"კაბინეტში პუტინის მამის პორტრეტსაც ნახავთ, რომელიც..." - რაზე მიგვანიშნებენ მსოფლიოს ლიდერების კაბინეტებში არსებული ხელოვნების ნიმუშები - კვირის პალიტრა

"კაბინეტში პუტინის მამის პორტრეტსაც ნახავთ, რომელიც..." - რაზე მიგვანიშნებენ მსოფლიოს ლიდერების კაბინეტებში არსებული ხელოვნების ნიმუშები

პოლიტიკური ამბები სხვადასხვა ეპოქაში ყოველთვის განსხვავებულად გამოიხატებოდა, მათ შორის - ხელოვნების ნიმუშებში. დღეს წამყვანი პოლიტიკური ფიგურების კაბინეტებში უამრავი საინტერესო ხელოვნების ნიმუშია, რომელიც მათ პოლიტიკურ შეხედულებებსა და იდეოლოგიას გამოხატავს.

"პოლიტიკოსების რომელ თვისებებზე და მსოფლიოში მიმდინარე რომელ მოვლენებზე საუბრობენ ჯო ბაიდენის განახლებულ კაბინეტში თუ სხვა პოლიტიკური ლიდერების კაბინეტებში მოთავსებული ნახატები?" - ამ შინაარსის სათაურით გამოაქვეყნა სტატია ცნობილმა გერმანულმა გამოცემამ Frankfurter Allgemeine Zeitung-მა.

"ამერიკის პოლიტიკამ ჰიპერიკონოგრაფიის ეპოქაში შეაბიჯა: მაგალითად, სხვადასხვა გამოცემაში დაისვა კითხვა, რას ნიშნავდა ფაქტი, როცა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ინაუგურაციის დროს ცნობილი მოდელიერის - რალფ ლორენის პიჯაკი ჩაიცვა და რატომ არ მიანიჭა უპირატესობა ახალგაზრდა დიზაინერებს? რას ნიშნავდა ოვალურ კაბინეტში ოქროსფერი ხალიჩის ლურჯი ფერის ხალიჩით შეცვლა? მთავარია, ყველა იმ ნივთის მოშორება რაც ტრამპს მოსწონდა, თუ ამ ცვლილებას აქვს კიდევ რამე სხვა მიზეზი?"

"ყოველ შემთხვევაში იმის თქმა დანამდვილებით შეიძლება, რომ ჯო ბაიდენის კაბინეტში განთავსებული ხელოვნების ნიმუშები სხვადასხვა მესიჯს გადმოსცემს.

ამერიკის პრეზიდენტის კაბინეტში განთავსებულია ფერადკანიანი უფლებადამცველი ქალის - როზა პარქსის ბიუსტი, რაც მოძრაობა Black Lives Matter-ის მხარდაჭერას გულისხმობს. მექსიკელი ლიდერის სესარ ჩავესის ბიუსტი ახალ საემიგრაციო პოლიტიკას მიუთითებს. აპაჩის სკულპტურა "უძველესი ამერიკელების" ბედზე მეტყველებს. ჯო ბაიდენის ინაუგურაციისას ღონისძიება ცნობილი ამერიკელი მხატვრის, რობერტ დანკანსონის ტილოს - "პეიზაჟი ცისარტყელით" ფონზე მიმდინარეობდა. ეს ნახატი დანკანსონმა 1859 წელს დახატა და იგი ყველაზე ცნობილი ფერადკანიანი ამერიკელი ფერმწერი გახდა. ნახატი სამოქალაქო ომამდე დაიხატა და იმედს გამოხატავდა. მაგრამ, რას ნიშნავს კიდევ ერთი ფერმწერის - ფრედერიკ ჩაილდ ჰასემის ნახატი "ავენიუ წვიმაში"? - სწორედ ამ ნახატის საშუალებით ფერმწერი ამერიკელებს ომის დაწყებისკენ მოუწოდებდა."

"შესაძლოა, ჰასემის ნახატი უამრავი დროშით, ტრამპის ამომრჩევლებისადმი ერთგვარი დათმობის გამომხატველიც იყოს. დონალდ ტრამპის ამომრჩეველთა ნაწილი რადიკალიზმით გამოირჩევა და კაპიტოლიუმში შეჭრაც სცადეს, ბაიდენმა ამ ამომრჩევლებსაც უნდა შესთავაზოს ალტერნატიული გზა".

