"კარგი ის არის, რომ ახლახან ავიცერი, ცუდი ის, რომ 75 წლის ვარ" - რას ჰყვებიან ცნობილი ადამიანები, რომელთაც კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთეს - კვირის პალიტრა

"კარგი ის არის, რომ ახლახან ავიცერი, ცუდი ის, რომ 75 წლის ვარ" - რას ჰყვებიან ცნობილი ადამიანები, რომელთაც კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთეს

"ეს არის ჩემი სინათლე გვირაბის ბოლოს"

ახალ კორონავირუსს მსოფლიო უკვე ერთ წელზე მეტია, ებრძვის და, საბედნიეროდ, რიგ ქვეყნებში კორონავირუსის დასამარცხებლად მასშტაბური ვაქცინაცია დაიწყო. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსთან საბრძოლველი ვაქცინა 110 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა, მათ შორის ბევრი მსახიობი, მომღერალი თუ პოლიტიკოსი აღმოჩნდა. ცნობილი ადამიანები ვაქცინის გაკეთებაზე სოციალურ სივცეში ბევრს წერენ, საზოგადოებას ამხნევებენ და ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებენ. ევროპასა და ამერიკაში პატარა კამპანია დაიწყო, თითქოს ამით ვაქცინა გაკეთებული ადამიანები  საზოგადოებას თავიანთ, ჯაჭვურად წამოწყებულ კამპანიაში იწვევენ და პანდემიის დასრულებას ერთიანი ძალებით ცდილობენ. ნახეთ, რას წერენ ცნობილი ადამიანები ვაქცინაზე:

82 წლის ბრიტანელი მსახიობი იენ მაკ-კელენი ახლახან აიცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით და სოციალურ ქსელში თავის გულშემატკივრებს გამამხნევებელი ტექსტით მიმართა.

"იღბლიანი ვარ, რომ კორონავირუსის ვაქცინა მერგო, არც კი დავფიქრდები ისე ვურჩევ ყველას, სასწრაფოდ გაიკეთონ ის. ვღელავდი, თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაირა", - წერს იენ მაკ-კელენი "თვითერზე".

უმშვენიერესმა ბრიტანელმა მსახიობმა, 88 წლის ჯოან კოლინსმაც სულ ახლახან მიიღო ვაქცინა, ზედმეტი ფიქრის გარეშე რიგში ჩადგა, თავისი წილი ვაქცინის დოზა გაიკეთა და საზოგადოებას დამამშვიდებელი ტექსტით მიმართა.

"დღეს დილით ავიცერი, ოდნავ ჩხვლეტა ვიგრძენი და სულ ეგ იყო, არანაირი გვერდითი ეფექტი არ მაქვს, თავს მშვენივრად გვრძნობ, სახლში ვარ და ვისვენებ", - დაწერა ჯოან კოლინსმა.

კომედიური ჟანრის გენიალური მსახიობი სტივ მარტინიც იმ იღბლიანთა სიაში აღმოჩნდა, რომელსაც ვაქცინის გაკეთების "რიგმა" მოუწია. 75 წლის მსახიობმა სოციალურ ქსელ "თვითერში" საზოგადოებას სიახლის შესახებ ასე ამცნო:

"ორი ამბავი მაქვს: კარგი და ცუდი. კარგი ის არის, რომ ახლახან ავიცერი, ცუდი ის, რომ 75 წლის ვარ. მადლობა ყველას, სამედიცინო პერსონალს და მთელ ქვეყანას, მადლობა მეცნიერებას ვაქცინისთვის", - დაწერა სტივმა "თვითერზე".

ასაკიდან გამომდინარე, კორონავირუსის ვაქცინა მოუწია მომღერალ ლორეტა ლინს, ტონი ბენეტს, ბროდვეის ლეგენდას ჯოელ გრეისა და პატრიკ სტიუარტს. მსახიობები, მომღერლები და სხვა ცნობადი სახეები ვაქცინის შესახებ სოციალურ ქსელში ყოველდღე წერენ. ჰოლივუდი სიახლეს არ უშინდება.

ავსტრიელ-ამერიკელმა მსახიობმა არნოლდ შვარცნეგერმა პირდაპირ მანქანაში გაიკეთა “Covid-19“-ის ვაქცინა და ეს ბედნიერი დღე თავის გულშემატკივრებსა და ამერიკელ საზოგადოებას ახარა.

"დღეს კარგი დღე იყო, ასეთი ბედნიერი არასდროს დავლოდებივარ ჩემს რიგს. თუ შესაძლებლობა გაქვს და შენი დროც მოდის, შემომიერთდი და შენი წილი ვაქცინა მიიღე. გამომყევი, თუ გინდა რომ იცოცხლო", - წერს შვარცნეგერი სოციალურ ქსელში.

