიდენტს, თურქეთის უდიდეს გმირს, მხოლოდ უბრალო სახელით მოიხსენიებდა...

მოკლედ, თანდათან ლატიფეს ირგვლივ უკმაყოფილოთა რიცხვი მატულობდა. პრეზიდენტის გარემოცვიდან ბევრი ფიქრობდა, რომ პრეზიდენტის ცოლი თავისი სტატუსის მიღმა მოქმედებდა და სახელმწიფო საქმეებში ერეოდა. როგორც ჩანს, ქმარმაც შეატყო, რომ ცოლი ზედმეტებს იღებდა საკუთარ თავზე და ქორწინებიდან წლინახევრის შემდეგ ლატიფეს იშვიათად თუ ვინმე ხედავდა საჯარო-სახელმწიფო ღონისძიებებზე...

როგორც თურქული და უცხოური წყაროები მოწმობენ, მუსტაფა ქემალისა და ლატიფე უშაკლიგილის ცოლ-ქმრობაზე კიდევ ერთმა მოვლენამ მოახდინა გავლენა...

ფიქრიე, ძველი სიყვარული: "ეძებეთ ქალი..."

ლატიფემ არ იცოდა, რომ სანამ მუსტაფა ქემალს შეხვდებოდა, მომავალ პრეზიდენტს რამდენიმე წლის განმავლობაში ახლო ურთიერთობა ჰქონდა ერთ ქალთან, სახელად ფიქრიესთან. იგი მუსტაფამ ჯერ კიდევ სალონიკში გაიცნო, როცა ფიქრიე ათიოდე წლის გოგონა იყო, ლამაზი, ნუშისთვალება, დიდებული თმებით. მოგვიანებით ფიქრიეს ოჯახი საცხოვრებლად კონსტანტინოპოლში (სტამბოლში) გადავიდა და უკვე მომხიბლავი ქალიშვილი იქ მოულოდნელად მუსტაფა ქემალს შეხვდა. მომავალმა პრეზიდენტმა გულწრფელად შეიყვარა ფიქრიე. მუსტაფას დედას - ზუბეიდა ხანუმს მათი ურთიერთობა არ მოსწონდა. ქალ-ვაჟი ერთმანეთს იშვიათად ხედავდა, რადგან ოსმალეთის გენერალური შტაბის აკადემიის კურსდამთავრებული, პოდპოლკოვნიკი მუსტაფა ქემალი ჯერ ბულგარეთში ოსმალეთის საელჩოს სამხედრო ატაშედ დაინიშნა, შემდეგ კი, იმდროინდელი ოსმალეთის თითქმის ყველა ომში მონაწილეობდა - ბალკანეთში, აფრიკაში, პირველ მსოფლიო ომში... მოგვიანებით, როცა მუსტაფა ქემალი ანატოლიაში, ანკარაში ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა, ფიქრიე თავის შეყვარებულთან ჩავიდა და ისინი საკმაო ხანს ერთად ცხოვრობდნენ, დაქორწინდნენ კიდეც მუსლიმანური ტრადიციით. სამწუხაროდ, ფიქრიე ფილტვების ავადმყოფობით (ტუბერკულოზით) დაავადდა და მუსტაფამ იგი სამკურნალოდ ევროპაში გაგზავნა, გერმანიაში, ბავარიის მთებში, მიუნჰენთან ახლოს მდებარე სანატორიუმში. ფიქრიე

როგორღაც ფიქრიემ გაიგო, რომ მუსტაფა და ლატიფე დაქორწინდნენ. მან მიატოვა მიუნჰენი და თურქეთში დაბრუნდა. მუსტაფას, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი აცნობეს. მან თავის პირველ სიყვარულს წერილი (ტელეგრამა) გაუგზავნა და საყვედური უთხრა გერმანიიდან დაბრუნების გამო, მკურნალობის სრული კურსის ჩატარების გარეშე. ასევე სთხოვა, რომ ანკარაში არ გამოჩენილიყო...

მაგრამ ფიქრიემ თავისი გაიტანა: იგი ანკარაში ჩავიდა, მაგრამ პრეზიდენტის სასახლეში დაცვამ არ შეუშვა. სხვადასხვა გადმოცემით, იგი თავის მოკვლას შეეცადა პისტოლეტით, ეტლში... ფიქრიე საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, 1924 წლის 31 მაისს გარდაიცვალა. სხვათა შორის, ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, მისი სიკვდილის მიზეზების გამოძიება 90 წელი გრძელდებოდა და მხოლოდ 2014 წელს შეწყდა, თუმცა სიკვდილის ზუსტი გარემოებები - მკვლელობა იყო მისი სიკვდილი თუ თვითმკვლელობა - მაინც ვერ დაადგინეს.

