"როგორი განაჩენი გამოუტანა ბერლინის სასამართლომ ოჯახის ღირსების "დამცავ" ჩეჩნებს და რა აკავშირებთ საქართველოსთან" - რას წერს გერმანული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"როგორი განაჩენი გამოუტანა ბერლინის სასამართლომ ოჯახის ღირსების "დამცავ" ჩეჩნებს და რა აკავშირებთ საქართველოსთან" - რას წერს გერმანული გამოცემა?

გერმანულმა "დოიჩე ველემ" (Deutsche Welle) გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "განქორწინება, როგორც მკვლელობის მოტივი: როგორი განაჩენი გამოუტანა ბერლინის სასამართლომ ჩეჩნებს". პუბლიკაციაში გადმოცემულია ჩეჩნური ოჯახის გერმანიაში ცხოვრების ისტორია: თუ როგორ მოხდა კავკასიური ტრადიციების დაპირისპირება დასავლურ ღირებულებებთან და რა შედეგები მოჰყვა ასეთ კონფრონტაციას. მასალაში საქართველოს პანკისის ხეობის შესახებაც არის ლაპარაკი. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

"თითქმის ნახევარწლიანი სასამართლო მოსმენების შემდეგ ბერლინის სამხარეო სასამართლომ ოთხშაბათს, 24 მარტს განაჩენი გამოუტანა ჩეჩნური წარმოშობის მქონე რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ბრალდებულები არიან ადამიანის გატაცებაში, მისთვის სხეულის დაზიანების მიყენებაში და მკვლელობის განზრახვაში. ოთხ ბრალდებულს პირობითი პატიმრობა მიესაჯა ექვსი თვიდან ერთ წლამდე, მეხუთეს კი - სამწლინახევრით პატიმრობა, მკვლელობის ჩადენაზე თანხმობის გამო.

სასამართლო პროცესის საკვანძო ფიგურები არიან 46 წლის დედა და მისი 26 წლის ვაჟი, რომლებმაც დაგეგმეს გერმანიიდან თავიანთი ოჯახის წევრის - ქალიშვილის (დის) გატაცება, "ოჯახის ღირსების შერცხვენის" გამო იმიტომ, რომ იგი "ქმარს გაექცა, პოლიციაში მივიდა და მასზე საჩივარი დაწერა განქორწინების მიზნით". იმავდროულად, ისიც გაირკვა, რომ დაზარალებული ბერლინში ცხოვრების დროს მამაკაცებთან თავისუფლად ურთიერთობდა, რაც კავკასიურ ტრადიციებს ეწინააღმდეგებოდა. უფრო უარესიც: მისი ეროტიკული ფოტოსურათები ინტერნეტში ქვეყნდებოდა.

ოჯახის ღირსება: როცა ძმა მზად არის დის მოსაკლავად

გერმანული სასამართლოს საქმე არ უკავშირდება არც ორგანიზებულ დანაშაულობებს და არც კრიმინალურ ჩეჩენ კლანებს, რომელთა შესახებ ბოლო წლებში ბევრს ლაპარაკობენ, როგორც გერმანიის პოლიცია, ასევე - პოლიტიკოსები. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდა გერმანიაში მყოფი ჩეჩნური ოჯახი, რა პრობლემები ჩნდება, როცა დედა და ძმა ხედავს, რომ დასავლური თავისუფლების პირობებში მათი ოჯახის წევრი - ქალიშვილი (და) თავისი ქცევით არღვევს კავკასიური ცხოვრების ტრადიციებს და ამით "ოჯახს არცხვენს". ამის გამო გარკვეულ მომენტში ოჯახი ისეთი გამწარებულია, რომ დედა-შვილი, ნათესავებისა და მეგობრების დახმარებით, გეგმავს ქალიშვილის გატაცებას და... მის მკვლელობას.

