"რადგან მოსკოვს ვენდეთ და რუსული რაკეტები ვიყიდეთ, მოდი, ახლა ვაქცინაც ვიყიდოთ" - რას წერს თურქული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"რადგან მოსკოვს ვენდეთ და რუსული რაკეტები ვიყიდეთ, მოდი, ახლა ვაქცინაც ვიყიდოთ" - რას წერს თურქული გამოცემა?

თურქული პრესა მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს მოსახლეობის ჯანდაცვის საკითხს, განსაკუთრებით კი - კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართულ პროფილაქტიკურ ზომებს, აცრების ჩატარებას, ანტიკოვიდური ვაქცინების შეძენას და ა.შ.

გაზეთ "ჰაბერთურქში" (Habertürk) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "რადგან მოსკოვს ვენდეთ და რუსული რაკეტები ვიყიდეთ, მოდი, ახლა ვაქცინაც ვიყიდოთ", რომელშიც რუსული ანტიკოვიდური ვაქცინისადმი დამოკიდებულებაა გადმოცემული (ავტორი - სერდარ თურგუთი, პოლიტოლოგი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

"რუსული ვაქცინის "სპუტნიკი-V"-ის (Спутник-V) შესახებ ბევრი რამ თქმულა, იმის გამო, რომ მისი შექმნის პროცესი გაუმჭვირვალე და გასაიდუმლოებული იყო -  რუსეთის ხელისუფლება მაინცდამაინც არ იყო მოწადინებული, სხვებისთვის გაეზიარებინა ვაქცინის შემუშავების პროცესი, თანაც, ქვეყანა ავტორიტარიზმით გამოირჩევა, რამაც რუსული ვაქცინის მიმართ გარკვეული უნდობლობის ატმოსფეროც შექმნა.

პირველი განმარტება არავინ დაიჯერა, ახლა კი...

პირველი სამეცნიერო მონაცემები, რომ ვაქცინა "სპუტნიკი-V" ნამდვილად ეფექტიანია, გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდა.

ეს განმარტებები თავად ვაქცინის მწარმოებელმა - პროფესორ ნიკოლაი გამალეის სახ. ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ცენტრმა და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა გააკეთეს და, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი სამეცნიერო მონაცემებს ეყრდნობოდა, ეს განმარტებები საზოგადოებისთვის მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი.

სიტუაცია შეიცვალა 2021 წლის 2 თებერვლიდან, როდესაც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სამედიცინო ჟურნალ "ლანცეტში" (Lancet) გამოქვეყნდა სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსული ვაქცინა "სპუტნიკი-V" უსაფრთხო და ეფექტიანია".

ჟურნალის სტატიის მიხედვით, ვაქცინის ეფექტიანობამ, რომელიც კვლევის მესამე ფაზით დადგინდა, 91,6%-ს მიაღწია და, რაც მნიშვნელოვანია - "სპუტნიკი-V" ეფექტიანია ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის.

"ლანცეტში" პუბლიკაციის შემდეგ ამერიკულმა გაზეთმა "ნიუ-იორკ თაიმსმა" რუბრიკით - "თვალსაზრისი" დაბეჭდა სტატია სათაურით - "დროა, ვენდოთ რუსულ და ჩინურ ვაქცინებს", სადაც ნათქვამია, რომ რუსეთსა და ჩინეთში შექმნილი ვაქცინებისადმი გლობალური კულტურულ-იდეოლოგიური უნდობლობაა ჩამოყალიბებული, მაგრამ მეცნიერული კვლევების დამაჯერებელი შედეგებით, დროა, უკვე ამ ვაქცინების სიკეთით დასავლურმა სამყარომაც ისარგებლოს. სერდარ თურგუთი

საჭიროა სწრაფად ვიმოქმედოთ...

ბოლო დროს გავრცელებული ხმებით, გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთი, რომლებიც სიძნელეებს განიცდიან ვაქცინის განაწილების საკითხში, განიხილავენ რუსული და ჩინური ვაქცინის გამოყენების შესაძლებლობას.

უფრო მეტიც - ამტკიცებენ იმასაც, რომ "სპუტნიკი-V"-ის ერთი დოზის ღირებულება 10 დოლარს შეადგენს, რაც მის შეძენას უპირატესობას ანიჭებს.

ამ ყველაფერს რომ ვაკვირდები, ვფიქრობ: "ჩვენ ვდაობთ იმაზე, რომ ჩინური ვაქცინა საკმარისი რაოდენობით მივიღეთ თუ არა, ვდაობთ, დროულად ავიცრებით თუ არა და, საერთოდ, საჭიროა თუ არა აცრა. მიჩნდება კითხვა: რატომ არ ვცდილობთ რუსეთში ვაქცინის შეძენას? ზოგი ამბობს, რომ შეიძლება არ მოგვყიდონო. მე კი მიმაჩნია, რომ თუ C-400-ის რაკეტების ყიდვაზე არ გვქონია სიძნელეები, რატომ უნდა გვქონდეს ვაქცინის შეძენაზე?

რადგან რუსულმა ვაქცინამ მეცნიერულ დონეზე უსაფრთხოების გამოცდა უკვე ჩააბარა, ვფიქრობ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ და "სპუტნიკი-V"-ის საჭირო რაოდენობა თურქეთში შემოვიტანოთ.

ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რომ სხვებმა არ დაგვასწრონ: გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა უკვე განაცხადა, რომ ბერლინი მოსკოვური ვაქცინის შესყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. სხვათა შორის, გერმანიას იგივე გეგმები აქვს ჩინურ ვაქცინასთან მიმართებითაც.

ასი მილიონი დოზა...

რუსეთმა გამოაცხადა, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ევროკავშირს ვაქცინის 100 მილიონ დოზას მიაწვდის. ამრიგად, უკვე დაიწყო გლობალური შეჯიბრი რუსული ვაქცინის დაუფლებაზე. თუ თურქეთი ჭკვიანურად იმოქმედებს და რუსულ ვაქცინას შეიძენს, თავისი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას უფრო უკეთ უზრუნველყოფს. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