"კავკასიური გარიგება და ურთიერთგაგება: პუტინისა და ერდოღანის მკაცრი ძალის ძმობა" - რას წერს ცნობილი ბრიტანული გამოცემა - კვირის პალიტრა

"კავკასიური გარიგება და ურთიერთგაგება: პუტინისა და ერდოღანის მკაცრი ძალის ძმობა" - რას წერს ცნობილი ბრიტანული გამოცემა

ცნობილ ბრიტანულ ჟურნალ "ეკონომისტში" (The Economist) გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით - "ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის მკაცრი ძალის ძმობა", რომელშიც რუსეთისა და თურქეთის ლიდერების ურთიერთდამოკიდებულებაა გაანალიზებული. გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

კრემლი, ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი - ნატო და ევროკავშირი, ერთმანეთთან დაპირისპირებულები არიან. კრემლი ნატოს ვლადიმერ პუტინის დამხობის მცდელობას აბრალებს და აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის უპირველესი ოპონენტი - ალექსი ნავალნი ამერიკის აგენტს წარმოადგენს. მაგრამ არის ნატოს წევრი ერთი ქვეყანა, რომლითაც ვლადიმერ პუტინი კმაყოფილია: ეს ქვეყანა თურქეთია. მის პრეზიდენტს - რეჯეფ ერდოღანს ერთი სასაყვედურო სიტყვაც არ უთქვამს თავისი რუსი კოლეგისთვის - არც ალექსი ნავალნის და არც ათასობით რუსი მოქალაქის დაპატიმრების გამო.

თურქეთის პრეზიდენტის დუმილი მოწმობს, რომ არსებობს ორ ავტორიტარულ ლიდერს შორის შექმნილი საოცარი ალიანსი. ერთი შეხედვით, ასეთი ურთიერთობა წარმოუდგენელი უნდა იყოს იმ ორი, ისტორიულად დაპირისპირებული ქვეყნისთვის, რომელსაც დღესაც ბევრი პრობლემა აქვს ერთმანეთთან და ზოგჯერ ძალისმიერ მეთოდებსაც კი იყენებს. ფაქტია, რომ მოსკოვისა და ანკარის ინტერესები ერთმანეთს ბევრ ადგილზე ეჯახება, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ამ ორი ლიდერის ტანდემი დასავლეთს მაინც უსიამოვნო პრობლემებს უქმნის.

წარსულის მუქი ჩრდილები ქრებიან...

რუსეთს და თურქეთს ერთმანეთთან წარსულში ათზე მეტი ომი ჰქონდათ, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მომხდარი რევოლუციების შედეგად ტრანსფორმირებულ ამ ორ იმპერიას შორის სისხლისმღვრელი კონფლიქტები თითქმის შეწყდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათი მიზნები არსად იკვეთება - მაგალითად, სირიაში, ლიბიაში... სექტემბერში თურქეთისა და რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს შეეჯახნენ თითქმის საკუთარ საზღვრებთან - სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც რუსეთი თავის "უკანა ეზოდ" მიიჩნევს.

მიუხედავად იმისა, რომ თურქული წარმოების აზერბაიჯანის დრონები შეუბრალებლად ანადგურებდა რუსეთის მოკავშირე სომხეთის ქვედანაყოფებს და სამხედრო ტექნიკას, ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ ერდოღანი შეაქო და თქვა, რომ ის ისეთი ადამიანია, ვისთანაც საქმის გაკეთება შეიძლებაო. "ასეთ პარტნიორთან ყოფნა სასიამოვნოა, მასთან მუშაობა საიმედოა", - ხაზი გაუსვა რუსეთის პრეზიდენტმა "ვალდაის" სადისკუსიო კლუბის სხდომაზე გამოსვლისას, გასული წლის ოქტომბერში. თავის მხრივ, რეჯეფ ერდოღანმა მადლობა გადაუხადა ვლადიმერ პუტინს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის - C-400-ის მიწოდებისა და გამოცდის გამო.

კავკასიური გარიგება

პუტინ-ერდოღანის ბოლოდროინდელ ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამხრეთკავკასიურ გარიგებას, რომლის თანახმად, რუსეთმა მიიღო მთიან ყარაბაღში სამხედრო ქვედანაყოფების დისლოცირების უფლება, ხოლო თურქეთმა - სამხრეთ კავკასიის გადაქცევა თავის ეკონომიკურ საყრდენ პუნქტად. ზოგადად, ეს გარიგება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გადანაწილებას წარმოადგენს ცივი ომის შემდგომ, რომლის დროსაც რუსეთი და თურქეთი გამმიჯნავი ხაზების სხვადასხვა მხარეს იდგნენ. ეს გარიგება, ასევე, წარმოადგენს ხისტი ძალის გამოყენების ფორმას (მეთოდს) მრავალპოლარული მსოფლიოს რეალობაში. ორივე ლიდერი აცნობიერებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ძალთა ბალანსს კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ - მზადყოფნას ძალის გამოყენების მიზნით, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