ჩინეთის პრეზიდენტის - სი ძინპინის კაბინეტში ჩინეთის დიდი კედლის ნახატია მოთავსებული. იაპონიასთან ომის შემდეგ ჩინეთმა, რომელიც XIX საუკუნის მიწურულს ევროპული გაერთიანებების დამცირების ობიექტი გახდა, საზოგადოებას თავი დამოუკიდებელ ერად გააცნო. ამ დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო სწორედ ჩინეთის დიდი კედელი გახლდათ. ეს ნახატი კი სი ძინპინის პოლიტიკური პროგრამის გამოხატულებაა, რაც "ჩინელი ერის აღორძინებას" გულისხმობს".

"2006 წელს, მაშინ, როცა ანგელა მერკელი კანცლერის თანამდებობის შესრულებას შეუდგა, კაბინეტში კედლიდან ჩამოახსნევინა გერჰარდ შრედერის საყვარელი ტილო, რომელიც გერმანელი მხატვრისა და სკულპტორის - გეორგ ბაზელიცის შემოქმედება გახლდათ. მან კაბინეტში ოსკარ კოკოშკინის კონრად ადენაუერის პორტრეტი და საყვარელი მხატვრის, ემილია ნოლდეს ნამუშევრები განათავსა. 15 წლის შემდეგ ის ადგილი, სადაც ემილია ნოლდეს ორი რეპროდუქცია იყო მოთავსებული და რომლის ცქერითაც კანცლერი ტკბებოდა, დღეს უკვე თავისუფალია და მხოლოდ თეთრი კედელია დარჩენილი. 2019 წელს მერკელმა ნახატები პრუსიული კულტურული მემკვიდრეობის ფონდს დაუბრუნა. როგორც ცნობილია, მხატვარი ანტისემიტი და რასისტი გახლდათ.

"კანცლერი მივიდა დასკვნამდე, რომ სანამ მას თეთრი კედელი მოსწონს, ახალი ნახატების გარეშე, ყველაფერი შეიძლება ისე დარჩეს, როგორც არის", - განაცხადა 2019 წელს მთავრობის წარმომადგენელმა. შეიძლება ითქვას, რომ ვიდრე ანგელა მერკელის კაბინეტის კედელი თავისუფალია, იგი არაფრის სიმბოლოა.

როგორც ცნობილია, ემანუელ მაკრონის ინიციატივით, გერმანელმა მხატვარმა ანსელმ კიფელმა პანთეონი გააფორმა. მის ნამუშევრებში ომი და სიძლიერე ბუნების სხვადასხვა მისტიკური ძალის ფორმითაა გადმოცემული.

"ბევრი ხე და ცოტა ოქრო, რომლისგანაც ორთავიანი არწივია ჩამოსხმული, მაგრამ არც ერთი ნახატი - ასე გამოიყურება ვლადიმერ პუტინის კაბინეტი. "აქ საბუთებთან ვმუშაობ", - განაცხადა ერთხელ პუტინმა ინტერვიუში.

რა შეიძლება პუტინის კაბინეტში ვნახოთ?

ტყავის დივნის ზემოთ უფლის ხატია დაბრძანებული. კაბინეტში პუტინის მამის პორტრეტსაც ნახავთ, რომელიც სამხედრო მეზღვაურის ფორმაშია. რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელის მამასაც ვლადიმერი ერქვა, ის სევასტოპოლში მსახურობდა. ომის დროს დაიჭრა, თუმცა გადარჩა, რათა შემდეგ ლენინგრადი დაეცვა. პუტინისთვის, მისი ოჯახის ისტორია - ეს არის რუსეთის ისტორია; გამარჯვებულთა, გმირთა და დიდების ისტორიაა. მაგრამ რას ასახავს იესო ქრისტე? როგორ ეხამება ის კომუნიზმს? პუტინის რუსეთში ეს თავსებადია, რადგან იესო არა მხოლოდ რუსეთის სიძლიერის, არამედ - ძველი ქრისტიანულ-ფეოდალური მეფის რუსეთის სიმბოლოცაა", - ნათქვამია გერმანულ გამოცემაში.

"თურქეთის პრეზიდენტის კაბინეტში მუსტაფა ქემალ ათათურქის პორტრეტია. ათათურქს სურდა, თურქეთი განვითარებული, თანამედროვე და დასავლური იდეების ქვეყანა ყოფილიყო, თუმცა იმ კაბინეტში, სადაც ახლა მისი პორტრეტია, ოსმანების დინასტიის აღდგენის იდეით შეპყრობილი პოლიტიკოსი ზის, რომელმაც აია სოფიის ტაძარი ისევ მეჩეთად აქცია", - წერს Frankfurter Allgemeine Zeitung-ი. (წყარო)