"კოვიდ 19-ის წარმოშობის შესახებ ყველა ჰიპოთეზა ჯერჯერობით ღიად რჩება" - კვირის პალიტრა

"კოვიდ 19-ის წარმოშობის შესახებ ყველა ჰიპოთეზა ჯერჯერობით ღიად რჩება"

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰამონ გებრეისუსი აცხადებს, რომ კოვიდ 19-ის წარმოშობის შესახებ ყველა ვარაუდი ჯერჯერობით ღიად რჩება.

"წამოიჭრა კითხვები, მოხდა თუ არა ზოგიერთ ჰიპოთეზაზე უარის თქმა. გუნდის ზოგიერთ წევრთან საუბრის შემდეგ, მინდა დავადასტურო, რომ ყველა ჰიპოთეზა ღიად რჩება და საჭიროებს შემდგომ ანალიზსა და შესწავლას. ზოგიერთი სამუშაო, შესაძლოა ჩვენი ჯგუფის მისიის ფარგლებს გარეთ იყოს", - განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

მისი განმარტებით, ჩინეთში ჩატარებული მოკვლევისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვეს.

"ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს მისია ყველა კითხვაზე პასუხს ვერ ნახავდა. თუმცა მან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა, რაც კოვიდ 19-ის ვირუსის წარმოშობის ახსნასთან გვაახლოებს,"- განაცხადა ტედროს ადჰამონ გებრეისუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების გუნდმა, რომელიც მიმდინარე კვირაში ჩინეთს სტუმრობდა, განაცხადა, რომ ვირუსის ლაბორატორიიდან გავრცელების საკითხს აღარ გადახედავდნენ, ვინაიდან ეს ძალიან ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნდათ. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მისიის დასკვნებს განიხილავდა.

ჯანმო-ს ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მათი მთავარი ჰიპოთეზა ვირუსის ღამურაში წარმოშობაა, თუმცა არსებობს რამდენიმე სცენარი იმის შესახებ, თუ როგორ გადავიდა იგი ადამიანზე. მათი განმარტები, შესაძლოა ვირუსი ღამურადან ცხოველის სხვა სახეობაზე, შემდეგ კი ადამიანზე გადავიდა.

"ინტერპრესნიუსი"