არაბული სამყაროს ლაბირინთებში - კვირის პალიტრა

არაბული სამყაროს ლაბირინთებში

"კადაფის სასახლე 1964 წელს ინგლისელებმაც დაბომბეს, იმ მიზეზით, რომ კადაფიმ ტერორისტები შეიფარა"

დედამიწა XXI საუკუნემ ძალზე დააპატარავა - ყოველივე, რაც დედამიწის რომელიმე წერტილში ხდება, თითქოს ძალიან ახლოა, ან თავადაც გეხება. ასეთ განცდას ტოვებს ის მოვლენებიც, რომლებიც აღმოსავლეთის ქვეყნებში ხდება. მით უფრო, რომ არაბული სამყარო წერტილი კი არა, უზარმაზარი არეალია - ირანის საზღვრებიდან გიბრალტარის სრუტემდე და ჩრდილო აფრიკას მოიცავს. ამიტომაც ვფიქრობთ,  საინტერესო იქნება იმ კაცთან საუბარი, ვინც არაბულ სამყაროში მრავალი წელიწადი ცხოვრობდა, - ბატონი ვაჟა უთურგაიძე  საბჭოთა კავშირის საელჩოების თარჯიმანი იყო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

ერაყი

არაბულ სამყაროში 1963 წელს ერაყით შევაბიჯე. იმ წელიწადს ერაყში მეფე ჩამოაგდეს და რესპუბლიკად გამოაცხადეს, რომელსაც ორი ძმა მართავდა. მერე ძმები ტერორისტებმა თვითმფრინავში ააფეთქეს და მათ ადგილზე ალ-ბაქარი დაჯდა. ამ მოვლენებით ისარგებლეს რუსებმა და ერაყში იარაღი შეზიდეს - ყველაფერს ყიდდნენ, ცეცხლსასროლით დაწყებული, წყალქვეშა ნავებით და თვითმფრინავებით დამთავრებული. პარალელურად ორი ქარხანა ააშენეს - ფარმაცევტული და საკონსერვო... ალ-ბაქარის თანაშემწედ სადამ ჰუსეინი დაინიშნა. მოგვიანებით სადამმა აიძულა ალ-ბაქარი გადამდგარიყო. ჰუსეინი საშინელი დიქტატორი და ბრწყინვალე ორატორი იყო - გამოსვლისას ჯერ ორ სიტყვას იტყოდა ხმადაბლა, მერე დარბაზს თვალს მოავლებდა, დაჟინებით მიაჩერდებოდა ხალხს და...

მონუსხავდა! ამის შემდეგ ხმას აუწევდა და ისე ლაპარაკობდა, თითქოს მთელი სამყარო მის წინ იყო გართხმული. ერაყელებს ძალიან ეშინოდათ მისი - სიკვდილით დასჯა სადამისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო. თუმცა უყვარდათ კიდეც - ამ კაცს იმდენი ჭკუა ჰქონდა, რომ თავის ხალხზე ეზრუნა. ერაყელები განსაკუთრებული სითბოთი იხსენიებდნენ ქართველ მამლუქებს. ბაღდადში დღესაც დგას აღზევებული მამლუქის, დაუთ-ხანის სალოცავი, ბავშვობაში ბაღდადში გაყიდულ დაუთ-ხანს საქართველოში დედაც მოუძებნია (ეს იყო მარტყოფელი ბიჭი, რომელმაც მარტყოფში დედას სახლის გვერდით ეკლესიაც აუშენა. - ავტ.).

ერაყში, და საზოგადოდ არაბულ სამყაროში, ისევ არის შემორჩენილი მაჭანკლობით გათხოვება. ზოგჯერ ქალი ისე თხოვდება, მისი სახე საქმროს ნანახიც არა აქვს და როცა მაჭანკალს უნდა ქალის სილამაზე აღწეროს, ამბობს, "მუნთაზა მითლ გურჯი" - "გურჯი ქალივით ლამაზია". თავად ქალების სილამაზით ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ საცოლეში ფულს ბლომად იხდიან (60-იან წლებში ერაყში ქალის ფასი 8-დან 12 ათას დოლარამდე მერყეობდა).