ყველაფერი კი 2018 წლის ოქტომბერში დაიწყო, როცა 21 წლის ჩეჩენი ეროვნების გოგონა ფსიქიკურად ავადმყოფი მამაკაცის ცოლი გახდა - სიყვარულით კი არა, ოჯახის ნებით. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი ბერლინში ხდება, ნათესავებმა გოგონა "ისლამური ადათ-წესების" მიხედვით გაათხოვეს - ასეა ჩაწერილი საბრალდებლო დასკვნაში.

მაგრამ გათხოვებიდან ერთი თვის შემდეგ ჩეჩენი ქალი არა მარტო გაექცა თავის "ახლადგამომცხვარ" ქმარს, არამედ - პოლიციაში მივიდა და უჩივლა. საქმე ეხებოდა ცემას, ძალადობას, გაუპატიურებასა და ჩეჩენი ქმრის სურვილს, სირიაში წასულიყო საბრძოლველად, ჯიჰადისტების რიგებში.

საჩივრის საფუძველზე, 2019 წლის ზაფხულში ბერლინის სასამართლომ დაიწყო საქმის განხილვა იმ მიზნით, რომ ქალის ქმარი იძულებით ყოფილიყო მოთავსებული ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ქალის ნათესავებმა და ახლობლებმა ის, რომ მან პოლიციაში ქმარს უჩივლა, "ოჯახის ღირსების შერცხვენად" მიიჩნიეს, მათ გადაწყვიტეს მისი გერმანიიდან საქართველოში წაყვანა, საიდანაც ჩეჩნეთში გადაიყვანდნენ და მეორედ გაათხოვებდნენ.

გატაცება ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ფონზე

2019 წლის 23 აგვიტოს ბერლინში მოკლეს ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაური ზელიმხან ხანგოშვილი. ამით შოკირებული ჩეჩნური დიასპორა 31 აგვისტოს რუსეთის საელჩოსთან მიტინგის ჩატარებას გეგმავდა, მაგრამ ჩეჩენ დედა-შვილს მიტინგი სულაც არ ადარდებდა, მათ სხვა გეგმა ჰქონდათ: გერმანელ მესაზღვრეებს თვალში რომ არ მოხვედროდათ, მათ საქართველოში გაფრენა პოლონეთიდან გადაწყვიტეს. ბილეთები ავიარეისზე "კრაკოვი-ქუთაისი" მათ ბერლინში მცხოვრები, ნაცნობი ჩეჩენი ლტოლვილის მეშვეობით შეიძინეს, რომელმაც ისინი 28 აგვისტოს, ღამით, ავტომანქანით აეროპორტში მიიყვანა და საპასპორტო კონტროლის ზონამდე მიაცილა. საინტერესო დეტალი: ნახევარი წლის შემდეგ იმ ჩეჩენ ლტოლვილს პოლიცია დააკავებს ბერლინის სინაგოგაზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით.

საქართველოში, ქუთაისში ჩასულმა ჩეჩნებმა მიკროავტობუსით და ტაქსით პანკისის ხეობას მიაღწიეს, სადაც თვეში 500 ევროდ ბინა დაიქირავეს. აქ უკვე ძმამ დას დაკითხვა დაუწყო: ჯერ სარეცხი მანქანის შლანგით სცემა, შემდეგ კი ბინაში ჩაკეტა და გარეთ არ უშვებდა. მაგრამ სიტუაცია გართულდა იმით, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ჩეჩნეთში გადასვლა ვერ ხერხდებოდა. როგორც სასამართლოზე ითქვა, ეს ძალიან უცნაური სურვილი იყო, რადგან ბრალდებულ ჩეჩენს (დედას და მის ქალ-ვაჟს) გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდათ მიღებული იმისთვის, რომ მათ სამშობლოში -  ჩეჩნეთში დევნიდნენ.

საბოლოოდ, დედა თავის ქალიშვილთან ერთად საქართველოდან ვარშავაში დაბრუნდა, მოელაპარაკა ნაცნობს და შვილი მასთან დატოვა - ფულის, დოკუმენტებისა და მობილური ტელეფონის გარეშე. თუმცა ქალმა მაინც მოახერხა და მამაკაცებთან შეხვედრები განაახლა, ინტერნეტში ისევ გაჩნდა მისი ინტიმური ფოტოსურათები.