სტატიაში საკმაოდ ფართოდ არის განხილული რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა 1920-იანი წლების დასაწყისიდან, როცა მოსკოვისა და ანკარის ხელისუფლების ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა დასავლეთთან მიმართებით, მუსტაფა ქემალისა და ვლადიმერ ლენინის დიპლომატიის გატარების დროს. "რუსი ბოლშევიკები თურქ ქემალისტებს გარეშე მტრების მოგერიებაში ეხმარებოდნენ, სამაგიეროდ, თურქეთი დათანხმდა რუსეთის ხელში ყოფილიყო სამხრეთ კავკასია და კასპიის ნავთობი, რაც 1921 წელს დადებული გარიგებით განმტკიცდა - გაირკვა თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი მიჯნები და განისაზღვრა თურქეთის ინტერესების "წითელი ხაზი" რეგიონში".

ურთიერთგაგება

პუბლიკაციაში დიდი ადგილი ეთმობა რუსეთ-თურქეთის ურთიერთდამოკიდებულებას სირიისა და ლიბიის საკითხებში, ასევე, იმ ინციდენტებს, რომელიც სამხედრო მოქმედებების დროს ხდებოდა (მაგალითად, ავიაგამანადგურებლის ჩამოგდებასთან დაკავშირებით), რის შემდეგაც რუსეთმა თურქეთს ეკონომიკური სანქციები გამოუცხადა, თუმცა მოგვიანებით კავშირები ისევ განახლდა. ბოლო წლებში რუსეთ-თურქეთის საგარეო ვაჭრობის მოცულობა განუხრელად მატულობს, ეს ეხება ტურიზმის სფეროსაც (პანდემიის გათვალისწინებით).

"2016 წლიდან რეჯეფ ერდოღანი იმდენჯერ შეხვდა პირადად ვლადიმერ პუტინს, რამდენჯერაც არც ერთ სხვა ლიდერს არ შეხვედრია. რუსეთი თურქეთისთვის ოპონენტიდან ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად გადაიქცა. იმავდროულად, მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ თურქეთს სირიაში თავისი ოპერაციების განხორციელება მხოლოდ რუსეთის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია", - ნათქვამია სტატიაში.

"საინტერესოა ერდოღან-პუტინის სინქრონული მოქმედება სხვადასხვა პრობლემის მოგვარების დროს. რასაკვირველია, ზოგჯერ ხდება ინციდენტები, თუმცა ორივე მხარე ცდილობს, ურთიერთდათმობის პოლიტიკით მათი კომპენსირება მოახდინოს. მაგალითად, ერთი წლის წინ რუსეთის ავიაცია სირიის ასადისტურ არმიას დაეხმარა და თურქეთის სამხედრო ბადრაგი დაბომბა, დაიღუპა 40-მდე თურქი ჯარისკაცი. ანკარამ ძალიან კარგად იცოდა დამბომბავის ვინაობა, მაგრამ რუსეთი კი არ დაადანაშაულა, არამედ - ბაშარ ასადის რეჟიმი. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა მოქნილობა გამოამჟღავნა იმ დროს, როცა თურქულმა დრონებმა სირიის არმიის ქვედანაყოფებს დაარტყეს, რუსული ავიაცია კი ჰაერში არ აფრენილა და მიწაზე დარჩა.

"ვლადიმერ პუტინისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია ნატოს სამხრეთი ფლანგის დასუსტება თურქეთთან პარტნიორობით, ვიდრე - სირიის ლიდერისთვის დახმარების გაწევა", - ნათქვამია სტატიაში. იმავე მოტივით აიხსნება რუსეთის ერთგვარი დათმობა თურქეთისადმი სამხრეთ კავკასიაშიც.

