"რატომ არ სურს საქართველოს "სპუტნიკი-V"-ით აცრების ჩატარება" - რას წერს რუსული მედია - კვირის პალიტრა

"რატომ არ სურს საქართველოს "სპუტნიკი-V"-ით აცრების ჩატარება" - რას წერს რუსული მედია

რუსული ტელეკომპანია "დოჟდის" ("ТВ Дождь") საავტორო პროგრამაში, რომლის ხელმძღვანელი ჟურნალისტი ეკატერინე კოტრიკაძეა, 23 მარტს ისაუბრეს კორონავირუსის ვაქცინების გამოყენების შესახებ მსოფლიოს ქვეყნებში, მათ შორის - საქართველოშიც. გადაცემის ტექსტური ვერსია გამოქვეყნებულია სათაურით - "წამალი სახელმწიფოსაგან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული", ანუ რატომ არ სურს საქართველოს "სპუტნიკი-V"-ით აცრების ჩატარება". გთავაზობთ გადაცემის სტენოგრამას მცირე შემოკლებით:

ეკატერინე კოტრიკაძე: როგორც იქნა, რუსეთის პრეზიდენტი კორონავირუსზე აიცრა და ამით რუსეთის მოსახლეობას, რომელიც თითქოსდა აცრას თავს არიდებს - ეჭვი მაქვს, სახელმწიფოს მეთაურის პოზიციის გამო - ვლადიმერ პუტინმა პირადი მაგალითი მისცა. თავისი მრავალრიცხოვანი კოლეგებისგან განსხვავებით, ვლადიმერ პუტინი არ ჩქარობდა აცრის ჩატარებას, უფრო მეტიც - იგი ხაზგასმულად დადიოდა პირბადის გარეშე და გრანდიოზულ შოუშიც მიიღო მონაწილეობა ყირიმის "შემოერთების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით, სადაც მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა პირბადის გარეშე იყო. ამით მათ ყოველგვარი ანტიკოვიდური უსაფრთხოების წესები დაარღვიეს და თავიანთი მოქმედებით აჩვენებდნენ - ჩვენ არ გვეშინია, პანდემია დავამარცხეთ!".

რა თქმა უნდა, აღსანიშნავია ის მომენტი, რომ რუსეთის ლიდერი საჯაროდ არ აიცრა - "ჩვენ სხვებს არ ვგავართ, ჩვენთან ასეთი რამ არ მოხდება". (კადრები უცხო ქვეყნების პრეზიდენტთა აცრების ჩვენებით).

თუმცა დავივიწყოთ აცრის ფორმა და მის არსზე ჩავფიქრდეთ: ვლადიმერ პუტინი, როგორც ჩანს, მომწიფდა იმისთვის, რომ აჩვენოს - ვაქცინა "სპუტნიკი-V" რუსეთისთვის ბოლო დროის მთავარ საერთაშორისო პოლიტიკურ გამარჯვებას წარმოადგენს. რუსულ ვაქცინას კარგი პერსპექტივები აქვს საზღვარგარეთ ექსპორტისთვის, რაც დასავლელი ქედმაღალი ლიბერალებისთვის ცხვირში წკიპურტს ნიშნავს. განა ეს რუსეთის "ტრიუმფი" არ არის?

"სპუტნიკი-V"-ის გამარჯვება უფრო ტკბილი ხდება ბრიტანულ-შვედური წარმოების, კომპანია "ასტრაზენეკას" ვაქცინასთან დაკავშირებული დავის ფონზე - რაღაც, საქმე ისე არ წავიდა, როგორც უნდა წასულიყო: მარტის დასაწყისიდან ევროპის 20-ზე მეტმა ქვეყანამ ამ ვაქცინით აცრები შეაჩერა, ვაქცინაციის შემდგომ თრომბების გაჩენისა და ემბოლიის გამოვლენის გამო. არის ლეტალური შედეგიც - პაციენტების სიკვდილი. ჯანმოში აცხადებენ, რომ "ასტრაზენეკას" პრეპარატით ვაქცინაციასა და ემბოლიას შორის კავშირი არ არსებობსო. ეს ვაქცინა შეამოწმეს სამკურნალო საშუალებების ევროპულ სააგენტოშიც და წუნი ვერ უნახეს - განაცხადეს, რომ პრეპარატი უსაფრთხო და ეფექტიანია. ამის დასადასტურებლად "ასტრაზენეკით" აიცრნენ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრები.

