"ფინური საიდუმლო": როგორ შემცირდა ლოთობა და სუიციდი" - რომელია ყველაზე ბედნიერი ქვეყნები და რომელ ადგილს იკავებს საქართველო? - კვირის პალიტრა

"ფინური საიდუმლო": როგორ შემცირდა ლოთობა და სუიციდი" - რომელია ყველაზე ბედნიერი ქვეყნები და რომელ ადგილს იკავებს საქართველო?

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია ბი-ბი-სის რუსულმა სამსახურმა (BBC Russian) გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "ბედნიერების ინდექსი: პანდემიის მიუხედავად, ფინეთი კვლავ პირველ ადგილზეა, რუსები კი სულ უფრო სევდიანები ხდებიან", სადაც გაანალიზებულია მონაცემები მსოფლიოს მოსახლეობის ბედნიერების დონის შესახებ, ცალკეული ქვეყნების მიხედვით. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

"ცხოვრება საამურია": ყველაზე ბედნიერი ქვეყნები

ფინეთმა ზედიზედ მეოთხედ დაიკავა პირველი ადგილი რეიტინგში მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ქვეყნებს შორის, რომლის დადგენა ყოველწლიურად გაეროს ეგიდით ხდება. ფინეთის შემდეგ მოდიან მისი ევროპელი მეზობლები - დანია, შვეიცარია, ისლანდია და ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი, ლუქსემბურგი, ახალი ზელანდია (ერთადერთი არაევროპული ქვეყანა) და ავსტრია.

დიდმა ბრიტანეთმა წინა წლების მე-13 ადგილიდან მე-17-ზე ჩამოიწია. ბედნიერი ქვეყნების პირველ ოცეულში სრულიად ობიექტურად მოხვდნენ აშშ, კანადა, ავსტრალია, აგრეთვე, ისრაელი, რომლის მოსახლეობა სტაბილურად მიიჩნევს თავს ბედნიერად.

რუსეთი პირველ ასეულში: 76-ე ადგილი

სოციოლოგების მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან სიის პირველ 50 ქვეყანას შორის 38-ე და მე-40 ადგილები დაიკავეს ლიეტუვამ და ესტონეთმა, 42-ე - უზბეკეთმა, 45-ე - ყაზახეთმა. აღსანიშნავია, რომ ლატვია 50 ბედნიერი ქვეყნის მიღმა აღმოჩნდა - 51-ე ადგილზე. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან სიაში შემდეგ მოდის მოლდოვა (65-ე), ყირგიზეთი (67-ე) და ბელარუსი (75-ე), რომელმაც ერთი გრაფით გაუსწრო 76-ე ადგილზე მყოფ რუსეთს. სხვათა შორის, რუსეთში სულ უფრო მცირდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც თავს ბედნიერად გრძნობენ: ბედნიერების ინდექსი (ანუ განსხვავება მათ შორის, ვინ თავს ბედნიერად და უბედურად გრძნობს) რუსეთში ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეზე აღმოჩნდა. სიის პირველ ასეულში შევიდნენ ტაჯიკეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთი.

საქართველო პირველი ასეულის მიღმა: 108-ე ადგილი რეიტინგის მიხედვით, საქართველო 108-ე ადგილზეა, ხოლო უკრაინელებს, რომლებიც თავს ქართველებზე უბედურად გრძნობენ, რეიტინგში 110-ე ადგილი უკავიათ. ყველაზე უბედურ ქვეყნებს კი წარმოადგენენ: ავღანეთი, ლესოტო, ბოტსვანა, რუანდა და ზიმბაბვე. საერთოდ კი, მსოფლიოში ბედნიერების ინდექსი 2019 წლის 48%-დან 2020-ში 40%-მდე დაეცა. როგორც გაეროს ეგიდით გამოკითხვის ჩამტარებელი კომპანია "რომირის" ხელმძღვანელმა ანდრეი მილეხინმა აღნიშნა, სოციოლოგების დაკვირვებით, ბედნიერების დონე მაინცდამაინც ძალიან არ არის დამოკიდებული შემოსავლების დონეზე. ბედნიერების დონეზე უფრო მეტად სამართლიანობისა და საკუთარი განვითარების შეგრძნების განცდა მოქმედებს. მაგალითად, რუსები საკუთარ თავს მეზობლებს კი არ ადარებენ, როგორც სხვა ქვეყნების მოქალაქეები იქცევიან, არამედ - ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში ზოგადად არსებულ სიტუაციას".