"ეკონომისტის" აზრით, ვლადიმერ-პუტინსა და რეჯეფ ერდოღანს ერთმანეთთან ბევრი რამ აკავშირებთ: მოსკოვიც და ანკარაც იმედგაცრუებულნი არიან ევროკავშირით. თურქეთი თითქმის 60 წელია, "ევროპაში ჩაწერას" ცდილობს, მაგრამ - უშედეგოდ. ანკარა მიიჩნევს, რომ იმდენად დიდია ევროპის ნეგატიური დამოკიდებულება მუსლიმანური თურქეთის მიმართ, რომ ქვეყანა დემოკრატიულიც რომ გახდეს, ევროკავშირში მას მაინც არ მიიღებენ. ორივე ლიდერს ავტოკრატიული თვისებები ახასიათებს; ორივეს ნოსტალგია აქვს წარსული იმპერიული სახელმწიფოებისადმი. ვლადიმერ პუტინი საკუთარ თავს რუსული სამყაროს ლიდერად, პატრიოტად წარმოაჩენს, რომელიც საბჭოურ იმპერიის აღდგენას ცდილობს და ამ მიზნით ომს იწყებს საქართველოსთან და უკრაინასთან. რუსი პრეზიდენტი ცდილობს, სადავეებით ჰქონდეს დაჭერილი ის ქვეყნებიც, რომლებსაც თავის კლიენტებად მიიჩნევს (ბელარუსი, სომხეთი)... რეჯეფ ერდოღანიც ცდილობს, რომ თავისი ქვეყნის ოსმალური წარსული აგრესიული საგარეო პოლიტიკის გასატარებლად გამოიყენოს - ხან საბერძნეთის წინააღმდეგ, ხან კი კვიპროსისა და საფრანგეთის მიმართ, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ აკვატორიაში. თურქეთის პრეზიდენტს საკუთარი თავი ისლამური სამყაროს ხმად მიაჩნია.

რეჯეფ ერდოღანი - ვლადიმერ პუტინის მოწაფე

საინტერესოა, რომ რეჯეფ ერდოღანს ვლადიმერ პუტინთან განსაზღვრული სახის პირადი ურთიერთობები ჩამოუყალიბდა, რომლის მსგავსი არც ერთ დასავლელ ლიდერთან არ აქვს. "ორივე მბრძანებლური ხასიათის მქონე პოლიტიკოსი არის", - აღნიშნავს ემრე ერსენი, სტამბოლის მარმარას უნივერსიტეტის პროფესორი, რუსეთის ექსპერტი, - "ორივე დარწმუნებულა საკუთარ თავში და იცის, რომ ფლობს საკმარის ძალაუფლებას საკუთარი გადაწყვეტილების განსახორციელებლად. რეჯეფ ერდოღანი მშვენივრად აცნობიერებს, რომ ამერიკასთან დადებული გარიგებები შეიძლება ჩაიშალოს კონგრესმენებზე "დემოკრატიული საზოგადოების" ზეწოლის გამო, ვლადიმერ პუტინის შემთხვევაში კი, მას მსგავსი პრობლემები არ უნდა ჰქონდეს".

შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულ სიტუაციებში რეჯეფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინის ყურადღებიან მოწაფედ ითვლება, რომელიც საგარეო პოლიტიკაში "მომხდარი ფაქტის" (fait accompli) პრინციპს იყენებს. "გავიხსენოთ, რომ პუტინმა მსოფლიო ფაქტების წინაშე დააყენა - გადაისროლა სირიაში სამხედრო ძალები, არ მოერიდა თურქეთისთვის "ცხვირის გატეხვას", სწრაფად მოახდინა ყირიმის ანექსია... თავის მხრივ, ერდოღანმაც კარგად გააცნობიერა ხისტი პოლიტიკის ფასი", - ამბობს ექსპერტი შუათ კინიკლიღლუ, - "ყირიმის გამოცდილებამ თურქეთის ლიდერი დაარწმუნა, რომ აგრესორი ყოველთვის არ ისჯება. ანკარა ხედავს, რომ დასავლეთში მაინცდამაინც ძლიერი ერთობა არ არის და ასეთ სიტუაციაში შესაძლებლად თვლის მეზობელი სახელმწიფოს საქმეებში ჩარევას - იგი ხვდება, რომ განმკითხავი არავინ იქნება".

რეჯეფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინის რამდენიმე სცენარის ასლი გადაიღო: რუსეთმა ყირიმში "მწვანე კაცუნები" გაგზავნა, იგივე გააკეთა დონბასში და ლიბიაში დაქირავებული "ვაგნერელების" სახით. თურქეთმაც ათასობით სირიელი დაქირავებული ლიბიაში გადაისროლა, შემდეგ კი - აზერბაიჯანში (შეიძლება ეს რუსეთთან შეთანხმებითაც კი მოხდა, კერძო კომპანიის გამოყენებით). რუსეთი ბუნებრივ გაზს ევროპულ ქვეყნებზე ზეწოლისთვის იყენებს, თურქეთიც იმავეს აკეთებს მიგრანტებისა და ლტოლვილების მეშვეობით.

რა თქმა უნდა, ამ ორ ლიდერს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაც არსებობს, ისევე, როგორც რუსეთსა და თურქეთს შორის. პრეზიდენტობის ვადის ლიმიტის გაუქმების შემდეგ ვლადიმერ პუტინის ძალაუფლება სულ უფრო მოგვაგონებს დიქტატორობას, რეჯეფ ერდოღანის ხელისუფლება კი შედარებით მყიფეა: თურქეთის უდიდეს კომპანიებს საერო ელიტა მართავს, რომელიც ამჟამინდელ პრეზიდენტს შეეგუა, მაგრამ იგი არ უყვარს. თავის დროზე რეჯეფ ერდოღანმა ბევრი თავისი ოპონენტი ციხეში გაგზავნა, მასმედია განაიარაღა და თავის კონტროლქვეშ მოაქცია სასამართლოები, მაგრამ ადგილობრივი ორგანოების ბოლო არჩევნებმა აჩვენა, რომ იგი გავლენას კარგავს: სტამბოლში და ანკარაში - უდიდეს ქალაქებში - ოპოზიციამ გაიმარჯვა.