და მაინც, ვაქცინის ირგვლივ რაღაც გაურკვევლობა არსებობს, ერთგვარი ბურუსი არის ჩამოწოლილი. რამდენიმე ქვეყანაში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, აღმოაჩინეს, რომ "ასტრაზენეკას" ზოგიერთ შემთხვევაში მართლაც შეუძლია აუტოიმუნური რეაქციის გამოწვევა და თავის ტვინში თრომბების გაჩენა. ამის შესახებ ამერიკული "უოლ-სთრით ჯორნელი" იტყობინება. ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ აპირებს სადავო თვისებების მქონე პრეპარატით აცრების გაგრძელებას. საერთოდ, სკანდინავიელები, კერძოდ, დანიელებიც და შვედებიც ეჭვის თვალით უყურებენ "ასტრაზენეკას" და აცრებს არ აწარმოებენ. თუმცა გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში მის გამოყენებას დაუბრუნდნენ.

ამჟამად ხშირად ლაპარაკობენ, რომ კორონავირუსის მესამე ტალღაა მოსალოდნელი და შესაძლოა, ვაქციის რაოდენობა ყველასთვის საკმარისი არ აღმოჩნდეს. რა დასამალია და, ევროპიდან ბევრი ჩვენი თანამემამულე მოსკოვში ჩამოდის, სადაც ვაქცინაციის ჩატარება იოლია, სწრაფია და რიგებიც არ არის. ცალკე საკითხია, თუ რატომ არ მიმდინარეობს რუსეთში ვაქცინაციის რეკლამირება? იქნებ "სპუტნიკი" ცოტაა და საკმარისი რაოდენობით არ მზადდება? ასეა თუ ისე, რადგანაც პრეზიდენტი უკვე აიცრა და "სპუტნიკის" რეგისტრაციის საკითხს უკვე წამლების ევროპულ სააგენტოში იხილავენ, მისი გამოყენების შანსები ცუდი არ არის...

მაგრამ არიან ისეთი სახელმწიფოები, სადაც არავითარ შემთხვევაში არ აიცრებიან რუსული ვაქცინით. მე ვლაპარაკობ იმ ქვეყნებზე, რომლებთანაც მოსკოვს კატასტროფული დამოკიდებულება და ცუდი ურთიერთობები აქვს, ანუ ვისთანაც რუსეთს ომი ჰქონდა და ახლა მათი ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებს, უპირველეს ყოვლისა - საქართველო და უკრაინა.

საქართველოში ვაქცინაციის საკითხი რთულად მიმდინარეობს, თბილისმა მხოლოდ მარტის შუა რიცხვებში მიიღო "ასტრაზენეკას" ვაქცინა, გაეროს "კოვაქსის" პროგრამით ანუ - უფასოდ. მოგვიანებით იქნება ვაქცინა "ფაიზერიც", მაგრამ, სამწუხაროდ, "ასტრაზენეკათი" აცრილი ერთი პაციენტი გარდაიცვალა - ახალციხის ერთ-ერთი კლინიკის მედდა. გამოძიება დაწყებულია, არის ეჭვი, რომ 27 წლის ქალს ვაქცინისადმი ანტიჩვენება ჰქონდა. ცხადია, საქართველოშიც, ევროპის მსგავსად, დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რამდენად შეიძლებოდა "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრების ჩატარება...

ამ საკითხზე ჩვენ ახლა ქართველ იმუნოლოგთან - ბიძინა კულუმბეგოვთან ვიმსჯელებთ, რომელიც თბილისიდან ერთვება. ცხადია, ვსაუბრობთ ქართულად, რომელიც რუსულ ენაზე სინქრონულად ითარგმნება.

- პირველი კითხვა: განაახლეს თუ არა ვაქცინაცია საქართველოში?

- ჩვენთან ვაქცინაცია არც შეწყვეტილა. "ასტრაზენეკას" გამოყენება ერთი კვირის წინ დავიწყეთ, 15 მარტიდან და პროცესი არ შეწყვეტილა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის 17-მა ქვეყანამ აცრები შეაჩერა. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მთავარი რეკომენდატორი ჯანმო უნდა ყოფილიყო და რადგანაც ჯანმომ განაცხადა, რომ არანაირი საფრთხე არ არის, შესაბამისად, საქართველო ვაქცინაციას აგრძელებს.

