"ევროპამ ვაქცინისთვის რბოლა წააგო... კრემლი იმ ქვეყნებს უმიზნებს, რომლებიც აშშ-ის "უკანა ეზოში" იმყოფებიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა - კვირის პალიტრა

"ევროპამ ვაქცინისთვის რბოლა წააგო... კრემლი იმ ქვეყნებს უმიზნებს, რომლებიც აშშ-ის "უკანა ეზოში" იმყოფებიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა

ფრანგულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა "ლე პუანმა" (Le Point) გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "ევროპამ ვაქცინისთვის რბოლა წააგო", სადაც განხილულია ევროკავშირის წარუმატებლობა აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ვაქცინის წარმატების ფონზე (ავტორი - ლიუკ დე ბაროში). გთავაზობთ პუბლიკაციის თარგმანს:

"ანტიკოვიდური ვაქცინების საექსპორტო ბაზრისთვის გამართულ საერთაშორისო კონკურენციაში ყველა თვითონაა პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებაზე. ევროპელები გეოპოლიტიკურ ფასს იხდიან იმიტომ, რომ მათ თავის დროზე სიტუაციის პროგნოზირება ვერ მოახერხეს და ამ საქმეში არაორგანიზებულობა გამოავლინეს. მათი დაყოვნების შედეგია მრავალი ადამიანის მსხვერპლი და ნორმალური საზოგადოებრივი ცხოვრების დასაბრუნებლად ვადების გაუთავებლად გადადება. ამასობაში კი, ევროპული ეკონომიკა სულ უფრო ჩამორჩება ამერიკას და ჩინეთს, რომლებიც ისევ სწრაფი ტემპით იწყებენ განვითარებას.

ევროკავშირის არცერთი სახელმწიფო არ ფიგურირებს ანტიკოვიდური ვაქცინის ყველაზე წარმატებულად მწარმოებელ ქვეყნებს შორის, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი. ეს ხუთი ქვეყანა დღეს საერთაშორისო არენაზე ძლიერი პოზიციებით გამოდის იმიტომ, რომ მათ დროულად იმოქმედეს, მომავლისკენ გაიხედეს, დაეუფლნენ ნოუჰაუს და ვაქცინის წარმოებისთვის აუცილებელი სიმძლავრეები შექმნეს. ამჟამად მათ შეუძლიათ პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად გამოიყენონ ის სიტუაცია, რომელიც ვაქცინის გლობალური უკმარისობით (დეფიციტით) არის გამოწვეული.

გავლენის ბერკეტები

ჩინეთმა 80 მილიონი დოზა მიაწოდა მსოფლიოს 40 ქვეყანას - ინდონეზიით დაწყებული, მაროკოთი და უნგრეთით დამთავრებული. ინდოეთმა, რომელიც ვაქცინა "ასტრაზენეკას" ლიცენზიით აწარმოებს, 25 მილიონი დოზა მიაწოდა მსოფლიოს, დაახლოებით, 30-მდე სახელმწიფოს. ორი დიდი აზიელი მეტოქე წარმატებით ცდილობს, რომ  მსოფლიოს ქვეყნების მაქსიმალური რაოდენობა მათი მადლობელი იყოს. ამ მხრივ საინტერესოა მექსიკის მაგალითი, რომელსაც აშშ-მა თებერვალში უარი უთხრა ვაქცინის მიწოდებაზე. მეხიკომ სწრაფად იპოვა ამერიკის შემცვლელი: პეკინმა ხელი გაუმართა და ვაქცინის ორი მილიონი დოზა მიაწოდა. "ჩვენ უსაზღვროდ მადლობელნი ვართ", - დაწერა “ტვიტერში“ მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინეთის ხელმძღვანელებისადმი მადლობის ნიშნად. ჩინეთის მიერ გაწეული დახმარებიდან სამი დღეც არ იყო გასული, რომ მექსიკაში ინდური წარმოების ვაქცინის ერთი მილიონი დოზაც ჩაიტანეს.

