"იმ წელს ჩემი მშობლები დააკავეს, ჩემი ძმა მოკლეს. ეს იყო საფასური, რასაც ჩვენ თავისუფლებისთვის ვიხდიდით" - კვირის პალიტრა

"იმ წელს ჩემი მშობლები დააკავეს, ჩემი ძმა მოკლეს. ეს იყო საფასური, რასაც ჩვენ თავისუფლებისთვის ვიხდიდით"

"სამყარო გვიყურებს და არაფერს აკეთებს ჩვენს დასახმარებლად"

სირია გამუდმებით ომისა და არეულობის ეპიცენტრშია, მოსახლეობას მუდმივ შიშში უწევს ცხოვრება. 10-წლიანმა ომიანობამ გაანადგურა ქვეყანა, იმსხვერპლა ასიათასობით ადამიანი, დააზარალა მოსახლეობის უმეტესობა და უსახლკაროდ დატოვა სირიელები. ომს ხელისუფლებისგან სასტიკი დამოკიდებულება მოჰყვა, სირიის რიგ ქალაქებში უდანაშაულო მოსახლეობის ხოცვა დაიწყო, რაზეც საზოგადოებამ ხელისუფლებას შესაბამისი პასუხი გასცა და ქალაქი პროტესტმა, აქციებმა მოიცვა. ქვეყნიდან საზღვარგარეთ დევნილები, ისინი, ვინც გადარჩენა შეძლეს, ომსა და საშინელ ტრაგედიაზე ხშირად ლაპარაკობენ.

ბრიტანული გამოცემა BBC სხვადასხვა პროფესიის ადამიანს თავიანთ ტკივილზე, ქვეყნიდან წამოსვლასა და ომში ცხოვრებაზე ესაუბრა:

"მე მეგობრები დავკარგე"

გაიათ აბუ აჰმედი 30 წლის "ფრილანსერი" ჟურნალისტია. გაიათის სტუდენტობის დროს მის მშობლიურ ქალაქ დარაიაში საპროტესტო აქციები დაიწყო. აჰმედი ყველაფერს კამერით იღებდა, მოვლენებს შორიდან აკვირდებოდა, იღებდა სურათებს, საინტერესო კადრებს და დარაიაში დატრიალებულ ქაოსს კამერის ობიექტივში ატევდა.

"ვრთავდი კამერას და ყველაფერს ვიღებდი, ისეთ კადრებს ვხედავდი, რომლის წარმოდგენაც კი მიჭირდა, არ მეგონა,  სირიაში ასეთი ამბავი ოდესმე თუ მოხდებოდა. ჩვენ გამოვხატავდით პროტესტს, ეგვიპტისა და ტუნისის მსგავსად, ჩვენს ხმას საზოგადოებას ვაწვდენდით, თუმცა იმ წელს ბევრი ცუდი რამ მოხდა", - ამბობს გაიათ აბუ აჰმედი.

2012 წლის აგვისტოში პროტესტსა და აქციებს ათასობით ადამიანი შეეწირა, გაიათმა მეგობრები, მეზობლები დაკარგა, ორ დღეში ქალაქმა დაცარიელება დაიწყო.

"10 წლის განმავლობაში ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო, ხალხი შიშით გარეთ ვერ გამოდიოდა, ახალგაზრდები იმალებოდნენ და აგვისტოში პროტესტის გამოხატვა ქალაქის გარეთ უკვე აღარავის შეეძლო", - იხსენებს გაიათი.

აქტიურ აქციებს ქვეყნის მთავრობისგან მკაცრი კონტროლი მოჰყვა, მოსახლეობა მძიმე პირობებში ცხოვრობდა, ქალაქები ერთანეთს გამოეყო.

"4 წელი იზოლაციაში ვცხოვრობდით. როდესაც ჰორიზონტზე განათებულ დამასკოს დავინახავდი, უკეთ ვხვდებოდი, რომ ჩვენთან მუდმივად სიბნელე იყო. გული მწყდებოდა, როგორ თავისუფლად მოძრაობდა ხალხი ქუჩებში მაშინ, როდესაც ჩვენ დარაიაში საკვები და მედიკამენტებიც კი არ გვქონდა", - ამბობს აბუ აჰმედი.

მოსახლეობის უმიზეზო ხოცვა და დაკავება კვლავ გრძელდებოდა, 2016 წელს სირიის მთავრობამ დარაიის მოსახლეობის ნაწილი ქალაქ იდლიბში გადაიყვანა.