რეიტინგის შედგენისას გამოყენებული იქნა გელაპის ინსტიტუტის ანალიტიკური მონაცემები, სადაც შეტანილია ამ ორგანიზაციის მიერ გამოკითხული 149 ქვეყნის მოსახლეობის თვალსაზრისი, თუ რამდენად კმაყოფილნი არიან ისინი ცხოვრებით. კრიტერიუმებს შორის გათვალისწინებული იქნა ისეთი მაჩვენებლები, როგორიც არის საზოგადოებრივი მდგომარეობა, პირადი თავისუფლება, მთლიანი ეროვნული პროდუქტის მოცულობა და კორუფციის დონე ქვეყანაში.

"ფინური საიდუმლო": როგორ შემცირდა ლოთობა და სუიციდი "ფრანს პრესის" ცნობით, თვით ფინეთში, რომლის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მაინცდამაინც ენაწყლიანობით და უხვსიტყვაობით არ გამოირჩევა, მოხსენების ავტორთა დაკვნის მიმართ გაკვირვება გამოხატეს: "როცა მე ამის შესახებ პირველად გავიგე - და არა მარტო მე - სიცილის გუნებაზე დავდექი", - უთხრა ფრანგულ სააგენტოს ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანიის თანამშრომელმა ტონი ილმონმა.

და მაინც, ფინეთის წარმატება შეიძლება იმით აიხსნას, რომ ამ ქვეყანას სოციალური მხარდაჭერის კარგი სამსახურები აქვს, აქ დამნაშავეობის დაბალი დონეა, ხელისუფლების ორგანოებისადმი ნდობა კი - მაღალი. "კაცმა რომ თქვას, ჩვენ მართლაც კარგი მონაცემები გვაქვს: ქუჩაში არავინ მათხოვრობს, უბინაოდ არავინ არის, ყველას თავისი სახლ-კარი აქვს. უმუშევრობა, მართალია, არის, მაგრამ სოციალური და ჯანდაცვის სამსახურებიც კარგად მუშაობენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია", - ეუბნება სააგენტო "ფრანს პრესის" კორესპონდენტს ყვავილების გამყიდველი რიიტა მატილაინენი, - "თუმცა ჩვენთვის უფრო კარგი იქნებოდა, რომ შედარებით მეტად ხალისიანები და გულღიები ვიყოთ".

წარსულში ფინეთის მოსახლეობა ალკოჰოლიზმისა და თვითმკვლელობის მაღალი დონით გამოირჩეოდა, რაც გრძელი ზამთრითა და სპეციფიკური მდგომარეობით აიხსნებოდა, თუმცა ბოლო ათწლეულში, მოსახლეობის ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული პროგრამის რეალიზებით, ლოთობისა და სუიციდის დონე თითქმის განახევრდა.

პანდემიის გავლენა: "პლუსები" და "მინუსები"

როგორც რეიტინგის შემდგენლები აღნიშნავენ, მსოფლიოს ქვეყნების ერთ მესამედში მნიშვნელოვნად გაიზარდა ნეგატიური ემოციების დონე, რაც, ალბათ, კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება, თუმცა იმავდროულად, 22 ქვეყანაში, წინა წელთან შედარებით, მოსახლეობა თავს უფრო უკეთესად და მხიარულად გრძნობს. კერძოდ, ბედნიერების დონემ შესამჩნევად მოიმატა აზიის ბევრ ქვეყანაში - მაგალითად, ჩინეთში, რომელმაც 94-ე ადგილიდან უცებ 84-ე ადგილზე გადაინაცვლა.

"ჩვენ გაკვირვებულები ვართ იმით, რომ მთლიანობაში ადამიანთა კეთილდღეობის დონის დაცემა მათივე შეფასებებში ვერ აღმოვაჩინეთ", - ამბობს მოხსენების ერთ-ერთი ავტორი ჯონ ჰელიველი, - "ამის ერთ-ერთი ახსნა შეიძლება იმაში მდგომარეობდეს, რომ ადამიანები კორონავირუსის პანდემიას განიხილავენ არა მხოლოდ პირადულ საფრთხედ, არამედ - ყველას წინააღმდეგ მიმართულს, რაც სოლიდარობისა და მხარდაჭერის გრძნობას აძლიერებს".

რეიტინგის შემდგენლების თქმით, ფინეთში განსაკუთრებით მაღალია ურთიერთნდობის გრძნობა. მისი ერთ-ერთი შედეგია ის, რომ პანდემიის დროს მოსახლეობის ცხოვრების დონე მეტ-ნაკლებად შენარჩუნდა. ამ სკანდინავიურმა ქვეყანამ, 5,5- მილიონიანი მცხოვრებით, პანდემია ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთ გადაიტანა - რეგისტრირებული იქნა ინფიცირების მხოლოდ 70 ათასი და სიკვდილის მხოლოდ 805 შემთხვევა. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