Vive la difference! ანუ გაუმარჯოს განსხვავებას!

მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთი და თურქეთი ძველებურად შორს დგანან ნამდვილი ალიანსის ჩამოყალიბებისგან. მეტსაც ვიტყვით - შეიძლება ალიანსი საერთოდ არც შეიქმნას. "საქმე სტრატეგიულ პარტნიორობას არ ეხება", - აღნიშნავს ონურ ისჩი, თურქეთის ბილკენტის უნივერსიტეტის რუსული კვლევების ცენტრის დირექტორი, - "მე არ ვფიქრობ, რომ თურქეთი თავის თავს ასეთი "ფუფუნების" ნებას მისცემს და დასავლეთთან დამაკავშირებელ ძაფებს გადაჭრის. მართალია, ორი ქვეყანა ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობს, მაგრამ ისინი მაინც ომის საწინააღმდეგო მხარეს იმყოფებიან. ასევეა ლიბიაშიც და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში".

გარდა ამისა, ამ ორ სახელმწიფოს ერთმანეთთან საკმაოდ შეუთავსებელი ინტერესები აქვს საქართველოსა და უკრაინის მიმართ: თურქეთს თბილისისა და კიევის ნატოში ხილვა სურს, მაგრამ ასეთი ვარიანტი კატეგორიულად მიუღებელია რუსეთისთვის - მოსკოვმა ხომ ორივესთან ომი იმიტომ დაიწყო, რომ საქართველო და უკრაინა დასავლეთისგან მოშორებით ყოფილიყვნენ. ამ შემთხვევაში ანკარა უფრო მოგებული დარჩა: თბილისმა და კიევმა იმედის მზერა მას მიაპყრეს, როგორც რუსეთის საპირწონეს. ეს როლი რეჯეფ ერდოღანისთვის სასიამოვნოა და იგი მზად არის მის შესასრულებლად. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს თურქეთმა მნიშვნელოვნად განამტკიცა ეკონომიკური და სამხედრო კავშირები უკრაინასთან: 2019 წლიდან ანკარამ კიევს საკმაოდ ბევრი საბრძოლო დრონი მიჰყიდა უკრაინის არმიისთვის გამოსაყენებლად. "დღეს თურქეთი განსხვავდება იმ ქვეყნისგან, რაც 30 წლის წინ იყო", - ამბობს ერთ-ერთი თურქი ჩინოვნიკი, - "ჩვენი სამხედრო-ეკონომიკური შესაძლებლობები გაიზარდა. ჩვენ არ ვთვლით, რომ რუსეთს სუსტი პოზიციებით ვესაუბრებით".

ემრე ერსენის აზრით, სამომავლოდ რუსეთი და თურქეთი საერთო პოზიციების ძიებას გააგრძელებენ იქ, სადაც ეს შესაძლებელია, ვთქვათ, შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონებში, მაგრამ რთულია მათი ინტერესების სიახლოვე და ურთიერთდამთხვევა ხშირად მოხდეს, თუნდაც - იმავე კავკასიაში, სადაც თურქეთის პოზიციები დასავლეთის პოზიციებს უფრო უახლოვდება, ვიდრე - რუსეთისას. "საერთოდ, თურქეთის დემოგრაფიული და ეკონომიკური პერსპექტივა უფრო ოპტიმისტურია, რუსეთთან შედარებით, რომლის მოსახლეობა ბოლო დროს საკმაოდ სწრაფად მცირდება".

თანამედროვე თურქეთი ნავსადგურში შესულ გემს ჰგავს, რომელიც დასავლურ ალიანსს სულ უფრო შორდება. მაგრამ რადგანაც მისი პარტნიორობა რუსეთთან შედარებით ახლახან დაიწყო, მას საკმაოდ მყიფე საფუძველი აქვს და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამ პარტნიორობას უკუქცევითი ძალაც აქვს. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრავალრიცხოვან პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთს თურქეთის დასავლეთისგან დაშორების პროცესის შეჩერებაც წარმოადგენს. თურქეთი რუსეთს ხელში არ უნდა ჩაუვარდეს. მისი მდგომარეობა იმსახურებს იმას, რომ ეს საკითხი ჯო ბაიდენის პრიორიტეტების სიის დასაწყისში იყოსო, - ხაზგასმულია სტატიის დასასრულს. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