მკვლელობები, თვალთვალი და მუქარები - როგორ დევნიან ქვეყნების ხელისუფალნი საზღვარგარეთ წასულ თავისივე მოქალაქეებს - კვირის პალიტრა

მკვლელობები, თვალთვალი და მუქარები - როგორ დევნიან ქვეყნების ხელისუფალნი საზღვარგარეთ წასულ თავისივე მოქალაქეებს

მსოფლიოს ათობით ქვეყნის ხელისუფლება, მათ შორის - რუსეთისაც, სისტემატურად იყენებს ძალადობას საზღვარგარეთ წასული თავისი მოქალაქეების მიმართ, იმ მიზნით, რომ მათ ხმა არ ამოიღონ და ჩუმად იყვნენ, - ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის -  "ფრიდომ ჰაუსის" (Freedom House) მოხსენებაში. "ბი-ბი-სი" გთავაზობთ ამ დოკუმენტის მთავარ დებულებებს.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი, პირველ რიგში, დაინტერესებულია იმ იმიგრანტებით, რომლებიც შეიძლება საშიშნი იყვნენ კრემლისთვის, აგრეთვე - ჩეჩნური წარმოშობის პირებით, რომლებიც რამზან კადიროვისთვის გამოწვევას წარმოადგენენ.

2014 წლიდან "ფრიდომ ჰაუსმა", სულ ცოტა, "ტრანსეროვნული რეპრესიების" (ასე უწოდებს მათ აღნიშნული ორგანიზაცია) 608 შემთხვევა დაარეგისტრირა. საქმე ეხება მკვლელობებს, გატაცებებს, თავდასხმებს, დაჭერებს და უკანონო დეპორტაციებს. ბოლო წლებში ასეთი მოქმედებები ჩაიდინა 31-მა სახელმწიფომ მსოფლიოს 79 ქვეყანაში.

"ამ მოქმედებების მასშტაბი და სისასტიკე ხაზს უსვამს იმ საფრთხეს, რომელიც ადამიანების წინაშე მას შემდეგაც კი დგას, როცა ისინი რეპრესიებს გაურბიან და საზღვარგარეთ მიდიან, - ამბობს "ფრიდომ ჰაუსის" პრეზიდენტი მაილ აბრამოვიცი, - ბევრი ჰყვება იმ მუდმივი საშიშროების შესახებ, რომელიც მათ ზღუდავს და პოზიციის თავისუფლად გამოხატვას ხელს უშლის.

"წითელი შეტყობინება" და რუსეთის სხვა ნაბიჯები

"ფრიდომ ჰაუსის" მოხსენებაში ცალკე თავი რუსეთში არსებულ მდგომარეობას ეხება. ორგანიზაციის მოსაზრებით, რუსეთი, სავარაუდოდ, დოკუმენტურად დადასტურებულ 32 "ტრანსეროვნულ რეპრესიაში" არის ბრალდებული, თანაც - 20 ფაქტში დევნის ობიექტად ჩეჩნური წარმოშობის პირები იყვნენ.

მოხსენების ავტორები ფიქრობენ, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ არჩეული "სამიზნეები" შემთხვევითი არ არის: ისინი შეიძლება იყვნენ ის რუსები, რომლებმაც დასავლეთის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობა დაიწყეს ან ადრე რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობდნენ, ან ის ბიზნესმენები, რომლებსაც ურთიერთობა აქვთ სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებთან.

ამის ნათელი მაგალითია რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი თანამშრომლის - ალექსანდრე ლიტვინენკოს მოწამვლის ისტორია, რომელიც დიდ ბრიტანეთში გაიქცა, იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, დაიწყო თანამშრომლობა ადგილობრივ დაზვერვასთან და ბოლოს, 1996 წლის ნოემბერში დაიღუპა - რუსებმა პოლონიუმით მოწამლეს. სკოტლანდ-იარდის მიერ ჩატარებულ გამოძიებაში ნათქვამია, რომ ალექსანდრე ლიტვინენკო კრემლის დავალებით მოწამლა მისმა კოლეგამ - ანდრეი ლუგოვმა. დოკუმენტში, ასევე, მოხსენიებულია მამა-შვილი სკრიპალების "ნოვიჩოკით" მოწამვლის ფაქტიც.

"ფრიდომ ჰაუსის" ექსპერტებმა ინტერპოლის სტატისტიკა გამოიკვლიეს და გაარკვიეს, რომ რუსეთი აქტიურად სარგებლობს ინტერპოლის ინსტრუმენტებით, რათა მისთვის საჭირო ადამიანებს მიწვდეს. "ინტერპოლის" მიერ საჯაროდ გავრცელებულ "წითელ შეტყობინებათა" 38%-ს საფუძვლად სწორედ რუსეთის შეკითხვა უდევს (შედარებისთვის: აშშ-ის შეკითხვა - 4,3%, ჩინეთის - 0,5%). "წითელი შეტყობინება" ნიშნავს რომელიმე ქვეყნის მოთხოვნას ინტერპოლისთვის - მოძებნონ ეჭვმიტანილი ან დამნაშავე, რათა იგი იოლად გადასცენ სახელმწიფოს.

