"ალექსეი ნავალნი ფეხებსა და ხელებში მგრძნობელობას კარგავს" - კვირის პალიტრა

"ალექსეი ნავალნი ფეხებსა და ხელებში მგრძნობელობას კარგავს"

პატიმრობაში მყოფი კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და მას ფეხებსა და ხელებში მგრძნობელობა ეკარგება,- BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნავალნის ადვოკატმა ვადიმ კობზევმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნავალნის, ხერხემალზე ორი თიაქარი აღმოაჩნდა.

"ალექსეი თვითონ დადის. ტკივილს გრძნობს სიარულის დროს. ძალიან შემაშფოთებელია, რომ დაავადება აშკარად პროგრესირდება ფეხებში, ხელისგულებსა და მაჯებში მგრძნობელობის დაკარგვით,"- განაცხადა ადვოკატმა, რომელმაც ოთხშაბათს ნავალნი მოინახულა.

ნავალნიმ, რომელსაც ფეხებისა და ხერხემლის ტკივილი აწუხებდა, რამდენიმე დღის წინ სათანადო მკურნალობის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.

მიმდინარე კვირის დასაწყისში პოლიტიკოსი ქალაქ პოკროვის ციხის სავადმყოფოს სამკურნალო პალატაში რესპირატორული დაავადების სიმპტომებით გადაიყვანეს. მას ხველა და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის მიუხედავად, ნავალნი შიმშილობას აგრძელებს. "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ პოსტში პოლიტიკოსი წერს, რომ ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მასთან ახლოს ქათმის ხორცის შეწვითა და მისი ტანსაცმლის ჯიბეებში ტკბილეულის ჩაწყობით ცდილობენ, შიმშილობა შეაწყვეტინონ.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ გუშინ განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ნავალნის პატიმრობას "პოლიტიკურად მოტივირებულად და დიდ უსამართლობად" მიიჩნევს დ მისი დაუყოვნებელი გათავისუფლება მოითხოვა.

მანამდე, ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International- მა განაცხადა, რომ ნავალნი პატიმრობაში ისეთ პირობებში იმყოფება, რაც წამების ტოლფასია და შესაძლოა ნას ნელ-ნელა კლავენ.

გასულ კვირაში, რუსეთის პენიტენციურმა სამსახურმა უარყო ნავალნის ბრალდებები იმის შესახებ, რომ მას სათანადო მკურნალობა არ უტარდება და განაცხადა, რომ პატიმარს საჭირო სამედიცინო დახმარებას უწევდნენ. მათ ასევე უარყვეს ნავალნის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისი განყოფილებიდან სამი ადამიანი ტუბერკულოზის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იხილეთ ვიდეო: