სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ნიკოლ ფაშინიანის გადადგმას ითხოვს, ის კი ამას სამხედრო გადატრიალების მცდელობად აფასებს - კვირის პალიტრა

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ნიკოლ ფაშინიანის გადადგმას ითხოვს, ის კი ამას სამხედრო გადატრიალების მცდელობად აფასებს

სომხეთის სამხედრო მაღალჩინოსნები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი კაბინეტის გადადგომას ითხოვენ.

სომხური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 25 თებერვალს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც გამოხატულია მწვავე უკმაყოფილება ნიკოლ ფაშინიანის მიერ გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის ტირან ხაჩარიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ გენერალური შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და 30-ზე მეტი სამხედრო მეთაური, ნათქვამია, რომ "პრემიერ - მინისტრს და მთავრობას აღარ შეუძლიათ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება".

"დიდი ხნის განმავლობაში სომხეთის შეიარაღებული ძალები მოთმინებით იტანდა შეიარაღებული ძალების ცილისწამების მიზნით მოქმედი მთავრობის შეტევებს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი,"- ნათქვამია განცხადებაში.

სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, მთავრობის არაეფექტურმა ადმინისტრაციამ და სერიოზულმა შეცდომებმა საგარეო პოლიტიკაში ქვეყანა განადგურების პირას მიიყვანა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გენერალური შტაბის განცხადებას სამხედრო გადატრიალების მცდელობად აფასებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Armenpress-ი ავრცელებს.

"გენერალური შტაბის განცხადებას სამხედრო გადატრიალების მცდელობად ვთვლი. ყველა ჩვენს მომხრეს რესპუბლიკის მოედანზე ვიწვევ. მალე მივმართავ ერს პირდაპირ ეთერში ", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.