"აზერბაიჯანული აფერა": რისთვის სჭირდება ბაქოს გერმანელ პოლიტიკოსებზე გავლენა და რა მიზნები აქვს ალიევების კლანს?" - რას წერს "დოიჩე ველე"
"აზერბაიჯანული აფერა": რისთვის სჭირდება ბაქოს გერმანელ პოლიტიკოსებზე გავლენა და რა მიზნები აქვს ალიევების კლანს?" - რას წერს "დოიჩე ველე"
გერმანული "დოიჩე ველე" (Deutsche Welle) აქვეყნებს ვრცელ მასალას სათაურით - "აზერბაიჯანული აფერა": რისთვის სჭირდება ბაქოს გერმანელ პოლიტიკოსებზე გავლენა?"
როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, გერმანიის ბუნდესტაგის რამდენიმე დეპუტატს ბაქოს ინტერესების ლობირებისათვის აზერბაიჯანისგან ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. იბადება ბუნებრივი კითხვა: რა მიზნები აქვს ალიევების კლანს გერმანიაში?

ბუნდესტაგში სკანდალი სახუმარო ნამდვილად არ არის, მას კორუფციის სუნი ასდის. როგორც ჩანს, რამდენიმე გერმანელ დეპუტატს პირადი სარგებლის მიღება სურდა თავისი კონტაქტებისგან აზერბაიჯანის ხელისუფლებაში. გერმანიის პროკურატურის ყურადღების ცენტრში, პირველ რიგში,
მმართველი პარტიის - ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის ორი წევრი - აქსელ ფიშერი და მარკ ჰაუპტმანი მოექცა.

რამდენიმე დღის წინათ, მარტის დასაწყისში, აქსელ ფიშერის საპარლამენტო ოფისში და საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩატარდა, ანტიკორუფციული გამოძიების ჩარჩოებში, რომელიც დეპუტატის მიერ აზერბაიჯანისგან სავარაუდო ქრთამის აღებას უკავშირდება იმ პერიოდში, როცა იგი ევროსაბჭოს საპარლამენტო
ასამბლეაში მუშაობდა.
რაც შეეხება მარკ ჰაუპტმანს, მას ადანაშაულებენ 16 ათასი ევროს აღებაში, როდესაც იგი თავის გაზეთში - "ზიუდტურინგენ კურიერში" აზერბაიჯანულ ტურიზმს და ბროწეულის წვენს რეკლამირებდა. რეკლამას ახლდა სარედაქციო მასალები მსგავს თემებზე. მართალია, მარკ ჰაუპტმანი უარყოფს, რომ ასეთ მოქმედებას უკანონო ხასიათი ჰქონდა, მაგრამ მას მაინც მოუწია დეპუტატის მანდატთან დამშვიდობება - "პირბადეების სკანდალთან" დაკავშირებით.
აქსელ ფიშერი
კორუფცია თუ ჰუმანიტარული დახმარება?
აზერბაიჯანთან კორუფციულ კავშირებში ეჭვმიტანილია მარკ ჰაუპტმანისა და ალექს ფიშერის თანაპარტიელი თომას ბარაისი. საგაზეთო ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, 12 მარტს თომას ბარაისს წაუყენეს ბრალდება, რომ პანდემიის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ეს პოლიტიკოსი გერმანული ტექნიკის მწარმოებლებისგან ცდილობდა, პრიორიტეტი მიეღო აზერბაიჯანისთვის, სამედიცინო ტექნიკისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების მიწოდების მიზნით.
როგორც ჟურნალისტებმა გამოარკვიეს, 2019 წლის იანვარში თომას ბარაისი ბაქოში იმყოფებოდა ეკონომიკური დელეგაციის შემადგენლობაში და ილჰამ ალიევთან მიღებაზე იყო მიწვეული. თვითონ დეპუტატის მტკიცებით, იგი გერმანულ კომპანიებზე არავითარ ზეწოლას არ ახორციელებდა, ხოლო მისი მხარდაჭერა აზერბაიჯანისადმი, უბრალოდ, იმით აიხსნება, რომ მას ბაქოსადმი მხოლოდ "ჰუმანიტარული დახმარების" გაწევა სურდა.