მკვლელობა ღირსების შენარჩუნებისთვის?! რაღაც მომენტში ქალის ოჯახი მივიდა იქამდე, რომ სერიოზულად დაიწყეს ფიქრი "უძღები შვილის" (დის) მოსაკლავად. ყოველ შემთხვევაში, საბრალდებლო დასკვნაში არის გარკვეული მონაცემები, როცა ეს საკითხი ტელეფონით საუბრის დროს განიხილებოდა. მაგრამ შემდეგ მაინც გადაწყდა, რომ კიდევ ერთხელ წაეყვანათ საქართველოში და იქ, პანკისის ხეობაში, ვინმეზე გაეთხოვებინათ. ახალ ქმარს ქალი მკაცრი კონტროლის ქვეშ უნდა ჰყოლოდა და გერმანიაში დაბრუნების შესაძლებლობა არ უნდა მიეცა. იმ შემთხვევაში, თუ ეს გეგმა ვერ განხორციელდებოდა, სათადარიგო ვარიანტის სახით, ძმა და ახლობლები მას მოკლავდნენ და ამით პრობლემაც საბოლოოდ გადაწყდებოდა.

მაგრამ გეგმა ნაადრევად ჩაიშალა: ქუთაისის აეროპორტში ქართველმა მესაზღვრეებმა, გერმანული სპეცსამსახურებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ისინი საქართველოში არ შეუშვეს და იმავე დღეს უკან გააბრუნეს. 2020 წლის 18 იანვარს დედა-შვილი დააკავეს და მათ 11 თვე საგამოძიებო იზოლატორში გაატარეს.

განაჩენი - ექვსი თვიდან ერთ წლამდე პირობითი პატიმრობა - გამოუტანეს მხოლოდ იმის გამო, რომ ძმამ (დედასთან ერთად) დას "თავისუფლება აღუკვეთა": როგორც სასამართლომ დაადგინა, დაზარალებული მოტყუებით წაიყვანეს ბერლინიდან კრაკოვში და იქიდან - ქუთაისში. ის, თუ რას აკეთებდნენ ჩეჩნები (ანუ რუსეთის მოქალაქეები) საქართველოს ტერიტორიაზე, ეს სასამართლოს არ განუხილავს, რადგან უცხო ქვეყანაში ჩადენილი ქმედებების გარჩევა გერმანული სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის.

ბრალდებულთა ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ. როგორც ადვოკატი ნადია სამური ამბობს, ბრალდება, რომ დედა-შვილმა თავიანთი ოჯახის წევრს "თავისუფლება აღუკვეთა", უსაფუძვლოა - კრაკოვში მგზავრობის დროს დაზარალებულს ჰქონდა შესაძლებლობა, სადაც სურდა, იქ გაჩერებულიყო, რაც სჭირდებოდა, თვითონ ეყიდა ბენზინგასამართ სადგურებში. იგი მუდმივად ატარებდა მობილურ ტელეფონს. ანუ იგი თავისუფალი იყო იმ გაგებით, რომ სადაც სურდა, იქ გადაადგილდებოდა და ჰქონდა კავშირის შესაძლებლობა.

თავად დაზარალებულმა სასამართლოს სხდომაზე თავისი დედის, ძმისა და სხვა, ორი ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. მეხუთე ბრალდებულს სამ-ნახევარი წლით პატიმრობა მიესაჯა, რადგან იგი დაზარალებულის მოკვლას დათანხმდა.

საბოლოო სიტყვაში მოსამართლემ აღნიშნა, რომ თავის დროზე დაზარალებულის ღვიძლმა დეიდამ ემანსიპირიბული ცხოვრების სტილით სურვილს სიცოცხლე შესწირა. მოსამართლემ, ასევე, მკაცრად მოსთხოვა ბრალდებულებს, რომ სამომავლოდ აღარ ჩარეულიყვნენ დაზარალებულის პირად ცხოვრებაში. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