"ცნობილია რამდენიმე შემთხვევა, როცა რუსები, რომლებმაც თავშესაფარი სხვა ქვეყნებში მიიღეს, რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე ინტერპოლმა დააკავა", - ნათქვამია მოხსენებაში.

ეხება მხოლოდ ჩეჩნებს...

მოხსენების ავტორების თქმით, გარდა ინტერპოლთან დაკავშირებული პრობლემებისა, საზღვარგარეთ გაქცეული რუსები "მშობლიური" სპეცსამსახურების დევნას გრძნობენ, მათ წინააღმდეგ, ასევე, ჰაკერული თავდასხმებიც მიმდინარეობს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსგავსი ნაბიჯები "რბილი ძალის" გამოყენებასთან ერთად ხორციელდება - მაგალითად, საზღვარგარეთ არსებული რუსული ცენტრების გააქტიურება - საეკლესიო, რუსულენოვანი მასმედიისა და კულტურის სფეროს დაწესებულებების მიერ, თუმცა რუსეთი არ ცდილობს, რომ მსგავსი მეთოდებით მთელი რუსული დიასპორა გააკონტროლოს. ეს გამოწვეულია იმით, რომ რუსეთის მთავრობა აგდებით უყურებს საზღვარგარეთ მოქმედ რუსული პოლიტიკური ოპოზიციის შესაძლებლობას.

მაგრამ ეს მიდგომა ჩეჩნური წარმოშობის პირებზე არ ვრცელდება. ევროპაში თავშესაფრის ძიების მიზნით, ათობით ათასმა ჩეჩენმა დატოვა რუსეთის ტერიტორია. მათი ნაამბობით, ფარდა ეხდება წამების, არაადამიანური მოქცევის, უკანონოდ დაკავებისა და მკვლელობის ფაქტებს არა მარტო ჩეჩნეთის ტერიტორიაზე, არამედ - უცხოეთის ქვეყნებში გაქცევის შემდეგაც.

მაგალითად, ტიპური შემთხვევაა ის, რაც ჩეჩენ მაჰომედ გადაევს გადახდა: როცა იგი ჩეჩნეთიდან ევროპაში გაიქცა, მას და მის ნათესავებს ტელეფონით ემუქრებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ვერსად ვერ დაგვემალებით, თქვენი ავტომანქანის ნომრებიც კი ვიცითო". ასევე, მუქარის ზარები იყო თუმსო აბდურახმანოვის მიმართაც, რომელიც თავის მასალებში ჩეჩნეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს. 2020 წელს მის ბინაში უცნობი პირი შეიპარა და თუმსო აბდურახმანოვს თავში ჩაქუჩი ჩაარტყა. მართალია, მსხვერპლი გადარჩა, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებას არავითარი რეაგირება არ მოუხდენია.

2019 წლის აგვისტოში ბერლინში ჩეჩენი საველე მეთაური ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. დააკავეს ეჭვმიტანილი, რომელიც რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა. ამჟამად მისი სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. ტერორისტის მიერ მოკლულ ზელიმხან ხანგოშვილისა და სხვების გამო ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა უცხოეთი დაადანაშაულა: "ისინი მათ თვითონ დახოცეს, რადგან აღარ ესაჭიროებოდათ. ეს მათი შიდა გარჩევებია და ჩვენ არ გვეხება. ზელიმხან ხანგოშვილი ჩვენთან დიდი ხანია, არ ცხოვრობს და თუ არ ვცდები, იგი საქართველოს მოქალაქეა".

ასეთმა სიტუაციამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ევროპა სულ უფრო ხშირად ეწინააღმდეგება ჩეჩნებისთვის თავშესაფრის მიცემას და ამ მოქმედებას ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების მოტივით ამართლებს. ბოლო დროს ევროპის ქვეყნებში მიგრანტებისადმი დამოკიდებულება გამკაცრდა - ხშირად აკავებენ და მათ დეპორტაციას ახდენენ, მაგალითად, საფრანგეთსა და გერმანიაშიც კი, სადაც ადრე მიგრანტებისადმი უფრო ლოიალურ პოზიციას ამჟღავნებდნენ.

ჩეჩენთის საქმეების მცოდნე ჟურნალისტი ელენე მილაშინა სიტუაციას პარადოქსულს უწოდებს: მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ევროპული ქვეყანა აღიარებს ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს, ისინი სწორედ ჩეჩნეთიდან გამოქცეულებს ეუბნებიან უარს თავშესაფრის მიცემაზე.

