რის გამო გააძევა გერმანიამ, პოლონეთმა და შვედეთმა რუსეთის 3 დიპლომატი? - კვირის პალიტრა

რის გამო გააძევა გერმანიამ, პოლონეთმა და შვედეთმა რუსეთის 3 დიპლომატი?

გერმანია, პოლონეთი და შვედეთი თითო რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილების შესახებ იუწყებიან. მათი ინფორმაციით, ეს საპასუხო ნაბიჯია რამდენიმე დღის წინ რუსეთის მიერ სამი ევროპელი დიპლომატის გაძევებაზე, რომლებიც რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ.

გადაწყვეტილების შესახებ სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განცხადება სინქრონულად გაავრცელეს.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ან ლინდეს განცხადებით, სტოკჰოლმში რუსეთის ელჩს შეატყობინეს თხოვნა, შვედეთი დაატოვებინოს რუსეთის საელჩოს ერთ თანამშრომელს.

ანალოგიური გადაწყვეტილების შესახებ განაცხადეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც რუსეთიდან მათი დიპლომატის გაძევებას უსაფუძვლო უწოდეს და განაცხადეს, რომ ის ვენის კონვენციის შესაბამისად, ასრულებდა თავის მოვალეობას და თვალყურს ადევნებდა რუსეთში მიმდინარე მოვლენებს კანონიერი საშუალებებით.

პოლონეთის საგარეო უწყებაში კი განაცხადეს, რომ გერმანიასთან და შვედეთთან კოორდინირებულად, რუს დიპლომატს, პოზნანში მდებარე რუსეთის საკონსულოს თანამშრომელს აცხადებს პერსონა ნონ გრატად.

რუსეთმა სამი ევროპელი დიპლომატი 5 თებერვალს გააძევა, როდესაც საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეფ ბორელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ხვდებოდა.

"ინტერპრესიუსი"