აზერბაიჯანის ინტერესების ლობირება საპარლამენტო ასამბლეაში
სხვათა შორის, აქსელ ფიშერი, მარკ ჰაუპტმანი და თომას ბარაისი ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირში მომხდარი "აზერბაიჯანული აფერის" ერთადერთი ფიგურანტები არ არიან. დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჯერ კიდევ 2017 წელს გამოქვეყნებული მოხსენებიდან (სახელწოდებით - "ხიზილალის დიპლომატია") ცნობილია, რომ აზერბაიჯანი დიდი ხანია ცდილობს, გავლენა მოახდინოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებზე. მოხსენების ავტორების მტკიცებით, ბაქო დაკავებული იყო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის წევრების მოსყიდვით (მათ უნდა გაეკოტროლებინათ აზერბაიჯანის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება) და ქრთამის სახით მრავალრიცხოვან ძვირფას საჩუქრებს იყენებდა, მათ შორის - კასპიის ზღვის ცნობილ შავ ხიზილალას, ხალიჩებს, ძვირად ღირებულ ალკოჰოლურ სასმელებსა და საიუველირო ნაწარმს.
მარკ ჰაუპტმანი
მოხსენებაში დასახელებული არიან ბუნდესტაგის დეპუტატები საპარლამენტო ასამბლეაში, მაგალითად, დეპუტატი კარინ შტრენცი, რომელიც 2014-2015 წლებში, რამდენჯერმე იმყოფებოდა ბაქოში და იქ, თურმე, საშუამავლო ფირმის მეშვეობით, 22 ათასი ევრო გადაუციათ. ამის შედეგად მან ასამბლეაში კენჭისყრის დროს ხმა არ მისცა აზერბაიჯანელი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. სხვათა შორის, ბრალდების მიუხედავად, კარინ შტრენცი დღემდე ბუნდესტაგის დეპუტატია.
გამოძიება მიდის კიდევ ერთი ადამიანის, ამჯერად ყოფილი დეპუტატის - ედუარდ ლიტნერის წინააღმდეგ. მას ბრალად ედება რამდენიმე წლის წინ, ბაქოში ყოფნის დროს, ქრთამის აღება, სანაცვლოდ კი იგი აზერბაიჯანის ინტერესების ლობირებას ახდენდა ევროპაში, კერძოდ, ედუარდ ლიტნერი ევროპის საბჭოს იმ სადამკვირვებლო მისიაში შედიოდა, რომელმაც, ყველასათვის გასაკვირად, დადებითად შეაფასა აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ორგანიზაცია და შედეგები.

მუშაობა ალიევების ოჯახური კლანის იმიჯის გასაუმჯობესებლად
რა ინტერესები ამოძრავებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომელიც გერმანელ დეპუტატებს [და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებსაც] ესოდენ ძვირფას საჩუქრებს აძლევს?
"ამ შემთხვევაში საქმე მხოლოდ ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებასა და ინვესტიციების მიზიდვას არ ეხება. პირველ რიგში, აზერბაიჯანის ხელისუფლებას საკუთარი იმიჯის გაუმჯობესება სურს", - მიიჩნევს შტეფან მაისტერი, "ჰენრიხ ბიოლის ფონდის" წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თბილისში (როგორც ცნობილია, ეს ფონდი ახლოს დგას გერმანიის ოპოზიციურ "მწვანეთა" პარტიასთან).

"აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს, საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურების კეთილგანწყობის მოპოვების გზით, თავის ქვეყანას პოზიტიური სახე შეუქმნას და, ამრიგად, თავისი პოლიტიკური კურსის ლეგიტიმირება მოახდინოს", - ხაზს უსვამს ექსპერტი. არადა, აზერბაიჯანის პოლიტიკურ კურსს, პირველ რიგში, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახური კლანი განსაზღვრავს. 2003 წელს ილჰამ ალიევმა სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე მამამისი - ჰეიდარ ალიევი შეცვალა, ხოლო 2017 წელს ქმარმა-პრეზიდენტმა თავისი ცოლი მეჰრიბან ალიევა აზერბაიჯანის ვიცეპრეზიდენტად დანიშნა.

მაგრამ აზერბაიჯანის ხელისუფლების მისამართით გამოთქმული კრიტიკა მხოლოდ ალიევების პიროვნების კულტთან არ არის დაკავშირებული, არამედ - ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვის მძიმე მდგომარეობასთან. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის მონაცემებით, აზერბაიჯანში სამართლიანი სასამართლო არ არსებობს, არ ხდება იზოლატორებსა და საპყრობილეებში ადამიანთა გარდაცვალების შემთხვევების გამოძიება. კიდევ ერთი ორგანიზაციის - "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" მონაცემებით კი, პრესის თავისუფლების რეიტინგში აზერბაიჯანს 180 ქვეყანას შორის 168-ე ადგილი უკავია.

მცირე საჩუქრები პოლიტიკური სარგებლის მისაღებად
ევროპული მასმედიის ცნობით, აზერბაიჯანის იმიჯის გაუმჯობესების მიზნით მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით მიდის. პირველი - ქვეყანა, რომელიც ნავთობისა და გაზის გაყიდვით მნიშვნელოვნად არის გამდიდრებული, სულ უფრო მეტ ფულს დებს მსხვილი საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარებაში, მაგალითად, "ევროვიზია-2012"-ის სიმღერების კონკურსის მოწყობაში, სპორტულ ტურნირში "ევროპული თამაშები - 2015", ავტორბოლებში და ა.შ. 2021 წელს ბაქოში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის რამდენიმე მატჩიც უნდა ჩატარდეს.

როგორც უკვე ითქვა, აზერბაიჯანის ხელისუფლება ევროპელი პოლიტიკოსების კეთილგანწყობის მოპოვებას ძვირფასი საჩუქრების დახმარებით და სხვადასხვა წვეულებაზე მიპატიჟებით ცდილობს: "ეს ერთგვარი კორუფციაა, მართალია, ნაკლებად შესამჩნევი, მაგრამ - არსებითი", - ამბობს შტეფან მაისტერი, - "ალბათ, იმ დეპუტატებს, რომლებიც ფულს იღებენ, თავიანთ ქვეყანაში ბევრი პრივილეგიები არ აქვთ".

შეწყდება თუ არა აზერბაიჯანის ავტოკრატული ხელისუფლების ლობირება ზემოთ ხსენებული დეპუტატების წინააღმდეგ მიმართული გამოძიებით? შტეფან მაისტერი ეჭვობს, რომ არ შეწყდება: "ხომ არსებობს გერმანულ-აზერბაიჯანული რიგი ორგანიზაციები, კათედრები უნივერსიტეტებში, კულტურული და ეკონომიკური ინსტიტუტები? არ ვფიქრობ, რომ გერმანიის მმართველი პარტიები მათ წინააღმდეგ თანმიმდევრულად იბრძოლებენ. რეაქცია მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მასმედია ხმაურს ატეხავს ხოლმე", - განმარტავს ჰენრიხ ბიოლის ფონდის წარმომადგენელი. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ

გიორგი
23 მარტი 2021 16:03
იმედია მალე გაირკვევა გარეჯის ამბავი, მართლა აიღო ვინმემ ქრთამი თუ უსამართლოდ აბრალებენ!
ჯეკო
22 მარტი 2021 17:28
გარეჯის საფასური მიშკამ იცის
ევა
17 მარტი 2021 20:31
ნეტა გარეჯში რამდენი გადაიხადეს?

რუბრიკის სხვა სიახლეები