"იმ დღეს მთლიანად დავიკარგე, ჩემი მშობლიური ქალაქიდან იძულებით წამიყვანეს, თავს ისე ვგრძნობდი, როგორც თევზი უწყლოდ. იმ წელს ჩემი მშობლები დააკავეს, ჩემი ძმა მოკლეს. ეს იყო საფასური, რასაც ჩვენ თავისუფლებისთვის ვიხდიდით. არასდროს მინანია რევოლუციაში მონაწილეობა, არასდროს მინანია აქციებზე დგომა, ამ ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ სირიის ხელისუფლებაა. მართალია, ბრძოლა ჯერ საბოლოო შედეგამდე არ მისულა, თუმცა გაჩერებას არ ვაპირებთ და იმ თავისუფლებას აუცილებლად მოვიპოვებთ, რომელიც სირიას არასდროს ჰქონია".

გაიათ აბუ აჰმედი დღეს ჟურნალისტია, საზოგადოებისთვის ხშირად წერს, მსოფლიოს თავის აზრს აცნობს და მიიჩნევს, რომ რისი გამბედაობაც მას ახლა აქვს, გასაჭირისა და რევოლუციის გავლის გარეშე არასდროს ექნებოდა.

"სამომავლოდ ოცნებები არ მაქვს"

28 წლის ნურ ალ-შამი ჩრდილოეთ იდლიბში ცხოვრობდა, მასაც იდლიბის დანარჩენი მოსახლეობის მსგავსად მძიმე პირობებთან გამკლავება უწევდა. ერთ დღეს, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ნური და კიდევ ათასობით ადამიანი კარვებში გადაანაწილეს, სადაც რთული საცხოვრებელი პირობები, ანტისანიტარია და მუდმივი ქაოსია.

"ჩვენ სამხრეთ იდლიბში ვცხოვრობდით, გვქონდა სახლი, სადაც ყველა საჭირო ნივთს ვინახავდით. ახლა კარავში ვცხოვრობთ, აქ ჩვენ გარდა ათასობით ადამიანია, ისინიც კარავში ცხოვრობენ. ჩვენ მტვერში, მწერების გარემოცვაში, ტალახის გუბეებში გვიწევს ყოფნა. მე არასდროს ვოცნებობ მომავალზე, არც იმის იმედი მაქვს, რომ ჩემს შვილს, ერთადერთ ბიჭს უკეთესი მომავალი ექნება, თუმცა ყველაფერს ვცდილობ, რომ ბანაკში ცხოვრებისგან გამოწვეული სტრესი შევუმსუბუქო. ახლა ჩვენ, ორნი, მარტო ვართ, ჩემი მეუღლე თურქეთში წავიდა სამუშაოდ და მისგან უკვე დიდი ხანია არაფერი ისმის", - ამბობს ნური.

"ერთი ოცნება მქონდა: მინდოდა, განათლება მიმეღო, ახლა, სამომავლოდ ოცნებები აღარ მაქვს. ქუჩებში პროტესტისა და არეულობის დაწყების დროს მე ალეპოს უნივერსიტეტში ვსწავლობდი, იძულებული გავხდი, რამდენიმე თვით სწავლისთვის თავი დამენებებინა და დაშავებული ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარება გამეწია. 2019 წელს ქვეყანა დავტოვეთ და ლტოლვილთა ბანაკს შევუერთდით, სადაც დღემდე ყველა ერთად ვცხოვრობთ", - უყვება “ბი-ბი-სის“ ალ-შამი.

28 წლის გოგონამ პროტესტისა და ომის დროს ბიძაშვილები, სახლ-კარი და ნათესავები დაკარგა, მისი ძმა დააკავეს და დღემდე არ იცის, სად, რომელ ციხეში ჰყავთ, არც იმას ეუბნებიან, ცოცხალია თუ არა ბიჭი. ნური აქციებში მონაწილეობას არ ნანობს, იმედს იტოვებს, რომ ამდენწლიანი ქაოსი ერთ დღეს ნანატრი თავისუფლებით დასრულდება.

"სამყარო გვიყურებს და არაფერს აკეთებს ჩვენს დასახმარებლად"

წითელი ჯვრის წევრი, 40 წლის ფადი მოსილი 2012 წელს სირიიდან სამუდამოდ წამოვიდა, მისი მეგობრებისა და ახლობლების უმიზეზო დაკავებების შემდეგ მიხვდა, რომ ოჯახისთვის უნდა ეშველა და სირია დატოვა. პირველად თურქეთში ჩავიდა, შემდეგ კი ოჯახთან ერთად გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად.

