"დონალდ ტრამპის ფენომენი კვლავაც მოახდენს გავლენას ამერიკისა და მსოფლიოს პოლიტიკაზე" - კვირის პალიტრა

"დონალდ ტრამპის ფენომენი კვლავაც მოახდენს გავლენას ამერიკისა და მსოფლიოს პოლიტიკაზე"

ნიკოლოზ მეტრეველის ბლოგი

ამერიკას ახალი პრეზიდენტი ჰყავს, თავის წინამორბედისგან ფუნდამენტალურად განსხვავებული იდეებით და პოლიტიკური გამოცდილებით, მაგრამ დარწმუნებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დონალდ ტრამპის ფაქტორი პრეზიდენტ ბაიდენის 4-წლიან ციკლზე მუდმივად მოახდენს გავლენას. თუ ვინმეს იმედი ჰქონდა, რომ "შეუჩერებელი მებრძოლი" პოლიტიკურ მარცხს საბოლოოდ აღიარებდა და დიდი პოლიტიკიდან სამუდამოდ წავიდოდა, 28 თებერვალს ორლანდოში დონალდ ტრამპმა, "კონსერვატიული პოლიტიკური" მოქმედებებების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას, მათ ეს იმედები მკაფიოდ გაუფანტა.

პრეზიდენტ ტრამპის მთელი, ხანგრძლივი ცხოვრებისეული გზა, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე - ბიზნესსა და პოლიტიკაში, აღსავსე იყო თითქმის კატასტროფული მარცხებით და, ასევე, ფენომენალური მიღწევებით და გამარჯვებებით. ამ ადამიანის მიღწევები დიდწილად განპირობებულია დაშვებული შეცდომების შესანიშნავი ანალიზისა და შეფასების უნარითაც. საარჩევნო კამპანიის დასრულების შემდეგ მან თავის შტაბს დაავალა, მოემზადებინათ სრულყოფილი ანალიზი იმ დაშვებული შეცდომების, რამაც გამოიწვია მისი მარცხი საპრეზიდენტო არჩევნებში. მართალია, ტრამპიც და მისი მრავალრიცხოვანი მომხრეეებიც მათ დამარცხებას "ამერიკის ისტორიაში არნახული და მასშტაბური ფალსიფიკაციით" ხსნიან, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ექსპრეზიდენტს და მის ყველაზე ჭკვიან თანამებრძოლებს არ სურთ მარცხის სხვა, ობიექტური და სუბიექტური მიზეზების დანახვა-გაანალიზება. ამისთვის უკვე გასული წლის დეკემბერში პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრმა, სოციოლოგმა ენტონი ფაბრიციომ, რომელიც მისი 2016 და 2020 წლების საარჩევნო კამპანიების აქტიური მონაწილე იყო, 27-გვერდიანი ანგარიში წარმოადგინა, სადაც აღწერილია "რესპუბლიკელების" დამარცხების მიზეზები. ეს საინტერესო მასალა, რომელიც Politico და Washington Post-მა გამოაქვეყნეს, ხელმისაწვდომი გახდა ექსპერტებისა და პოლიტიკოსებისთვის. დოკუმენტი 10 შტატის სოციოლოგიური გამოკითხვებისა და არჩევნების შედეგების ანალიზზეა დამყარებული, რომელიც ორ კატეგორიად არის დაყოფილი: პირველი მოიცავს არიზონას, ჯორჯიას, მიჩიგანს, ვისკონსინისა და პენსილვანიის შტატებს. ამ შტატებს ექსპერტი "გადაბრუნებულებად" მოიხსენიებს იმდენად, რამდენადაც ამ შტატებში 2016 წლის კამპანიაში ტრამპმა გაიმარჯვა, ხოლო 2020 წელს კი - დამარცხდა. მეორე კატეგორია მოიცავს ფლორიდას, აიოვას, ჩრდილოეთ კაროლინას, ოჰაიოსა და ტეხასს. ამ შტატებს კვლევა "შენარჩუნებულების"კატეგორიას მიაკუთვნებს, რამდენადაც 2020 წელსაც, როგორც 2016 წლის კამპანიაში ისევ ტრამპმა გაიმარჯვა. ენტონი ფაბრიციოს ანალიზი გვიჩვენებს, რომ "გადაბრუნებულ" შტატებში და, ზოგადადაც, ტრამპის მარცხის ძირითადი მიზეზი ასაკიანი თეთრკანიანი ამომრჩეველის მხარდაჭერის კლებით არის განპირობებული. ამომრჩეველთა ეს კატეგორია, ტრადიციულად, ყოველთვის "რესპუბლიკელების" მხარდამჭერია. საერთო აღიარებით, 2016 წლის კამპანიაში ტრამპის გამარჯვება სწორედ ამ კატეგორიის ამომრჩეველთა მასობრივმა მხარდაჭერამ მოიტანა. ამ არგუმენტს ის ციფრებიც ამყარებს, რომ 2020 წელს საკუთარი, ლათინოამერიკელი ამომრჩევლის მხარდაჭერა რესპუბლიკელმა კანდიდატმა გააორმაგა, ხოლო შავკანიანი მომხრეების რაოდენობა, მიუხედავად რასობრივი კატაკლიზმებისა, წინა კამპანიის დონეზე შეინარჩუნა.

