"რატომ მიმართავენ ევროპის ქვეყნები ვაქცინისთვის რუსეთსა და ჩინეთს" - რას წერს ცნობილი ფრანგული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"რატომ მიმართავენ ევროპის ქვეყნები ვაქცინისთვის რუსეთსა და ჩინეთს" - რას წერს ცნობილი ფრანგული გამოცემა?

ფრანგულ გაზეთ "ფიგაროში" (Le Figaro) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "ევროპის ქვეყნები ვაქცინისთვის რუსეთს და ჩინეთს მიმართავენ", რომელშიც განხილულია სიტუაცია ევროპის ქვეყნების დასავლური ვაქცინით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით (ავტორი - სტანისლას ფოიე).

ევროკავშირი თავისი წევრების მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს ვაქცინის მიღების საკითხში, ამიტომაც ზოგიერთმა სახელმწიფომ გადაწყვიტა რუსეთს და ჩინეთს მიმართოს, ვაქცინის უკმარისობის დასაძლევად. მართალია, "ფაიზერის", "მოდერნასა" და "ასტრაზენეკასგან" განსხვავებით, არც რუსულ "სპუტნიკ-V"-ს და არც ჩინური კომპანიის - Sinopharm-ის ვაქცინას ჯერ სამკურნალო საშუალებების ევროპულ სააგენტოში შემოწმება არ გაუვლია, მაგრამ ფაქტია, რომ მათ შესახებ პოზიტიური დამოკიდებულება უკვე არსებობს. აღსანიშნავია, რომ რუსულ ვაქცინას თავდაპირველად ეჭვის თვალით უყურებდნენ, მაგრამ მოგვიანებით "სპუტნიკმა" ავტორიტეტული სამედიცინო ჟურნალის The Lancet-ის მიერ მაღალი შეფასება დაიმსახურა.

ამას წინათ ევროკომისიის პრესმდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არავინ უშლის, მოლაპარაკება დაიწყონ ან ხელშეკრულება გააფორმონ [მათთვის სასურველ] ფარმაცევტულ კომპანიებთანო.

პირველი მერცხლები: უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი

უნგრეთი პირველი ევროპული სახელმწიფო გახდა, რომელმაც თავისი მოსახლეობის რუსული ვაქცინით აცრები დაუშვა. რამდენიმე კვირის შემდეგ ბუდაპეშტმა განაცხადა, რომ, ასევე, ნებას რთავს ჩინური ვაქცინით აცრების დაწყებას, პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სწორედ ჩინური ვაქცინით აიცრა.

"ჩვენ რომ რუსული და ჩინური ვაქცინა არ გვეყიდა, ძალიან დიდი პრობლემები გვექნებოდა", - განაცხადა მან ერთი კვირის წინ და ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთმა უკვე დაუკვეთა ჩინეთს Sinopharm-ის მიერ წარმოებული ვაქცინის ხუთი მილიონი დოზა.

უნგრეთს ევროკავშირის წევრმა სხვა ქვეყნებმაც მიბაძეს: სლოვაკეთმა "სპუტნიკის" პირველი პარტია ახლახან, ორ მარტს მიიღო. ქვეყნის პრემიერმა იგორ მატოვიჩმა განაცხადა, რომ სლოვაკეთი რუსეთისგან კიდევ ორ მილიონ დოზას მიიღებს მარტ-აპრილში და მაის-ივნისში. მეზობელი ჩეხეთი თავის რიგს ელოდება: 28 თებერვალს პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა განაცხადა, რომ "სპუტნიკის" მიწოდება უახლოეს დღეებში დაიწყება. ჩეხეთს განზრახული აქვს ჩინური ვაქცინის შეძენაც.

"რუსული ვაქცინის შეძენა სურს მსოფლიოს 65 სახელმწიფოს, მათ შორის - ევროკავშირის წევრ ექვს ქვეყანას. მაშ, რატომღა გაჰყვირიან - "ღმერთო, ეს ხომ საშინელებაა!", - განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიჩმა, - "დამიჯერეთ, ხალხო, სულ მალე ევროკავშირის სხვა წევრებიც რუსებს თხოვნას გაუგზავნიან "სპუტნიკის" შესაძენად".

ავსტრია და პოლონეთი ფიქრობენ... და მოქმედებენ

ამას წინათ ავსტრიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსეთთან ვაქცინის შესაკვეთად მოლაპარაკებას აწარმოებს და, პარალელურად, არ გამორიცხავს, რომ იმავე მიზნით ჩინეთსაც მიმართოს.

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა პირველ მარტს ჩინეთის ლიდერს დაუკავშირდა და ვაქცინის ყიდვის შესახებ ესაუბრა. ამის შესახებ გაზეთი "პოლიტიკო" იტყობინება. მისი ინფორმაციით, ჩინეთმა მზადყოფნა გამოხატა, სწრაფად შეასრულოს თხოვნა: "ჩინეთი მზად არის, პოლონეთს ანტიკოვიდური ვაქცინა მიაწოდოს, ქვეყნის მოთხოვნილების მიხედვით", - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში.

ავსტრიამ, ასევე, განაცხადა, რომ სამომავლოდ დაგეგმილია თანამშრომლობა დანიასთან და ისრაელთან: "ჩვენ უკეთ უნდა მოვემზადოდ კორონავირუსის ახალი მუტაციების წინააღმდეგ და უნდა ვეცადოთ, რომ სამომავლოდ მეორე თაობის ვაქცინის შესაძენად მხოლოდ ევროკავშირზე არ ვიყოთ დამოკიდებული", - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა. მან, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ მთლიანობაში, ბრიუსელის მიდგომა "პრინციპში სწორია", მაგრამ მაინც საყვედური გამოხატა ევროკავშირის არააქტიური ანტიკოვიდური ძალისხმევის გამო: "სამკურნალო საშუალებების ევროპული სააგენტო ძალიან ნელა მუშაობს და დიდ დროს ანდომებს ვაქცინების შემოწმებას, ფარმაცევტულ კომპანიებს კი ბევრი "ვიწრო ადგილები" აქვთ", - აღნიშნულია ავსტრიის მთავრობის პრესრელიზში.

ოთხ მარტს სებასტიან კურცი დანიელ კოლეგა მეთ ფრედერიკსენთან ერთად ისრაელში გაემგზავრა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შესახვედრად, ვაქცინების ერთობლივად შექმნასა და წარმოებაში უპრეცედენტო თანამშრომლობის მიზნით. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