"სირიაში ყოფნის დროს ყოველთვის ვუერთდებოდი საპროტესტო აქციებს, ჩვენი ხმის მიწვდენას ყველგან ვცდილობდით. აქციებს გერმანიაშიც ვმართავდით და მსოფლიოს ყველა კუთხიდან დახმარებას ვითხოვდით. დღეს ვოცნებობ, სირიაში ისეთი დემოკრატია და თავისუფალი არჩევნები ტარდებოდეს, როგორიც ევროპაშია.

ბოლო 10 წელია, პროტესტს ათასობით ადამიანი ეწირება, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს თავისუფალ ქვეყანაში გავიღვიძებთ. სირიის ტანჯვას მთელი სამყარო უყურებს და არავინ არაფერს აკეთებს ჩვენს დასახმარებლად".

"მე ვარ სხეული სულის გარეშე, მენატრება სირია, მენატრება ჩემი ოჯახი და მეგობრები, ხეები და ქუჩები, სადაც ვცხოვრობდით. ხშირად ვათვალიერებ დამასკოს სურათებს და გული მწყდება, რომ დედაჩემის საფლავზე მისვლაც არ შემიძლია", - ამბობს ფადი მოსილი.

"ბოლო ათმა წელმა დაგვანგრია"

40 წლის მასწავლებელი სარა რამი ახლა სირიისგან შორს ცხოვრობს, თუმცა საპროტესტო აქციები და შიშში გატარებული დღეები არ ავიწყდება.

"როდესაც პროტესტი დაიწყო, მახსოვს, ჩემი სახლის დატოვების შემეშინდა, არ მესმოდა, რა ხდებოდა, ხალხი ქუჩაში გამოდიოდა. რამდენიმე თვეში პროტესტის გამო მეგობრები დავკარგე. დრო გადიოდა და ომი არ მთავრდებოდა, არც კი ვიცოდი, ვინ რომელი მხრიდან გვიტევდა. 2016 წელს დამასკოს სოფელში ჩემი და მოკლეს. ხალხის ნაწილი ფანატიკოსი გახდა და ქვეყანამ ნგრევა დაიწყო. ახლა შეიძლება სირია უფრო უსაფრთხო იყოს, თუმცა რთული ეკონომიკური პირობების გამო, იქ გაჩერება შეუძლებელია. ვიმედოვნებ, სირია ოდესმე სიმშვიდესა და თავისუფლებას მოიპოვებს", - ამბობს სარა რამი.

"ჩვენ მაინც მოვიგეთ"

33 წლის ჟურნალისტი ჰარუნ ალ-ასვარდი ერთლიანი წამების შემდეგ მშვიდ ცხოვრებას დაუბრუნდა, თუმცა დღეს ძველ დროს ხშირად იხსენებს და მსოფლიოს თავის სატკივარს დეტალურად უზიარებს.

2012 წლის 24 ივნისს ჰარუნმა ტელევიზორში ნახა, თუ როგორ გაიმარჯვა ეგვიპტელმა ხალხმა მთავრობაზე, მათი შემართებით გაოგნებულ ჰარუნს იმედი მიეცა, რომ სირიაზე გამარჯვებას სხვა მოქალაქეებთან ერთად ისიც შეძლებდა და იმ დღეს პროტესტს შეუერთდა. ერთი წელი სასტიკ წამებას უძლებდა, საკვებისა და წყლის გარეშე ცხოვრობდა, ყოველდღე დაცინვისა და შეურაცხყოფის ატანა უწევდა.

"ერთი წელი საშინელ პირობებში გავატარე, ზოგჯერ მინდოდა, მოვმკვდარიყავი და ეს ყველაფერი დასრულებულიყო. ამბების მოყოლა ყოველთვის მიყვარდა. მამა მაფრთხილებდა, სირიაში ჟურნალისტობა პრობლემებს შეგიქმნისო. ხანდახან ვფიქრობდი მის სიტყვებზე, იქნებ, მამა მართალი იყო, თუმცა ეს ფიქრები წამში ქრებოდა", - ამბობს ჰარუნი.

33 წლის ჟურნალისტი ახლა თურქეთში ცხოვრობს, სირიის საზღვართან ახლოს ჟურნალისტობას აგრძელებს და მსოფლიოს სირიელი ხალხის მიმართ ჩადენილ სასტიკ ამბებს უყვება. ჰარუნს იმედი აქვს, რომ ბაშარ ალ ასადი და მისი რეჟიმის წევრები ჩადენილ საქციელზე პასუხს აგებენ.

