"ჩინეთის პრეზიდენტი, პუტინის მსგავსად, ერთ-ერთი ის კაცია, რომელიც მიიჩნევს, რომ ავტოკრატია მომავლის ტალღაა" - კვირის პალიტრა

"ჩინეთის პრეზიდენტი, პუტინის მსგავსად, ერთ-ერთი ის კაცია, რომელიც მიიჩნევს, რომ ავტოკრატია მომავლის ტალღაა"

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს შეადარა. მისი თქმით, სი ძინპინი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ფიქრობს, რომ მუდმივად რთულ სამყაროში დემოკრატიას არსებობა არ შეუძლია.

"ის, პუტინის მსგავსად ერთ-ერთი ის კაცია, რომელიც მიიჩნევს, რომ ავტოკრატია მომავლის ტალღაა და მუდმივად რთულ სამყაროში დემოკრატიას ფუნქციონირება არ შეუძლია", - აღნიშნა ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, ის ხელს შეუშლის ჩინეთს, გახდეს მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყანა.

"ჩინეთს აქვს მიზანი, გახდეს მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანა და მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყანა. ეს არ მოხდება, რადგან შეერთებული შტატები აპირებს გააგრძელოს ზრდა,"- აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, იგი იმუშავებს აშშ-ის მოკავშირეებთან, იმისთვის, რომ ჩინეთს პასუხო აგებინონ იმ ქმედებებისთვის, რასაც ის ტაივანთან ჰონგ- კონგთან, სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და უიღურ უმცირესობასთან მიმართებაში ახორციელებს, ასევე აიძულონ პეკინი დაიცვას სამართლიანი ვაჭრობის საერთაშორისო წესები.

ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ 2024 წელს მეორე ვადით კენჭს იყრის.

"დიახ, ჩემი გეგმაა კენჭისყრა. ეს არის ჩემი მოლოდინი", - განაცხადა ბაიდენმა.

ამასთან ბაიდენის თქმით, ის ელის, რომ იმუშავებს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად.

"ის შესანიშნავად ასრულებს საქმეს. ის შესანიშნავი პარტნიორია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად 2020 წელს აირჩიეს.