"ვაშინგტონში პუტინს აშშ-ის "აქილევსის ქუსლად" მიიჩნევენ" - რას წერს თურქული გამოცემა აშშ-რუსეთის ურთიერთობის ბოლო დღეების გამწვავებაზე
"ვაშინგტონში პუტინს აშშ-ის "აქილევსის ქუსლად" მიიჩნევენ" - რას წერს თურქული გამოცემა აშშ-რუსეთის ურთიერთობის ბოლო დღეების გამწვავებაზე
თურქული პრესა აქტიურად კომენტირებს აშშ-რუსეთის ურთიერთობის ბოლო დღეების გამწვავებას, კერძოდ, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამონათქვამს თავისი რუსი კოლეგის ვლადიმერ პუტინის მიმართ - "დიახ, ის მკვლელია", რომლის შემდეგ რუსეთმა აშშ-დან ელჩი გაიწვია "კონსულტაციებისთვის".

თურქულ გაზეთ "საბაჰში" (Sabah) დაბეჭდილია სტატია სათაურით - "პუტინი - აშშ-ის აქილევსის ქუსლი", რომლის ავტორი, პოლიტიკური მიმომხილველი ბერჯან თუთარი წერს, რომ ჯო ბაიდენმა თავისი პოზიციის საჯაროდ გაჟღერებით ცივილიზებულ საზოგადოებაში მიღებული საყოველთაოდ აღიარებული ყველა წესი დაარღვია: "უწოდა რა ერთ-ერთ ტელეინტერვიუში
პუტინს "მკვლელი" და "უსულგულო ადამიანი, ჯო ბაიდენმა სინამდვილეში აჩვენა ტიპური ისტერიული რეაქცია იმ ადამიანისა, რომელიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა [და მეტოქის ლანძღვა-გინებას იწყებს].

ჯო ბაიდენმა არგუმენტებად გამოიყენა ვლადიმერ პუტინის არა ერთი ჩარევა აშშ-ის არჩევნებში. ცხადია, განსაკუთრებით მტკივნეული იყო, აგრეთვე, ბაიდენების ოჯახისათვის იმ ინფორმაციის გავრცელება რუსეთის მიერ,
რომლის თანახმად, მამა-შვილი - ჯო და ჰანტერი უკრაინულ კორუფციაში არიან ჩაბმულნი, თუმცა ეს პირადულია, მთავარი სულ სხვაა:

"ვაშინგტონში ვლადიმერ პუტინს აშშ-ის "აქილევსის ქუსლად" მიიჩნევენ. სწორედ მისი წყალობით დაკარგა აშშ-მა მსოფლიოს ჰეგემონობა. სწორედ ამან გამოიწვია ამერიკის ლიდერის ბაგეთაგან წარმოთქმული ბრალდებებიც. ამ კონტექსტში ვლადიმერ პუტინმა, ხატოვნად რომ ვთქვათ, "მკვლელობა ჩაიდინა" (ამერიკის ჰეგემონობა მოკლა). შესაბამისად, იგი მკვლელია, თუმცა არაპირდაპირი მნიშვნელობით", - წერს ავტორი.

ექსპერტი იხსენებს, რომ 2007 წელს მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ არ შეიძლება, მსოფლიო მხოლოდ ერთი სახელმწიფოს ჭკუაზე იმართებოდესო და ამით მან ხელი ვაშინგტონისაკენ გაიშვირა. მოგვიანებით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის პრეზიდენტმა კავკასიური მოვლენების დროს აჩვენა, რომ იგი ამერიკას მსოფლიოს ერთადერთ ზესახელმწიფოდ არ მიიჩნევს. "უკრაინაში და სირიაში ჩარევით კი რუსეთმა ბოლო მოუღო აშშ-ის ტერორიზმთან ბრძოლის სტრატეგიას. ამ ნაბიჯებს რომ დგამდა, რუსეთის ლიდერს, ცხადია, მხარდაჭერა ჰქონდა ორი მნიშვნელოვანი მოთამაშისაგან - ჩინეთისა და თურქეთისაგან", - წერს სტატიის ავტორი.

ბერჯან თუთარის ვარაუდით, ამჟამად რუსეთი აშშ-ის სტრატეგიას ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონებში ემუქრება. სწორედ რუსეთის ინდოეთზე ზეგავლენით არ განხორციელდა "აზიური ნატოს" შექმნის გეგმა, რომელიც ჩინეთის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული. გარდა ამისა, რუსეთმა თავისი წყნარი ოკეანის სამხედრო ფლოტი უახლესი ტიპის რაკეტებით აღჭურვა, რითაც აშშ-ის გემების თავისუფალი ცურვა დასრულდა. ამერიკას უკვე აღარ შეუძლია წყნარ ოკეანეში ძველებურად ისე მოიქცეს, როგორც თვითონ სურს.

ავტორი აღნიშნავს რუსეთის გავლენის გაძლიერებას აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში, რომელსაც ვაშინგტონი თავის "უკანა ეზოდ" მიიჩნევს. ამერიკას დღეს რუსეთის წინააღმდეგ მხოლოდ რიტორიკაღა დარჩა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დარღვევების სფეროში. მოკლედ, სინამდვილეში, უწოდა რა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს "მკვლელი", რომელმაც ამერიკის ყველა ოცნება დაასამარა, აშშ-ის პრეზიდენტმა ამით თავისი ქვეყნის გეოპოლიტიკური მარცხი აღიარა", - ასკვნის ავტორი. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები