"რუსეთის არმია გადაადგილდება რუსეთის ტერიტორიაზე იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც საჭიროდ თვლის და იმ ფორმით, რა ფორმითაც საჭიროდ თვლის" - კვირის პალიტრა

"რუსეთის არმია გადაადგილდება რუსეთის ტერიტორიაზე იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც საჭიროდ თვლის და იმ ფორმით, რა ფორმითაც საჭიროდ თვლის"

"რუსეთის არმიის გადაადგილება ქვეყნის ტერიტორიაზე არ უნდა აწუხებდეს სხვა ქვეყნებს, რადგან რუსეთის ფედერაცია სხვა სახელმწიფოებს საფრთხეს არ უქმნის", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"რუსეთის არმია გადაადგილდება რუსეთის ტერიტორიაზე იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც საჭიროდ თვლის და იმ ფორმით, რა ფორმითაც საჭიროდ თვლის, ჩვენი ქვეყნის საიმედო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, ამან მცირედითაც არავინ უნდა შეაშფოთოს, რადგან რუსეთის მსოფლიოს არცერთ ქვეყანას უქმნის საფრთხეს.

"რუსეთი საფრთხეს არ უქმნის მსოფლიოს არცერთ ქვეყანას, მათ შორის ის არ წარმოადგენს საფრთხეს უკრაინისთვის", - აღნიშნა პესკოვმა და დასძინა, რომ რუსეთი "ყოველთვის ყურადღებით ეკიდება საკუთარი უსაფრთხოების საკითხს".

შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზებას თანდათან ზრდის, რაც ქვეყნის თავდაცვით უსაფრთხოებას ემუქრება. აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინსა და მის უკრაინელ კოლეგა ანდრი ტარანს შორის გამართული სატელეფონო საუბარის დროს ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიის გამწვავების შემთხვევაში შეერთებული შტატები უკრაინას მარტო არ დატოვებს. სატელეფონო საუბარი შედგა უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს ვლადიმერ ზელენსკისა და ჯო ბაიდენს შორისაც. როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის მხრიდან დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. ამასთან, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატა ევროკავშირმაც. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრი კულებასა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს შორის გამართული სატელეფონო საუბრისას, რომლის დროსაც დონბასსა და ყირიმში რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები განიხილეს, ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას.