"გახდება თუ არა შოიგუ პუტინის პოლიტიკური მემკვიდრე" - რას წერს ნორვეგიული გამოცემა და რუსეთის პრეზიდენტის რომელმა ფოტოებმა მიიქცია ყურადღება - კვირის პალიტრა

"გახდება თუ არა შოიგუ პუტინის პოლიტიკური მემკვიდრე" - რას წერს ნორვეგიული გამოცემა და რუსეთის პრეზიდენტის რომელმა ფოტოებმა მიიქცია ყურადღება

დასავლური პრესა კომენტარს უკეთებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს იმ ფოტოსურათებს, რომლებზეც ორი მეგობარი შაბათ-კვირის დასვენების დროს არიან გამოსახულნი. როგორც ცნობილია, 20-21 მარტს ორივე ტუვის ავტონომიურ ოლქში იმყოფებოდა, რომელიც სერგეი შოიგუს სამშობლოს წარმოადგენს.

ნორვეგიული გაზეთი "ვერდენს განგი" (Verdens Gang) სტატიაში "პუტინის ფოტოები: ეს შემთხვევითი არ არის" წერს, რომ ასეთი სურათები სპეციალურად ვრცელდება წელიწადში ერთხელ მაინც: ამაში გამოიხატება იდეა, რომ რუსებმა დაინახონ - მათი ლიდერი ჯანმრთელი და შრომისუნარიანია, იგი ნამდვილი რუსი კაცია, რომელიც აქტიურად ისვენებს, დადის რუსულ ტაიგაში და ველ-მინდვრებში.

ექსპერტ ბერნარ მორის თქმით, მსგავსი ფოტოები ადრეც გამოქვეყნებულა და დასამალი არაა, ის გარკვეული პოპულარობით სარგებლობს - მაგალითად, ვლადიმერ პუტინი თევზაობის დროს, როცა პრეზიდენტი წელს ზევით შიშველია. ექსპერტის აზრით, რუსულ მასმედიაში 21 მარტს გამოქვეყნებული ფოტოსურათების ირგვლივ თვალსაზრისები ორ ჯგუფად არის გაყოფილი: რეჟიმის მიმართ ლოიალურად განწყობილები წერენ - "შეხედეთ, რა მაგარია, ჩვენი პრეზიდენტი ასეთი ჯერ არ გვინახავს", კრიტიკულად განწყობილები კი აღნიშნავენ - "ძალიან ძვირფასი ტყავის ქურთუკი ჩაუცვამს, უდარდელად დადის მუხლუხიანი ყველგანმავლით და ამ დროს მისი თანამემამულეები გაჭირვებაში ცხოვრობენ".

რაც შეეხება სერგეი შოიგუს, უმრავლესობას იგი მოსწონს, თუმცა ბევრიც ირონიულად უყურებს. "სერგეი შოიგუ ვლადიმერ პუტინს რამდენიმე წელია, თან დაჰყვება მსგავსი მოგზაურობების დროს. მას მუდამ პრეზიდენტის გვერდზე ვხედავთ. შემთხვევით არ მიიჩნევენ სერგეი შოიგუს ვლადიმერ პუტინის "მარჯვენა ხელად". რა თქმა უნდა, ეს ფაქტი პრეზიდენტის იმიჯის შესაქმნელად უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. როგორც რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, თავდაცვის მინისტრის ჯანსაღ ფორმაში ყოფნაც ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტიას წარმოადგენს. უკვე დაიწყეს მკითხაობა იმაზე, გახდება თუ არა სერგეი შოიგუ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური მემკვიდრე", - ამბობს ნორვეგიელი ექსპერტი.

არც ის არ არის საიდუმლო, რომ ვლადიმერ პუტინს უყვარს ხოლმე თავი ველური ბუნების კარგ მცოდნედ წარმოაჩინოს, როგორც მან, მაგალითად, 2017 წლის ზაფხულში, ციმბირში სერგეი შოიგუსთან ერთად ყოფნის დროს გააკეთა. ვისაც ახსოვს, იმ დროს "ბიჭებმა" (პრეზიდენტმა და მინისტრმა) ტანსაცმელი გაიძრეს და წელს ზემოთ შიშვლები კუნთებს ათამაშებდნენ.

"ვლადიმერ პუტინის ასეთი ფოტოსურათები მისი სახის რებრენდინგის მნიშვნელოვანი ელემენტია: იგი ქვეყნის მოსახლეობას ჯანმრთელ ადამიანად უნდა წარუდგეს თავისი ასაკის (69 წელი) გათვალისწინებით. პრეზიდენტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ იგი რუსებმა "ერის მამად" მიიღონ - ანუ იმ ადამიანად, რომელსაც სახელმწიფოს მართვა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეუძლია. რუსეთში ვლადიმერ პუტინი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას ზემოდან უყურებს. იგი იშვიათად, თითქმის არასოდეს მონაწილეობს სატელევიზიო პოლიტიკურ დებატებში, სხვა რუსი პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით - ვლადიმერ პუტინი რუსეთის განვითარების შესახებ "წვრილმანი დისკუსიების" ზემოთ დგას", - განმარტავს ექსპერტი. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