"CIA-ის ახალი ხელმძღვანელი ჩინეთსა და რუსეთს მიხედავს" - რას წერს ცნობილი ამერიკული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"CIA-ის ახალი ხელმძღვანელი ჩინეთსა და რუსეთს მიხედავს" - რას წერს ცნობილი ამერიკული გამოცემა?

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია ბი-ბი-სის რუსული სამსახური (BBC Russian) თავის ვებგვერდზე აქვეყნებს აშშ-ისა და ბრიტანული პრესის ზოგიერთი მასალის მიმოხილვას, რომლებშიც საუბარია როგორც ვაშინგტონის სამომავლო პოლიტიკის შესახებ რუსეთისა და ჩინეთის მიმართ, აგრეთვე - რუსეთის "რბილი ძალის" - ვაქცინაციის გამოყენებაზე მოსკოვის პოლიტიკაში.

გაზეთი "ნიუ-იორკ თაიმსი" (The New York Times) სტატიაში "ცეერუს"-ის ახალი ხელმძღვანელი ჩინეთს და რუსეთს მიხედავს", წერს, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორობის კანდიდატმა უილიამ ბერნსმა სენატში მიმდინარე მოსმენებზე პირობა დადო, რომ გააუმჯობესებდა ჩინეთზე დაკვირვებას და სენატს "არაპოლიტიზებულ და ობიექტურ სადაზვერვო მონაცემებს" მიაწოდებდა. გარდა ამისა, უილიამ ბერნსმა სენატორები გააფრთხილა, რომ რუსეთს დიდი შესაძლებლობები აქვს ამერიკის საქმეებში ჩაერიოს.

"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ძლიერი სახელმწიფოს სტატუსი დაკარგა, მოსკოვს დამანგრეველი ძალა შენარჩუნებული აქვს და მას შეუძლია, შეერთებულ შტატებს უსიამოვნებანი მიაყენოს", - განაცხადა CIA-ის დირექტორობის კანდიდატმა.

არავისთვის არაა გასაკვირი, რომ უილიამ ბერნსი, რომელიც [2005-2008 წლებში] რუსეთში აშშ-ის ელჩად მუშაობდა, ღრმად განსწავლული ადამიანია და კარგად იცნობს როგორც რუსეთის სახელმწიფოს, ასევე, მის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. მას არა ერთხელ აღუნიშნავს, რომ მართალია, მოსკოვის გავლენა საერთაშორისო არენაზე მცირდება, მაგრამ კრემლს ჯერ კიდევ აქვს ბერკეტები, რომელთა დახმარებით პრობლემების შექმნა შეუძლია. ერთ-ერთ ასეთ ბერკეტს კიბერშეტევები წარმოადგენს. გავიხსენოთ თუნდაც კიბერთავდასხმა ამერიკულ კომპანია Solarwinds-ზე, როცა რუსმა ჰაკერებმა შეძლეს და ცხრა ფედერალური სააგენტოს საიდუმლო მონაცემებს დაუფლნენ.

"ვლადიმერ პუტინის რუსეთი აგრძელებს იმის დემონსტრირებას, რომ სახელმწიფოებს, რომლებიც თანდათან სუსტდებიან, მაინც შეუძლიათ თავიანთი დამანგრეველი ძალის გამოვლენა და ამისთვის ასიმეტრიულ მეთოდებს იყენებენ, განსაკუთრებით - კიბერშეტევებს, - ხაზი გაუსვა უილიამ ბერნსმა, - "ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ასეთი მოქმედება სათანადოდ არ შევაფასოთ". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