რამზან კადიროვს ჩეჩნეთის ტელევიზიითაც არა ერთხელ გამოუთქვამს ღიად თავისი აზრი ამ საკითხზე. კერძოდ, მან საზღვარგარეთ წასულების მისამართით განაცხადა, რომ "ისინი საკუთარ თავს აზარალებენ. ათი წლის შემდეგ, როცა მოჭკვიანდებით ან მშობლები გეტყვიან, დროა სახლში მოხვიდეთო, თქვენ ვერსადაც ვერ წახვალთ. იცით, რომ სწორედ მაშინ მოგკითხავთ პასუხს თქვენ მიერ ნათქვამ ყოველ სიტყვაზე. მე ზეპირად ვიცი ყველა ის საიტი, რომლებზეც თქვენ წერთ... ის სოციალური ქსელები, სადაც თქვენ ხართ - "ფეისბუქი", "ტვიტერი", "ინსტაგრამი"... თქვენ მიერ ნათქვამი სიტყვა ჩვენთან რეგისტრირებულია და კონტროლზეა აყვანილი".

გამოირჩევიან განსაკუთრებული გაქანებით...

"ფრიდომ ჰაუსი" არა მარტო დევნის შემთხვევების რეგისტრირებას და მათ დოკუმენტირებას ახდენს, არამედ - ცდილობს ისიც განმარტოს, თუ რომელი ინსტრუმენტებით სარგებლობს ესა თუ ის ქვეყანა. ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია ოჯახის წევრებზე ზეწოლის განხორციელება. არასასურველი აზრების მქონე ადამიანი რომ გააჩუმონ, ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ემუქრებიან სამშობლოში დარჩენილ მათ ნათესავებს. ასევე, სახელმწიფოს სპეცსამსახურები ცდილობენ, აკონტროლონ მათთვის მიუღებელი ადამიანის გადაადგილება და ამ მიზნით პასპორტებს უუქმებენ. ბოლო წლებში პოპულარულ მეთოდად იქცა პირადი ანგარიშების გატეხვაც, ჯაშუშური "სოფტების" (მოსასმენი აპარატურის) დაყენება პერსონალურ ნოუთბუქებსა და ტელეფონებში, ასევე, პიროვნების დამამცირებელი კამპანიის გაჩაღება ინტერნეტში. მართალია, ასეთი კამპანია ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ საკმაოდ კარგად მუშაობს მის გასაჩუმებლად.

სხვათა შორის, ეგრეთ წოდებული "ტრანსეროვნული რეპრესიები" ხშირად გამოიხატება ორი სახელმწიფოს თანამშრომლობაში, რასაც, არცთუ იშვიათად ვხვდებით დეპორტაციების დროს. "ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლებას, რომელიც მეორის ოფიციალურ მოთხოვნას დაეთანხმება, შეუძლია ადამიანის დეპორტაცია მის სამშობლოში მოახდინოს. ხდება ისეც, რომ მსხვერპლი უკანონოდ გადაჰყავთ ერთი ქვეყნიდან მეორე სახელმწიფოში სამართლებრივი ნორმების დარღვევით", - ნათქვამია მოხსენებაში.

"ტრანსეროვნული რეპრესიების" თავიდან აცილება იმ მეთოდების შესწავლით შეიძლება განხორციელდეს, რომელთა დახმარებითაც ერთი სახელმწიფო მეორე სახელმწიფოს მიგრაციული სისტემით მანიპულირებს. რამდენადაც დემოკრატიული ქვეყნების მიგრაციული სისტემები სულ უფრო მეტად ზრუნავენ ეროვნულ უსაფრთხოებაზე, ავტორიტარული სახელმწიფოები ამ მოვლენაში თავიანთ საზღვრებს მიღმა სიტუაციის გაკონტროლების შესაძლებლობას ხედავენ. მაგალითად, მათ შეუძლიათ საზღვარგარეთ წასული ადამიანი ტერორიზმში დაადანაშაულონ", - განმარტავს ნეით შენკანი, "ფრიდომ ჰაუსის" დირექტორი სტრატეგიული კვლევების სფეროში. იგი ასახელებს იმ ქვეყნებს, რომლებიც პირველ რიგში სარგებლობენ ამგვარი მეთოდებით. "ესენია - რუსეთი, ჩინეთი, საუდის არაბეთი, რუანდა, ირანი, თურქეთი... ეს ქვეყნები ძალიან დიდი გაქანებით და სისასტიკით გამოირჩევიან თავიანთ მოქმედებებში", - მიაჩნია ნეით შენკანს. რუსეთის ხელისუფლება ამგვარ ბრალდებებს უარყოფს. რუსეთი თანმიმდევრობით აცხადებს, რომ არანაირი კავშირი არ აქვს თავისი მოქალაქეების დევნის, თავდასხმების და მკვლელობების იმ შემთხვევებთან, რომელიც მის საზღვრებს მიღმა ხდება. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