პრეზიდენტ ტრამპის 2020 წლის საარჩევნო კამპანიის კიდევ ერთი სერიოზული ნეგატიური ფაქტორი გახდა ე.წ. დამოუკიდებელ ამომრჩევლებს შორის მისი პოპულარობის კლებაც. ციფრები შთამბეჭდავია, "გადაბრუნებულ" შტატებში, 2016 წლის კამპანიასთან შედარებით, 2020 წელს მან ამ კატეგორიის ამომრჩევლის 19% დაკარგა, ხოლო ე.წ. "შენარჩუნებულ" შტატებში - 17%. უფრო მეტიც, 2020 წელს ტრამპმა დაკარგა თეთრკანიანი კონსერვატორული "მყარი" რესპუბლიკელების "გადაბრუნებული" შტატების 7% და მეორე კატეგორიის შტატების 6%. ბუნებრივია, ისმის კითხვა, თუ რამ განაპირობა ტრამპის ამომრჩეველთა კლება. ბატონი ფაბრიციოს და სხვა ანალიტიკოსების დასკვნების გაცნობა გვიჩვენებს, რომ საარჩევნო კამპანიის გარკვეულ კრიტიკულ ეტაპზე პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო შტაბის მიერ აქცენტები ზუსტად არ იქნა შერჩეული. გამოკვლეული, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შტატების ორივე ჯგუფის ამომრჩევლები უპირატესობას ანიჭებდნენ არა ახალი სამუშო ადგილების შექმნას და ეკონომიკის გაჯანსაღების საკითხებს, რაც ტრამპის ადმინისტრაციის უდავო მიღწევად მიიჩნეოდა, არამედ - "კოვიდ 19"-ის ეპიდემიასთან ბრძოლის ეფექტიანად ბრძოლას და გამწვავებული რასობრივი პრობლემების გადაჭრას. ამ მოცემულობამ დიდწილად ნიველირება მოახდინა რესპუბლიკური ადმინისტრაციის მიღწევების ეკონომიკისა და სოციალურ სფეროში. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ახალი რეალობების ფონზე გასათვალისწინებელია ნებისმიერი სახელმწიფოს პოლიტიკური ძალებისთვის და პოლიტიკოსებისთვის.

