"შავი სია" დამტკიცებულია - ევროსაბჭომ რუსეთის, ჩინეთისა და ლიბიის 11 მოქალაქეს სანქციები დაუწესა" - კვირის პალიტრა

"შავი სია" დამტკიცებულია - ევროსაბჭომ რუსეთის, ჩინეთისა და ლიბიის 11 მოქალაქეს სანქციები დაუწესა"

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის, ჩინეთისა და ლიბიის 11 მოქალაქეს სანქციები დაუწესეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"შავი სია" დამტკიცებულია. მასში 11 ფიზიკური პირია შესული, მათ შორის რუსეთის, ჩინეთისა და ლიბიის მოქალაქეები,"- განაცხადა წყარომ რუსულ მედიასთან საუბარში.

მისივე თქმით, სანქციების დაწესების მიზეზი აღნიშნული მოქალაქეების ადამიანის უფლებების დარღევაში მონაწილეობაა.

წყარომ ასევე განაცხადა, რომ სანქციების თანახმად, აღნიშნულ 11 პირს, რომელთა სახელები უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება, ევროკავშირში შესვლა აეკრძალებათ, ბლოკის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე კი მათი აქტივები გაიყინება.

ცნობისათვის, დღესვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჩინურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთისა და ჩინეთის დასჯის მიზნით მათ წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება "არაგონივრული" ნაბიჯია.