"ხანდახან გიტარა დამაქვს და ფრენის შემდეგ, ოთახში მარტო დარჩენილი ვმღერი. პილოტებმა ასეთ სიტუაციასთან ადაპტაცია ვისწავლეთ" - კვირის პალიტრა

"ხანდახან გიტარა დამაქვს და ფრენის შემდეგ, ოთახში მარტო დარჩენილი ვმღერი. პილოტებმა ასეთ სიტუაციასთან ადაპტაცია ვისწავლეთ"

"იყო დრო, როდესაც მხოლოდ ჩვენი კომპანიის მფრინავები ვიყავით ცაში, უცნაურია იმის აღქმა, რომ მარტო ხარ"

ერთ წელზე მეტია, მსოფლიო ახალ კორონავირუსს ებრძვის. მართალია, ვაქცინა უკვე შემოვიდა, თუმცა პანდემიის დასასრულებლად ჯერ კიდევ დიდი დროა საჭირო. ევროპისა და ამერიკის რიგი ქვეყნები ვაქცინაციის მეორე ეტაპზე გადავიდნენ, ზოგ ქვეყანაში კი ვაქცინას კვლავ ელოდებიან. 2020 წელს, მარტში, დედამიწაზე სიცოცხლე "გაჩერდა" - ვირუსის გამო გადაიდო ფრენები, დაიხურა მუზეუმები, რესტორნები და დიდი ტურისტული ლოკაციები სრულიად ცარიელი დარჩა. ერთი წლის წინ, მარტში, საზოგადოება ერთმანეთს მოუწოდებდა, სახლში დარჩენილიყვნენ და ამ ვერაგი ვირუსისგან თავი დაეცვათ.

უკვე 2021 წლის მარტია და კორონავირუსი კვლავ ყოველი დღის მთავარი თემაა, თუმცა ვაქცინის იმედად მსოფლიო შემართებით ებრძვის პანდემიას. თუ საჰაერო რუკა ერთხელ მაინც გინახავთ, მაშინ გეცოდინებათ, როგორი გადატვირთულია ცა და მსოფლიოს მასშტაბით დღის განმავლობაში რამდენი რეისი სრულდება. 2020 წლის მარტში ცა დაცარიელდა და რუკაზე 1-2 ფრენა დარჩა, ისიც - მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევებისთვის საჭირო მიმართულებები.

ამერიკული გამოცემა CNN რამდენიმე პილოტს ესაუბრა, მათ 2020 წლის მარტის ცარიელი ცა და გაჩერებული სამყარო გაიხსენეს და პანდემიის გამო შემოღებულ რთულ რეგულაციებზეც ილაპარაკეს.

ლუქსემბურგის ავიაკომპანიისა და მფრინავების ასოციაციის პრეზიდენტი დარეს მეიერსი იმ "არარეალურ" დროს იხსენებს, როდესაც თითქმის ყველა ფრენა გადაიდო, ცაზე კი მხოლოდ ტვირთის გადამზიდი თვითმფრინავები დარჩა. კომპანიას ვირუსმა 2020 წელს დიდი მატერიალური ზარალიც მიაყენა.

"ვნახეთ, როგორ გაანადგურა ვირუსმა ასობით ავიაკომპანია. იყო დრო, როდესაც მხოლოდ ჩვენი კომპანიის მფრინავები ვიყავით ცაში, უცნაურია იმის აღქმა, რომ მარტო ხარ", - ამბობს მეიერსი.

სხვა ადამიანების მსგავსად, ბოლო 12 თვეში რადიკალურად შეიცვალა ყველა სისტემა, მათ შორის - შეიცვალა მფრინავების სამუშაო გარემო. პანდემიამ საჰაერო მიმოსვლის მკვეთრი შემცირება გამოიწვია და ავიაკომპანიები იძულებულები გახდნენ, სამსახურიდან გაეშვათ პილოტები და რამდენიმე აქტიური თანამშრომელი დაეტოვებინათ.

ისინი, ვინც კომპანიებმა დაიტოვეს, დღემდე მკაცრი კონტროლის ქვეშ არიან, რადგან მათთვის სავალდებულოა ყოველკვირეული ტესტირება და ფრენის შემდგომ, აუცილებლად იზოლაციაში არიან.

"მარტში თვითმფრინავები ცარიელი იყო, ხალხის მაგივრად, ახლა სამედიცინო პერსონალისთვის საჭირო ნივთები და სხვადასხვა ტვირთი გადაგვქონდა. პილოტებისთვის ეს ორმაგად რთული იყო - მიფრინავდნენ ჰაერში, სადაც ცაც ცარიელი იყო და, ამასთანავე, მარტონი იყვნენ, თვითმფრინავში არავის ხმა ისმოდა", - ამბობს მეიერსი.

ჯეისონ ვუდრი პილოტია, რომელსაც 2020 წლის მარტში, ერთ-ერთი რეისის დროს, კორონავირუსი დაემართა. ვუდრი მაშინვე იზოლაციაში გადაიყვანეს, ვირუსი დაამარცხა, თუმცა სამსახურში დაბრუნება დიდხანს ვერ შეძლო. ამერიკულმა ავიაკომპანიამ "Air Senegal"-მა ჯეისონი, საბოლოოდ, სამსახურში დააბრუნა, თუმცა მკაცრი რეგულაციების დაცვით.

"სანამ იზოლაციაში გადავიდოდი, ფრენის დაწყებამდე დიდ რიტუალს გავდიოდით - კაბინაში ყველაფერს ვწმენდდი, ყველა ღილაკს სათითაოდ ვასუფთავებდი, პირბადეს ვიკეთებდი და მარტო საფრენად ვემზადებოდი, შემდეგ ვირუსმა ჩემამდე მოაღწია და ახლა ორმაგი კონტროლითა და რეგულაციების დაცვით გვიწევს ფრენა", - ამბობს ჯეისონი.

კომპანიის მოთხოვნის თანახმად, ვუდრი “კოვიდის“ ტესტს კვირაში რამდენჯერმე იკეთებს და ყოველი ფრენის შემდეგ იზოლაციაში, სასტუმროში გადადის.

"ასეთ რეჟიმში ცხოვრებას მივეჩვიე, ხანდახან გიტარა დამაქვს და ფრენის შემდეგ, ოთახში მარტო დარჩენილი ვმღერი. პილოტებმა ასეთ სიტუაციასთან ადაპტაცია ვისწავლეთ, შევეგუეთ ცარიელ გარემოს" - აღნიშნავს ჯეისონი.

ამერიკისა და ლუქსემბურგის მსგავსად, პილოტებს, ასევე, რეგულაციების დაცვა უწევთ ისრაელშიც. ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა უკვე აცრილია, თუმცა სხვა ქვეყანაში ჩაფრენის დროს ქვეყანა მათ ტესტის გაკეთებასა და იზოლაციაში გადასვლას ავალდებულებს.

"ჩვენი პილოტების უმეტესობას ვაქცინა უკვე გაკეთებული აქვს, მაგრამ  ყოველი ფრენის შემდეგ ტესტირებას მაინც გვიტარებენ, მომდევნო ფრენამდე ერთ ოთახში გვიშვებენ და საშინელ პირობებში გვიწევს ყოფნა. ხშირად ოთახს ფანჯარაც კი არ აქვს და ცივ საკვებს ვიღებთ, ოთახიდან ვერ გამოვდივართ", - ამბობს ერთ-ერთი პილოტი. წყარო

(სპეციალურად საიტისთვის)