ახალ პოლიტიკურ რეალობას და არჩევნების შედეგებს უდავოა, ითვალისწინებენ პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკური მომხრეები და მისი პოლიტიკური შტაბის წევრებიც. 28 თებერვალს ორლანდოში  20 იანვრის შემდგომ მის პირველ საჯარო გამოსვლაში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აღარ შექმნის ახალ პოლიტიკურ პარტიას და აპირებს, გახდეს "რესპუბლიკური პარტიის" ერთადერთი ლიდერი - "ახალ პარტიებს არ ვქმნით. "რესპუბლიკური" პარტია გვაქვს და ჩვენი პარტია კიდევ უფრო ერთიანი და ძლიერი იქნება". ეს მას საშუალებას მისცემს, იყოს თანამედროვე ამერიკის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი და, შესაბამისად, კვლავაც იბრძოლოს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტისთვის მომავალ არჩევნებში. ეს უდავოდ სწორი და საფუძვლიანად გაანალიზებული გადაწყვეტილებაა. ამას ელოდებიან როგორც პრეზიდენტ ტრამპის მილიონობით მომხრეები, ასევე - მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგებიც ამერიკასა და მსოფლიოშიც. მაგალითად, (Associated Press)-მა უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ტრამპი უკვე მზად არის აქტიურ პოლიტიკაში დასაბრუნებლად და მედიასთან მეგობრული ურთიერთობების განახლებისთვის, რასაც ასე მოუთმენლად ელიან მისი შეუკავებელი მომხრეები". მიუხედავად იმისა, რომ კაპიტოლიუმში შეჭრის შემდგომ მრავალმა გავლენიანმა "რესპუბლიკელმა" ლიდერმა დონალდ ტრამპი ღიად და მძაფრად გააკრიტიკა, "რესპუბლიკელი" პოლიტიკოსები სწრაფად მიხვდნენ, რომ მათი პარტიის ამომრჩეველთა ძირითადი ნაწილი კვლავაც ყოფილი პრეზიდენტის ერთგული რჩება, ასეთი კი, ბოლო კვლევებით, 70%-ზე მეტია. საფფოლკის უნივერსიტეტის გამოქვეყნებული ბოლო სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, რესპუბლიკელ ამომრჩეველთა 59% მზად არის, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი კვლავ დონალდ ტრამპს დაუჭიროს. და უფრო მეტიც, "რესპუბლიკური პარტიის" რეგისტრირებულ წევრთა 46%, იმ შემთხვევაში, თუ ექსპრეზიდენტი ახალ პარტიას შექმნის, ამ პარტიაში გაწევრდება. ბოლო დღეებში, ერთდროულად, "რესპუბლიკური პარტიის" რამდენიმე გავლენიანმა ლიდერმა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ღიად აკრიტიკებდა დონალდ ტრამპს, მას საჯაროდ სრული მხარდაჭერა დაუდასტურა. მათ შორის არიან აღნიშნული პარტიის ნაციონალური კომიტეტის ხელმძღვანელი რონა მაკდენიელი და "რესპუბლიკელების" ლიდერი კონგრესში - კევინ მაკარტი.

ვფიქრობ, ამჟამად "რესპუბლიკურ პარტიაში" არსებული განწყობები კარგად გამოხატა არკანზასის შტატის "რესპუბლიკელმა" ლიდერმა ჯონათან ბარნეტმა, რომელმაც Politico-ს განუცხადა: "ჩვენ ის [ტრამპი] გვჭირდება, გვჭირდება მისი რჩევები და ამომრჩევლები". საკუთარ რეზიდენციაში - მარო ლაგოში "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებთან შეხვედრის შემდგომ ექსპრეზიდენტის პრესსამსახურმა მისი განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია: "75 მილიონმა  ხმა მისცა მოქმედ პრეზიდენტს, ეს ისტორიული რეკორდია! მალე ჩვენ წარმოვადგენთ ამერიკის ნათელი და უსაზღვრო მომავლის ხედვას". რთულია, ვინმე არ დაეთანხმოს ცნობილ ამერიკელ სოციოლოგ ჯონ ზოგბის, როდესაც ის აცხადებს, რომ: "რესპუბლიკური პარტია" კვლავაც დონალდ ტრამპს ეკუთვნის. ის პარტიის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ამიტომაც, დიდი ალბათობით, იგი კიდევ იყრის კენჭს და მოიგებს ["რესპუბლიკელების"] ნომინაციას". მართალია, ექსპრეზიდენტს ორლანდოში ღიად არ უთქვამს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა უკვე გადაწყვიტა, მაგრამ მრავლისმეტყველია, როდესაც ის აცხადებს: "შუალედურ არჩევნებში "დემოკრატები" გამანადგურებლად დამარცხდებიან და ოთხ წელიწადში თეთრ სახლსაც წააგებენ. მათ უკვე დაკარგეს თეთრი სახლი. ვინ იცის, შეიძლება, "დემოკრატების" მესამედ დამარცხება გადავწყვიტო". ბევრი რამ შეიცვლება უახლოეს წლებში ამერიკაშიც და მსოფლიოშიც, მაგრამ ერთი მოცემულობა უდავოა - დონალდ ტრამპის ფენომენი კვლავაც მოახდენს გავლენას ამერიკისა და მსოფლიოა პოლიტიკაზე, ვინმეს სურს ეს თუ - არა.

ნიკოლოზ მეტრეველი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის" დირექტორი