- ანუ თქვენ, როგორც იმუნოლოგი, ვერ ხედავთ რამე კავშირს "აზტრაზენეკას" ვაქცინასა და მედდის სიკვდილს შორის? - მინდა ვთქვა, რომ ვაქცინაციის დროს რისკი არსებობს. პროცესის კონტროლი მსოფლიოსთვისაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან [ადამიანის ორგანიზმში] ჩარევა ძალიან მოკლე დროში ხდება და თან - მასობრივად, კონტროლი სუსტდება. მოვიყვან ასეთ მაგალითს: დღეღამის განმავლობაში დედამიწაზე საშუალოდ 150 ათასი ადამიანი კვდება. თუ წარმოვიდგენთ, რომ ხვალ პლანეტის 7,8 მილიარდიან მოსახლეობას ვაქცინით აცრიან, მაშინ მომდევნო დღეს 150 ათასი მაინც მოკვდება, რადგან ეს ბუნებრივი პროცესია. ჯერჯერობით არ ჩანს, რომ "ასტრაზენეკათი" აცრილ ადამიანებში სიკვდილიანობა უფრო მაღალია, ვიდრე მათში, რომლებიც არ აცრილან.

- გასაგებია, მაგრამ მაინც იბადება კითხვები: რამდენადაც საქართველო ვაქცინას "კოვაქსის" პროგრამით იღებს, ხომ არ აღმოჩნდა ქვეყანა გამოუვალ მდგომარეობაში? ხომ არ არის იძულებული საქართველო, რომ მიიღოს ის, რასაც აწვდიან? - გმადლობთ ამ კითხვისთვის. რა თქმა უნდა, თუ მე არჩევანი მექნება, [უკეთესია]. მაგალითად, საფრანგეთში როგორც აკეთებენ - ფრანგებს ევროპული რეგულატორი ეუბნება, რომ თქვენ შეგიძლიათ "ასტრაზენეკა" გამოიყენოთ, ის უსაფრთხოა (ამ ეტაპის მონაცემებით). მაგრამ საფრანგეთი მაინც წყვეტს, რომ 55 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის ამ პრეპარატს არ გამოიყენებს, მას აქვს შესაძლებლობა "ფაიზერით" აიცრას.

ერთი მხრივ, საქართველო, მორალური და სამედიცინო თვალსაზრისით, ჯანმოს რეკომენდაციას ენდო. მეორე მხრივ კი, ინდივიდუალურ, ეროვნულ დონეზე, საქართველოს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

- როგორ მიგაჩნიათ, რამდენად ხარისხიანი და უსაფრთხოა რუსული ვაქცინა "სპუტნიკ-V"? მიგაჩნიათ თუ არა დასაშვებად, რომ რუსული ვაქცინით საქართველომაც ისარგებლოს? - მე ასეთი დამოკიდებულება მაქვს: ყოველი ვაქცინა, სადაც უნდა იყოს დამზადებული, მარეგულირებელი ორგანოს მიერ უნდა იყოს რეკომენდებული. მიუხედავად იმისა, რომ [ცნობილ სამედიცინო ჟურნალ] "ლანცეტში" გამოქვეყნდა - "სპუტნიკმა" შემოწმების მესამე ფაზაც გაიარაო, ეს სიმპტომატურად გამოიყურება, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორ მზადდება ის მასობრივად, რომელი ფაბრიკა აწარმოებს. [შევადაროთ]: საქართველოს ერთი ცალი ავტომანქანა "მერსედესის" აწყობა შეუძლია, მაგრამ ჩვენ მას გერმანიაზე უკეთესად მაინც ვერ შევძლებთ. ამიტომაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რას იტყვიან მარეგულირებელი ორგანოები - წამლების ევროპული სააგენტო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია... თუ ისინი აღიარებენ "სპუტნიკს", მაშინ მე, როგორც ექიმი, არ ვიქნები გამოყენების წინააღმდეგი. თუმცა აქ ჩნდება ქვეყნებს შორის ურთიერთობის საკითხიც... პირადად მე, როგორც ამ ქვეყნის შვილი, როგორც ადამიანი, მხარს არ ვუჭერ იმ სახელმწიფოს მიერ დამზადებული წამლის გამოყენებას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.

- დიდი მადლობა, ჩვენ ზუსტი პასუხები მივიღეთ დასმულ კითხვებზე. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