ეგვიპტე

ეგვიპტეში ალექსანდრიის საზღვაო ბაზაში ვმუშაობდი. ქვეყანა გამალებით იარაღდებოდა  რუსებისაგან ნაყიდი იარაღით, მარტო 1967 წელს რუსეთისგან 800 ტანკი შეისყიდეს. დაბალმა ჩინოსნებმა, რასაკვირველია, არ ვიცოდით, რომ ისრაელთან ომისთვის ემზადებოდნენ. მაგრამ ერთმა არაბმა ოფიცერმა რამდენჯერმე რომ გამაფრთხილა, ცოლ-შვილი სამშობლოში გაგზავნეო, რაღაც ვიეჭვე და ასეც მოვიქეცი. ერთ დილას გავიღვიძე და ომი დაწყებულიყო, რომელიც 6 დღეს გაგრძელდა. ისრაელმა დაასწრო და აეროპორტები ისე დაბომბა, საბრძოლო თვითმფრინავებმა აფრენა ვერ მოასწრეს, ტანკებმა - ქვიშის ორმოებიდან ამოსვლა. ეს ორმოები იქ სულ ადვილად კეთდება, - ტანკს შემოატრიალებ და ქვიშაში ჯდება, აღარ ჩანს. ასეთ სანგრებში ჰყავდა ეგვიპტეს 450 ტანკი სინაის კუნძულზე.

ომის პირველ დღეს ეგვიპტის გენერალიტეტმა ბრძანება გასცა, ისრაელის დიდძალი არმია გიახლოვდებათ, ტანკები მიატოვეთ და უკან დაიხიეთო. ასეც მოიქცნენ. იმ 450 ტანკში მხოლოდ ერთი ტანკისტი ჩარჩა - ეძინა და ბრძანება ვერ გაიგო. როცა გაიღვიძა, უკან დახევა არ მოისურვა, ისრაელის ორი ტანკი ააფეთქა და მერე უკან ტანკითვე გამოიქცა. აი, ეს კაცი გახდა ეგვიპტის ეროვნული გმირი. იმ ექვს დღეში ისრაელმა ისე წაიწია წინ, სირიასაც თათს დაადებდა, რომ არა რუსებისა და ამერიკელების ჩარევა.

ეგვიპტეში ჯერ კიდევ ცოცხალია ქართველების კვალი. ალექსანდრიაში ბინის დაქირავება მინდოდა. რუსებმა მითხრეს, ერთ კაცთან მიგიყვანთ, მაფიოზია, მორსი ჰქვია, ერთ უზარმაზარ რაიონს მართავს და ამბობს, ქართველი ვარო. მივედით. ეს მორსი ზის და ნარდს თამაშობს. არ მიმიშვეს - სანამ თამაშობს, შეწუხება არ შეიძლებაო. ვდგავარ და ვუყურებ, - ის თამაშობს, უჯრას კი ხან ვინ გამოუწევს, ხან ვინ, ჩაუგდებს ფულს და გაივლის. ის უჯრა რომ აივსო, ჩემთვისაც მოიცალა. გაუხარდა, როცა ვუთხარი, ქართველი ვარ-მეთქი. მეცაო. გვარი არ მახსოვს, მამა 4 წლისას მომიკვდა, ჩვენ, არაბები, მარტო მამის სახელს ვატარებთ. მარტო მამას სიტყვები მახსოვს, - მოი, ბაბაიაო. მითხრა, ისეთ ბინას გაშოვნინებ, არავის რომ არ უცხოვრიაო. იმხელა ბინა იყო, ჩემს ცოლს შეეშინდა, აქედან წამიყვანეო.

ეგვიპტელები ცოტა თაღლითებიც არიან. ეგვიპტე-ისრაელის ომის წინ მეწამული ზღვის პორტში გადაგვისროლეს. რუსებს მწყობრიდან გამოსული ორი სამხედრო გემი უნდა შეეკეთებინათ. ხომალდები დაათვალიერეს. ძრავებში რაღაც საგნები იყო ჩატენილი. მაშინვე თქვეს, დივერსიააო. მოკლედ, ეკიპაჟმა განზრახ გამოიყვანა მწყობრიდან გემები, რომ ბრძოლაში არ მიეღოთ მონაწილეობა. ადგილობრივი ხელისუფლება ყელგამოწეული გვეხვეწებოდა, ეს ამბავი არ გაახმიანოთო. ერთი სიტყვით, ძრავები რამდენიმე საათში გაიწმინდა.

იძულებული გავხდით, ის ერთი კვირა სასტუმროში გვეცხოვრა. სადილად აყროლებული თევზი მოგვიტანეს. პირი ვერ დავაკარეთ და მე და ერთი რუსი სათევზაოდ წავედით. წითელ ზღვაში უფრო დეკორატიული თევზებია, მაგრამ საღამომდე მაინც მოვახერხეთ ოციოდე ვარგისი თევზის დაჭერა. თანმხლებ არაბებს მივეცით შესაწვავად და მშივრებმა დავიძინეთ იმ იმედით, რომ დილით მაინც დაგვხვდებოდა ხეირიანი საუზმე. გავიღვიძეთ და რას ვხედავთ, - არაბებს წინ ფხები ულაგიათ და გვიცინიან. მეორე დღეს ისევ ვითევზავეთ, მაგრამ თევზი თავად შევწვით. ამას არასოდეს იკადრებდნენ ერაყელები.

