"ეს იმის მაგალითია, თუ როგორ უნდა მოვეპყროთ ისტორიულ ხსოვნას" - რას წერს ცნობილი ჩეხი მწერალი გორში მდებარე სტალინის მუზეუმზე - კვირის პალიტრა

"ეს იმის მაგალითია, თუ როგორ უნდა მოვეპყროთ ისტორიულ ხსოვნას" - რას წერს ცნობილი ჩეხი მწერალი გორში მდებარე სტალინის მუზეუმზე

აშშ-ის ერთ-ერთ გამოცემაში - Counterpunch-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "სტალინის მუზეუმი ანუ ისტორიული ხსოვნისადმი დამოკიდებულების ნიმუში", სადაც გადმოცემულია წარმოშობით შეხი მწერლის მონიკა ზგუსტოვას გორში, იოსებ სტალინის მუზეუმის დათვალიერების შემდეგ მიღებული შთაბეჭდილებები.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

როგორც ავტორი აღნიშნავს, კორონავირუსის პანდემიის დაწყების წინ იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად მიიწვიეს. "ვისარგებლე რა გამოსასვლელი დღით, გადავწყვიტე გორში წავსულიყავი და იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმი მენახა. ავტომაგისტრალი კავკასიის დიადი მთების თოვლით დაფარული მწვერვალების პარალელურად გადის. იქვეა "სამხრეთ ოსეთიც" - ტერიტორია, რომელიც 2008 წლის ომის დროს რუსეთმა საქართველოსგან მიიტაცა და ახლა დე-ფაქტო ანკლავს წარმოადგენს. "სამხრეთ ოსეთს" რუსეთის ჯარები იცავენ და ამით ჩრდილოელი მეზობელი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს", - წერს სტატიის ავტორი.

მონიკა ზგუსტოვას აზრით, გორი საკმაოდ "მოწყენილი" ქალაქის შთაბეჭდილებას ტოვებს: "50-ათასიან ქალაქში შენობების დიდი ნაწილი დროისგან ფერდაკარგულია, ქუჩები ფაქტობრივად ცარიელია და ქარი ნაგავს ფანტავს. მუზეუმის შენობამ გარეგნულად ბერძნულ-რომაული სტილით ნაგები ტაძარი მომაგონა, იქვე მდგარ ხის ქოხთან კი, სადაც დაიბადა იოსებ ჯუღაშვილი, მოგვიანებით სტალინად წოდებული, რამდენიმე დამთვალიერებელი შევნიშნე", - აღნიშნავს ავტორი და "მომავალი საბჭოთა დიქტატორის" ბავშვობის მძიმე წლებზე ლაპარაკობს.

"ვაგონის დათვალიერების შემდეგ უკვე თვითონ შენობაში შევდივარ. წითელხალიჩიანი კიბის ზემოთ იოსებ სტალინის ოთხმეტრიანი ქანდაკებაა აღმართული. კიბე აშკარად ასრულებს თავის ფუნქციას: მუზეუმის დამთვალიერებელს აღუძრავს შეგრძნებას, რომ იგი ტაძარში შედის, ღმერთთან თაყვანისცემისთვის. მუზეუმის დიდი ნაწილი ეთმობა ახალგაზრდა მეამბოხის ცხოვრებას, რომელიც მარქსისტ-რევოლუციონერად იქცა და ბოლშევიკურ პარტიას ფინანსებით უზრუნველყოფდა - ბანკებზე თავდასხმითა და ძარცვით. ძალიან გამიკვირდა, რომ სტალინის ერთი ფოტოსურათიც კი ვერ ვნახე, სადაც ეს უკანასკნელი ნორმალურად გაღიმებული იქნებოდა. ზოგჯერ იგი მხოლოდ გრიმასებს თუ აკეთებს. თუმცა რა გასაკვირია - ტირანები ხომ არ იღიმიან, თითქოსდა ღიმილი სისუსტის ნიშანია".

სტატიის ავტორი მუზეუმის დათვალიერების შემდეგ თავდაპირველ შთაბეჭდილებას იცვლის და აღნიშნავს, რომ "მასში თავმოყრილი მასალები არც აქებს და არც აკრიტიკებს სტალინს - უბრალოდ, მნახველს იწვევს, რომ მან საკუთარი აზრი ჩამოიყალიბოს".

"გორში არსებული სტალინის მუზეუმი იმის მაგალითია, თუ როგორ უნდა მოვეპყროთ ისტორიულ ხსოვნას. მე ვესაუბრე დირექტორს, რომელიც მომიყვა: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებას უნდა გადაეწყვიტა, რა უნდა ექნა მუზეუმისთვის - დაენგრიათ ისე, როგორც ეს ბერლინში მოხდა (სადაც გერმანიის გაერთიანების შემდეგ გდრ-ის პარლამენტი გაანადგურეს) თუ შეენერჩუნებინათ? და თუ შეინარჩუნებდნენ, რა უნდა დაეტოვებინათ შენობაში? გადაწყდა, რომ მუზეუმი დაეტოვებინათ და მასში ის ექსპონატები ეჩვენებინათ, რომელიც სტალინისადმი ყოფილ საბჭოთა კავშირში არსებულ დამოკიდებულებას აჩვენებდა. იმავდროულად, თბილისში ისეთი მუზეუმიც გაიხსნა, რომელშიც სტალინიზმის ეპოქის დროს მომხდარი რეპრესიების დამადასტურებელი დოკუმენტებია გამოფენილი", - აღნიშნავს ავტორი. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