"ჩვენ მაინც მოვიგებთ, რადგან შიშის დაძლევა ვისწავლეთ, ათწლულების განმავლობაში გამოვლილმა ჩაგვრამ უკვე დუმილი დაგვარღვევინა", - ჰყვება ჟურნალისტი.

"იმედი არ მაქვს, რომ ოდესმე ჩემს ოჯახს ვნახავ"

"რევოლუციის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, ჩემს ქმართან და ოთხ შვილთან ერთად ჰომსიდან გავიქეცით და უკან ვერ ვბრუნდებით. მახსოვს, მანქანით გავრბოდით, ძლიერი ცეცხლი ერთი ქალაქიდან მეორეში გადადიოდა. ყველაზე რთულად ის დრო მახსენდება, როდესაც ჩემმა შვილმა ღამით გამაღვიძა და მთხოვა, მისთვის რამე საკვები მიმეცა, მე კი საერთოდ არაფერი მქონდა. ბევრი საშინელი დღე გამოვიარეთ. ვისურვებდი, რომ ეს ყველაფერი ერთ დღეს ჩემი მეხსიერებიდან უბრალოდ გაქრეს", - სოფია.

45 წლის დიასახლისი სოფიაც სირიის კონფლიქტს გამოექცა, სიკვდილს გაქცევა ამჯობინა და ოჯახთან ერთად სწრაფად დატოვა ქვეყანა. თურქეთის საზღვარზე მეუღლე და სამი ვაჟი მოუკლეს. ოფიცრებმა დაუნდობლად აწამეს ბიჭები, რასზეც თურქეთის ხელისუფლებამ ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ ეს ინდივიდუალური შეცდომა იყო.

სოფია თურქეთში შეუშვეს, რამდენიმე თვე მან და მისმა შვილმა იქ იცხოვრეს, შემდეგ კი საფრანგეთში გადავიდნენ.

"იმედი არ მაქვს, რომ ოდესმე ჩემს ოჯახს ვნახავ, მათ, ვინც ამ ამბავს გადაურჩა. რევოლუცია დროული იყო, ხალხი წლები ითმენდა ჩაგვრას, დრო იყო ხმა ამოგვეღო", - ამბობს სოფია.

"როგორც ხიდან მოწყვეტილი ფოთოლი"

40 წლის ეკონომისტი იუნეს აკ-კარიმი ცნობილი სირიელი ბიზნესმენის მრჩეველი იყო, ახლა საფრანგეთში ცხოვრობს და დიპლომისა და სამუშაო გამოცდილების მიუხედავად, თავის სარჩენად რესტორანში დამლაგებლად მუშაობს. 2014 წელს რამდენიმე თვე სირიის ციხეში გაატარა, დაპატიმრების მიზეზი სირიაში საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნის მცდელობა იყო. როდესაც ციხე დატოვა, იუნესი მიხვდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და სირია დატოვა.

იუნესის მეუღლე ახლა საფრანგეთში მზარეულია, ქმრის მსგავსად, მასაც უმაღლესი განათლება და დიდი სამუშაო გამოცდილება აქვს, თუმცა სხვა ვერაფერი ნახა და ოჯახის სარჩენად არც მზარეულობაზე თქვა უარი.

"ყველაზე დამთრგუნველია, როდესაც გვეკითხებიან, საფრანგეთში რას ვაკეთებთ. ამაზე პასუხი არ გვაქვს, ვამბობ, რომ ეკონომისტი ვარ. მეც და ჩემი მეუღლეც სიმართლეს ვმალავთ. ზოგჯერ ჩემს თავს ვეკითხები ხოლმე, აქ, ამ ქვეყანაში რა მინდა? ვგრძნობ რომ ხიდან ჩამოვარდნილი ფოთოლივით ვარ, რომელიც ძირს სხვა ქვეყანაში დაეცა. ერთხელ ფრანგმა, გამვლელმა დაგვიყვირა, დაბრუნებულიყავით იქ, საიდანაც მოვედით, მან ტერორისტები გვეძახა. იმ დღეს ფრანგისთვის პასუხი არავის გაუცია", - თქვა უინესმა.

მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის, მათი სახელები შეცვლილია, ამით BBC რესპონდენტთა იდენტობას იცავს.(წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)