KvirisPalitra.Geლიბია

34 წლის წინ, როცა ლიბიის მეფე უცხოეთში გაემგზავრა, შეიკრიბა ექვსი ახალგაზრდა ოფიცერი, მათ შორის - კადაფიც, კონიაკი გადაკრეს და რევოლუციის მოწყობა გადაწყვიტეს. შევიდნენ ადგილობრივ რადიოსადგურში, გამოაცხადეს გადატრიალება, მეფეს კი შეუთვალეს, არ ჩამოხვიდე, თორემ დაგიჭერთო. ისიც რაღას იზამდა! ძალაუფლება კი კადაფიმ აიღო ხელში. აკრძალა მთავრობა და პარტია, გამოსცა "მწვანე წიგნი", სადაც განაცხადა, პარტია და მთავრობა არის მაფია, რომელიც ხალხს სისხლს სწოვსო. როცა ეკითხებიან, აბა, შენ ვინ ხარო, პასუხობს, მე რევოლუციონერი ვარ და ხალხი მმართავსო. სინამდვილეში, ლიბიაში ყველაფერს კადაფის 7 ვაჟი და ქალიშვილი განაგებდნენ, რომლებსაც მილიარდები აქვთ მსოფლიოს ბანკებში. კადაფის სასახლე 1984 წელს ინგლისელებმაც დაბომბეს, იმ მიზეზით, რომ კადაფიმ ტერორისტები შეიფარა, რომლებმაც ტერაქტი მოაწყვეს ლონდონიდან ამერიკაში მიმავალ თვითმფრინავზე. დაიღუპა კადაფის პატარა ქალიშვილი...

კადაფი იძულებული გახდა, ტერორისტები გაეცა, თუმცა ამას მისი სახელისთვის არაფერი დაუკლია. კადაფის ბრძანებით, ყველა გადასახადი გაუქმდა, თითოეულ ლიბიელს დაბადებისთანავე და მერეც, მთელი სიცოცხლე, თვეში ავტომატურად ერიცხებოდა 60 დინარი (300 დოლარი). გარდა ამისა, ნებისმიერ იმპორტულ საქონელს ლიბიელები სიმბოლურ ფასად ყიდულობდნენ. მაგალითად, თუ შაქარს სახელმწიფო კილოგრამს 12 დოლარად ყიდულობდა, თავის მოქალაქეს 5 ცენტად აძლევდა.

მინახავს, როგორ დასჯახებია ერთმანეთს ქუჩაში ორი უძვირფასესი ავტომობილი, გადმოსულან მძღოლები, მანქანები შეუთვალიერებიათ, ერთმანეთისთვის მხარზე ხელი დაურტყამთ და ფეხით გაჰყოლიან გზას... ავტომაღაზიამდე, ახალი ავტომანქანის საყიდლად. თუმცა, ეს სიმდიდრე არც მათ განათლებაზე აისახებოდა, არც ჩაცმულობაზე და არც სახლებზე. მილიარდებმა ლიბიელები გააზარმაცა. მსოფლიო წინ მიდიოდა, ისინი კი არაფერზე ზრუნავდნენ. სპეციალისტებად უცხოელებს იწვევდნენ, შავ მუშებად კი - აფრიკელებს...

დიპლომატებსაც კი არ ინდობდნენ. სამმა ლიბიელმა უცხოელი დიპლომატის ქალიშვილი გააუპატიურა. დიპლომატმა ლიბიის სასამართლოში იჩივლა, მაგრამ საქმე ისე შეატრიალეს, თითქოს 15 წლის ბავშვმა სამი ლიბიელი მამაკაცი აცდუნა. დიპლომატი ქვეყნიდან გააძევეს...

შემდგომში მილიარდებმა მოიკლო, თუმცა ლიბიაში დიდად არაფერი შეცვლილა, - ხალხს არ უჭირდა, მაგრამ ერთ ადგილზე გაიყინა. ადამიანი კი ისეთი არსებაა, განვითარებისკენ მიილტვის. ბუნებრივია, ერთ ადგილზე გაყინვამ პროტესტი გამოიწვია.

ლიბიაშიც, ქალაქ ტრიპოლიში, არის ქართველი მამლუქის მიერ აგებული გრანდიოზული სალოცავი - გურჯი-მეჩეთი. გულით მინდა, ამ სიტუაციის მსხვერპლი ისიც არ აღმოჩნდეს.