ფიქრიეს დასაფლავების ადგილი დღემდე უცნობია.

განქორწინება მუსტაფა ქემალთან

მუსტაფა ქემალმა მძიმედ გადაიტანა მომხდარი დრამა: მას ფიქრიე გულწრფელად უყვარდა და გარდაცვალების დღეებში, რომელიღაც მომენტში მას ცოლიც კი უწოდა. ამ ტრაგიკულმა ფაქტმა მის ურთიერთობას ლატიფესთან წერტილი დაუსვა. ლატიფემ ანკარაში თავისი მშობლები მიიწვია და ქმარს დედ-მამის წინაშე განუცხადა: "მე განქორწინება მინდა... რატომ აღარ მიზიარებ შენს აზრებს? უკვე აღმოსავლელი მამაკაცივით მექცევი, საკუთარი საქმეებით ხარ დაკავებული, მე კი სასახლეში ჩამკეტე, თითქოს ჰარამხანაში ვარ".

მოკლედ, ისინი 1925 წლის 5 აგვისტოს განქორწინდნენ. შვილები არ ჰყოლიათ, მაგრამ რამდენიმე ბავშვი იშვილეს, რომელთა აღზრდას მამობილი საკმაო ყურადღებას უთმობდა. მათგან ერთ-ერთმა უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო, მეორემ - ისტორიკოსობა არჩია, ერთი გოგონა კი თურქეთში პირველი მფრინავი ქალი გახდა.

მუსტაფა ქემალი 1938 წლის 10 ნოემბერს გარდაიცვალა ღვიძლის ციროზით, რომელიც, როგორც დადგინდა, ქრონიკული ალკოჰოლიზმით იყო გამოწვეული.

ლატიფე ქმართან დაშორების შემდეგ აღარ გათხოვილა და თავისი სიცოცხლე იზმირსა და სტამბოლში განმარტოებულად გაატარა. იგი 1975 წელს სტამბოლში გარდაიცვალა და მთელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყოფილი ქმრის შესახებ არავისთვის არაფერი უთქვამს.

ლატიფეს დღიურების საიდუმლოება

ცნობილია, რომ ლატიფე უშაკლიგილი დღიურებს წერდა. როგორც ამბობენ, მისი სიკვდილის შემდეგ, 178-გვერდიანი დღიურები თურქეთის ერთ-ერთი ბანკში ინახება და მისი ნახვის უფლება არავის აქვს. იქვე დევს ყოფილი ცოლ-ქმრის 200-მდე წერილიც, რომელსაც ერთმანეთს განქორწინების შემდეგ წერდნენ.

ლატიფეს სიკვდილის შემდეგ თურქეთში ბევრ ჟურნალისტს და მწერალს სურდა მიეღო ლატიფეს დღიურების გამოქვეყნების უფლება მაგრამ - უშედეგოდ. თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2005 წლამდე მათი გამოქვეყნება აიკრძალა. თუმცა, როცა 2005 წელი დადგა, ყოფილი პირველი ლედის ახლობლებმა, ისევ სასამართლოს გადაწყვეტილებით, უარი თქვეს დღიურებისა და წერილების პუბლიკაციაზე.

თუმცა 2006 წელს თვითონ ლატიფე უშაკლიგილის შესახებ ვრცელი ბიოგრაფიული რომანი დაიბეჭდა სახელწოდებით "ლატიფე ხანუმი, ათა-თურქის ცოლი", გაზეთ "ჯუმჰურიეთის" (ქემალისტური პარტიის ორგანოს) ჟურნალისტი ქალის - იპეკ ჩალიშპარის ავტორობით, რომელმაც თურქეთში ფართო პოლემიკა გამოიწვია. წიგნი ევროპულ ენებზეც ითარგმნა.

2018 წელს იპეკ ჩალიშლერმა კიდევ ერთი წიგნი გამოსცა - "მუსტაფა ქემალ ათა-თურქი: მისი ბრძოლა და პირადი ცხოვრება", რომელშიც ლატიფე უშაკლიგილის შესახებ ზოგიერთი ახალი მონაცემია შეტანილი. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