"ბაშარ ასადი გეგმა В-ს, ანუ ცოლის გაპრეზიდენტების მცდელობის კრახის გამო, გეგმა С-ზე გადადის" - კვირის პალიტრა

"ბაშარ ასადი გეგმა В-ს, ანუ ცოლის გაპრეზიდენტების მცდელობის კრახის გამო, გეგმა С-ზე გადადის"

არაბთა გაერთიანებული საემიროების ტელეარხ "ალ-არაბიას" (Al Arabiya) ეთერში გადაიცა ინტერვიუ სირიელ ჟურნალისტთან და პოლიტოლოგთან აბდელ ნურთან, რომელიც აშშ-ში, ვაშინგტონში ცხოვრობს. მან ისაუბრა სირიის პერსპექტივაზე, არჩევნების სავარაუდო კანდიდატების ირგვლივ არსებულ გეგმებზე, ბაშარ ასადისა და მისი ცოლის ბედზე...

გთავაზობთ ინტერვიუს ტექსტური ვერსიის შინაარსს, რომელიც ტელეარხის ვებ-საიტზე გამოქვეყნდა სათაურით - "ბაშარ ასადი გეგმა В-ს ანუ ცოლის გაპრეზიდენტების მცდელობის კრახის გამო, გეგმა С-ზე გადადის".

სირიაში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების კვალობაზე, რომელიც, სავარაუდოდ, აპრილში ან მაისში უნდა გაიმართოს, სულ უფრო მეტი ხმა ვრცელდება მოქმედი პრეზიდენტის - ბაშარ ასადის სამომავლო ბედზე. გეგმა А-ს თანახმად, მას შეეძლო დაეყენებინა საკუთარი კანდიდატურა, მაგრამ მისი საყოველთაო მიუღებლობის გამო, იძულებული გახდა, ალერნატივა მოეძებნა. გეგმა В-ს მიხედვით, ბაშარ ასადის ადგილი მის ცოლს - ასმას უნდა დაეკავებინა, მაგრამ აშშ-ის მიერ გამოცხადებულმა სანქციებმა იგი წინასაარჩევნო რბოლის ბორტმიღმა გადააგდო.

ჟურნალისტის თქმით, მესამე სცენარი ანუ გეგმა С გულისხმობს, რომ ისეთი ადამიანი უნდა იპოვონ სუნიტური უმრავლესობიდან, რომელიც ბაშარ ასადის ადგილს დაიკავებს. მან არა მარტო ლოიალურობა უნდა გამოავლინოს დღევანდელი პრეზიდენტის რეჟიმის მიმართ, არამედ სამხედრო ელიტასაც უნდა მიეკუთვნებოდეს - უნდა იყოს ყოფილი ოფიცერი ან ბრიგადის გენერალი. გარდა ამისა, მისი სახელი არ უნდა უკავშირდებოდეს იმ სამხედრო დანაშაულობებს, რომელშიც ბაშარ ასადის არმიას ბრალი მიუძღვის.

ინტერვიუში აბდელ ნური, ეყრდნობა რა საკუთარ წყაროებს დამასკოში, ამბობს, რომ გეგმა С-ს მიხედვით, გამორიცხული არ არის, პრეზიდენტობის კანდიდატი სამოქალაქო პირიც კი იყოს: "ასეთი ადამიანი შერჩეული იქნება სირიის ბიზნესმენთა წრიდან და იგი მისაღები ფიგურა გახდება მსოფლიოს საზოგადოებისთვის, არ დაუკავშირდება მკვლელობებს და ექნება კარგი რეპუტაცია".

პოლიტოლოგის აზრით, სირიის ლიდერი იძულებული გახდა გეგმა С-სთვის დაეჭირა მხარი, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობა თავიდანვე იყო გეგმა А-ს წინააღმდეგი (ბაშარ ასადის დარჩენა პრეზიდენტად), ხოლო გეგმა В-ს ამერიკელებმა ვეტო დაადეს (ასმა ასადს სანქციები გამოუცხადეს). ამრიგად, გეგმა С სირიის რეჟიმისთვის გარდაუვალია.

თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ბაშარ ასადი, თუმდაც იგი გეგმა С-ს განხორციელებას დათანხმდეს, მაინც იქნება ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველი, ხოლო ის, ვინც მას შეცვლის, მხოლოდ ერთგვარი საფარველის როლს შეასრულებს, რათა თავიდან აიცილოს საერთაშორისო ზეწოლა და სანქციები.

"დღეს ბაშარ ასადი ცუდ დღეშია, რადგან იგი მრავალი თვის განმავლობაში მხოლოდ გეგმა В-ს განხორციელებაზე მუშაობდა, ახლა კი მას იმედები გაუცრუვდა. გეგმა С-ის მიხედვით, კანდიდატს მსოფლიოს საზოგადოება უნდა იცნობდეს, მას სირიელებიც პატივს უნდა სცემდნენ და ბოლოს - იგი აბსოლუტურად ლოიალური უნდა იყოს ბაშარ ასადის რეჟიმისადმი... მაგრამ ასეთი ადამიანის მოძებნა თითქმის შეუძლებელია", - ამბობს აბდელ ნური ინტერვიუში. მისი თქმით, თვითონ ბაშარ ასადს პრეზიდენტის პოსტიდან წასვლა არ სურს, ამიტომ იგი გეგმების ასეთ ვარიანტებს ქმნის. "20 წლის განმავლობაში იგი იმდენად მიეჩვია პოლიტიკოსობას, რომ წასვლა აღარ უნდა, მაგრამ იძულებული ხდება პოსტიდან წავიდეს", - ხაზს უსვამს პოლიტოლოგი. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