ამერიკელი მსახიობი ენტონი ჰოპკინზი უკვე 84 წლის არის. მსახიობმა ახლახან გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და აცრა გვირაბის ბოლოს სინათლეს შეადარა.

"მადლობელი ვარ ყველასი, ეს არის ჩემი სინათლე გვირაბის ბოლოს, ერთწლიანი თვითიზოლაციისა და კარანტინის შემდეგ ვაქცინა ნამდვილად სინათლეა", - წერს ჰოპკინზი.

ჰოლივუდი რომ "აიცრა", უკვე ცხადია, თუმცა საინტერესოა, რომ ვაქცინაზე ცუდს არავინ წერს, საზოგადოება სიხარულით იღებს ახალ გამოწვევას და პანდემიის დასრულების სურვილით აცრაზე უარს არავინ ამბობს. მსახიობებისა და მომღერლების გარდა, სოციალურ ქსელში ამ ამბავს პოლიტიკოსები, სპორტსმენები და ჟურნალისტებიც ეხმაურებიან.

ვაქცინა გაიკეთა ამერიკელმა პოლიტიკოსმა და განმანათლებელმა ალექსანდრია ოკასიო-კორტესმა და საზოგადოებას მოუწოდა, რომ ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, მისთვის მიემართათ.

"თუ რამე შეკითხვა გექნებათ ვაქცინასთან დაკავშირებით, მე აქ ვარ. არასდროს მითქვამს თქვენთვის, ისეთი რამ გაგეკეთებინათ, რასაც თვითონ არ გავაკეთებდი. ვაქცინაცია დაიწყო, მე ჩემი ვალი მოვიხადე და ახლა მზად ვარ თქვენს შეკითხვებსაც ვუპასუხო", - წერს პოლიტიკოსი.

არც ამერიკელი ბიზნესმენი და ფილანტროპი, Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი დარჩა ვაქცინის გარეშე, მანაც დაუფიქრებლად გადადგა ეს ნაბიჯი.

"65 წლის ვარ. ჩემი ასაკის ერთ-ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ ვაქცინა მივიღე, პირველი დოზა უკვე გავიკეთე, თავს მშვენივრად ვგრძნობ, მადლობა ყველას, ვისაც ვაქცინის შექმნაში წვლილი მიგიძღვით", - წერს ბილ გეიტსი.

ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ბაიდენის შემდეგ ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისიც ჩადგა რიგში და ამერიკის პოლიტიკოსთა უმეტესობამ უკვე როგორც პირველი, ასევე - მეორე დოზა ვაქცინა მიიღო.

74 წლის ფეხბურთელმა და მსახიობმა ო. ჯეი სიმპსონმა ვაქცინა გასროლას შეადარა. მან სოციალურ ქსელში თავისი გულშემატკივრები გამოიწვია, ვაქცინის გაკეთება საზოგადოებას ამცნო და ორი დღის შემდეგ ისიც დაწერა, რომ თავს მშვენივრად გრძნობდა.

"მე ჩემი წილი "ტყვია" მივიღე, ახლა შენი დროა", - დაწერა ფეხბურთელმა.

რამდენიმე კვირის წინ "ნასას" ყოფილი ასტრონავტი და ამერიკელი პოლკოვნიკი, 91 წლის ბაზ ოლდრინი თავის დაბადების დღეზე ვაქცინის გასაკეთებლად წავიდა და სხვების მსგავსად ხალხს ამ ჯაჭვში ჩაბმისკენ მოუწოდა.

"ჩემი წილი ვაქცინა მივიღე, მადლობა სამედიცინო პერსონალს, ქვეყანას და მეცნიერებს, ვინც ვაქცინის შექმნაზე იმუშავა. ყველას მოგიწოდებთ, რაც შეიძლება მალე აიცრათ, იმისთვის, რომ ჩვენი ნორმალური ცხოვრება მალევე დავიბრუნოთ", - წერს ბაზი სოციალურ ქსელში.

ამერიკული ტელეარხის - “სი-ბი-ესის“ კორესპონდენტმა დენ რათერმა ვაქცინა გაიკეთა და საზოგადოებას ყველა დეტალზე ნათლად ესაუბრა. მან ვაქცინის გაკეთების პროცესი, გვერდითი ეფექტები და მომდევნო დღის განცდები სრულიად ამერიკას გაუზიარა.

"ვაქცინა გავიკეთე, მადლობა ფრონტის წინა ხაზზე მდგომ ექიმებსა და მეცნიერებს. დღეიდან აღარაფერი დამაბრკოლებს", - წერს დენი. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)