რუსეთი სარგებლობს გავლენის იმ ბერკეტებით, რომელიც მას ეფექტიანი ვაქცინის - "სპუტნიკ-V"-ის შექმნის შედეგად გაუჩნდა. საინტერესოა, რომ რუსეთს შეზღუდული საწარმოო სიმძლავრეები აქვს და იმის ნაცვლად, რომ მასობრივი აცრები თავის მოსახლეობას ჩაუტაროს, მოსკოვი უპირატესობას ვაქცინის ექსპორტს აძლევს. კრემლი იმ ქვეყნებს უმიზნებს, რომლებიც აშშ-ის "უკანა ეზოში" იმყოფებიან (არგენიტინა, ბრაზილია), აგრეთვე - ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნებს (ალჟირი, ეგვიპტე) და თავის ყოფილ მოკავშირეებს ცენტრალურ ევროპაში (უნგრეთი, სლოვაკეთი). სხვათა შორის, ამას წინათ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთისადმი მადლობის ნიშნად განაცხადა, რომ მზადაა, მოსკოვის მიერ განხორციელებული უკრაინის ტერიტორიის ანექსია აღიაროს. მართალია, მან მოგვიანებით ბოდიში მოიხადა "უადგილო ხუმრობის გამო", მაგრამ ეს ფაქტი მაინც მრავლისმეტყველია. რუსეთი გავლენის გაფართოებისთვის იბრძვის: შემთხვევითი არაა, რომ რუსულ ვაქცინას იმ პირველი კოსმოსური თანამგზავრის სახელი დაარქვეს, რომელიც საბჭოთა კავშირმა დედამიწის ორბიტაზე 1957 წელს, ამერიკელებზე ბევრად ადრე გაიყვანა.

ეგოიზმის ფასი ვიდრე მოსკოვი, პეკინი და დელი [სხვების დასაჭერ] ბადეს ქსოვენ, დასავლეთის ქვეყნები, პირველ რიგში, საკუთარ თავზე ფიქრობენ: შეერთებული შტატები თავისი ვაქცინის უდიდეს ნაწილს საკუთარი, შიდა მოხმარებისთვის იტოვებს. ევროკავშირმაც მას მიბაძა და ვაქცინის ექსპორტის მიმართ კონტროლის სისტემა შექმნა, რომელიც პირველად იტალიამ გამოიყენა და თებერვლის ბოლოს ავსტრალიაში ვაქცინის გატანა დაბლოკა. ასეთ ეგოიზმს თავისი პოლიტიკური ფასი აქვს: ლოზუნგი "ამერიკა დაბრუნდა", რომელიც საერთაშორისო არენაზე ჯო ბაიდენმა წამოაყენა, უკვე უაზროდ ისმის მდიდარი ქვეყნების სიძუნწის გამო. Covax-ის გლობალური ინიციატივა, რომელსაც თავის დროზე მხარი დაუჭირეს გაერომ და მდიდარმა ქვეყნებმა - განვითარებადი ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ, ჯერჯერობით მხოლოდ ათი მილიონი დოზით შემოიფარგლა. არადა, საერთაშორისო თანამშრომლობის სიკეთე და ეფექტიანობა ახლა სწორედ ვაქცინის მიწოდების გაფართოებაში გამოიხატება, რომელიც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მსოფლიოს ეკონომიკის აღორძინებას და დაძაბულობის შემცირებას.

სამწუხაროდ, ევროკავშირი ვერავის ვერაფერს სთავაზობს. თვით გერმანიაც კი, რომლის ლაბორატორია BioNtech-მა Pfizer-ის ვაქცინა შექმნა, მხოლოდ ახლახან დაფიქრდა თავისი საწარმოო სიმძლავრეების გაფართოებაზე. რამდენიმე თვის განმავლობაში ევროპელები ამ საკითხის მოგვარებას სერიოზულად მიიჩნევდნენ. პირიქით - ზედმეტი სიფრთხილე, არათანმიმდევრული მოქმედება და ბიუროკრატიული ბარიერები ხელს უშლიდნენ აუცილებელი ზომების მიღებას. ევროპა ვერ შეედრება ვერც დიდ ბრიტანეთს, რომელმაც უკვე პირველადი აცრები ჩაუტარა 21 მილიონზე მეტ ბრიტანელ მოქალაქეს.

ემანუელ მაკრონისა და ანგელა მერკელის მედიდური, ქედმაღლური დამოკიდებულება ბრიტანული ვაქცინის [Astrazeneca] მიმართ მოწმობს, რომ ეს ლიდერები გაუმართლებელ ამპარტავნობას ამჟღავნებენ. იანვრის ბოლოს საფრანგეთის პრეზიდენტმა, პოზიტიური მონაცემების მიუხედავად, განაცხადა, რომ "ასტრაზენეკა" ხანდაზმული ადამიანებისთვის არაეფექტიანიაო. თავის მხრივ, გერმანიის 66 წლის კანცლერი ამტკიცებდა, რომ იგი ძალიან მოხუცია იმისთვის, რომ აღნიშნული ვაქცინით აცრა ჩაიტაროს. საბოლოოდ, ორივე ლიდერმა მოსახლეობას უნდობლობა ჩაუნერგა და ვაქცინაცია დააყოვნა.

სამწუხაროდ, ვაქცინაციის საკითხში ევროპული ჩავარდნა "წყალს იმათ წისქვილზე ასხამს", ვინც მიიჩნევს, რომ ევროპა, რომელსაც პრეტენზია აქვს გეოპოლიტიკური მოთამაშის როლზე, ჯერ კიდევ აუხდენელი ოცნების ტყვეობაშია. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