"შვეიცარიის არმიის მდგომარეობით მოულოდნელად მსოფლიოს ნახევარი დაინტერესდა. მიზეზს არ იკითხავთ?" - რას წერს გერმანული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"შვეიცარიის არმიის მდგომარეობით მოულოდნელად მსოფლიოს ნახევარი დაინტერესდა. მიზეზს არ იკითხავთ?" - რას წერს გერმანული გამოცემა?

გერმანული გაზეთი "ზიუდდოიჩე ცაიტუნგი" («Süddeutsche Zeitung»), ეხება რა შვეიცარიის არმიის მდგომარეობას, წერს, რომ ალპური ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესებით "მოულოდნელად მსოფლიოს ნახევარი დაინტერესდა. მიზეზს არ იკითხავთ? თურმე, შვეიცარიის არმიაში მომსახურე ქალებს ქვედა საცვლები არ მოსწონთ". სტატიაში სათაურით - "დიახ, აპრილის შუახანებში ჩვენ ჯარში მომსახურე ქალთა ქვედა საცვლის ტესტირებას მოვახდენთ", სწორედ ეს საკითხია განხილული, რომელიც, შვეიცარიელი სამხედროების აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია.

"შვეიცარიას შეუძლია ბევრი რამით იამაყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი არმია მაინცდამაინც დიდი სიამაყის საფუძველს არ იძლევა: გავიხსენოთ მომხდარი ინციდენტები, როცა 14 წლის წინათ მძიმედ შეიარაღებული საარმიო ქვედანაყოფის 170-მა ჯარისკაცმა ლიხტენშტეინის საზღვარი შეცდომით გადალახა; როცა ერთ-ერთი ბაზიდან ასაფეთქებელი ნივთიერება მოიპარეს ან კიდევ, ის სასაცილო ფაქტი, როცა შვეიცარიელ ჯარისკაცებს, ეროვნული დღესასწაულის ზეიმისას აღლუმზე ფეხი აერიათ და ერთმანეთს ეჯახებოდნენ", - წერს გერმანული გაზეთი.

"ახლა შვეიცარიის არმიას ახალი პრობლემა გაუჩნდა: ორიოდე დღის წინათ, როგორც ქვეყნის მასმედიაში, ასევე - საერთაშორისო სამაუწყებლო საშუალებებში - "ბი-ბი-სის", "სი-ენ-ენისა" და სხვათა ახალ ამბებში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ შვეიცარიის არმიაში სამხედრო მოსამსახურე ქალებისათვის (ანუ ჯარისქალებისათვის) ახალი ქვედა საცვლის ტესტირება უნდა განხორციელდეს. "თურმე, დღემდე ქალები მამაკაცის ქვედა საცვალს ატარებდნენო", - წერს მასმედია.

შვეიცარიის სამხედრო უწყების შესყიდვების სამსახურის წარმომადგენელი კაინ-გუნჩარ ზიბერტი ოხრავს: “მთელი კვირაა, ქალების ქვედა თეთრეულით ვარ დაკავებული“. იგი ჩვენთან ტელეფონით საუბრისას აღნიშნავს, რომ მისთვის უკვე აუტანელია მასმედიაში ატეხილი ასეთი ხმაური. თანაც, ინფორმაციამ, რამაც ყველა ააღელვა, თითქოს, ქალებს მამაკაცის ტრუსები ეცვათ, სუფთა სიცრუეა, "ფეიკია", ხელოვნურად მოგონილიო, - ამბობს კაინ-გუნჩარ ზიბერტი. "დიახ, ჩვენ ვიწყებთ ქალების ახალი ტრუსების ტესტირებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს სამხედრო ქალებს მამაკაცის ტრუსები ეცვათ. ისინი თავიანთ ქალურ ქვედა საცვლებს ჯერ კიდევ 2005 წლიდან ატარებენ. უბრალოდ, დღემდე ქალებს და მამაკაცებს თავიანთი ტრუსები სახლიდან მოჰქონდათ. არასოდეს არც ერთი ქალი არ ყოფილა იძულებული მამაკაცის ტრუსი ჩაეცვა", - გვარწმუნებს კაინ-გუნჩარ ზიბერტი.

"გამოდის, რომ დიდი ხმაურია ატეხილი არაფრის გამო? თუმცა, საქმე მთლად ასე მარტივად არ არის. როგორც სამხედრო შესყიდვების უწყება აღიარებს, ტრუსების პირველი პარტია მართლაც ცუდად იყო შეკერილი, ისინი არც ქალებს არ მოეწონათ და არც მამაკაცებს. 2022 წელს შვეიცარიის არმია სრულიად ახალ ფორმაზე უნდა გადავიდეს და მასში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქალების მოთხოვნების დაკმაყოფილებას", - წერს გაზეთი.

როგორ ხდება ქალი-"ჯარისკაცების" ტრუსების ტესტირება? "შექმნილია ქალთა ჯგუფი, რომელიც ქვედა საცვლის ფუნქციებს შეაფასებს: არსებობს მოკლე, საზაფხულო ტრუსები (ტანზე შემოტკეცილი, მწვანე ზეთისხილის ფერით) და გრძელი საზამთრო ტრუსები, თავისუფლად ჩაშვებული. ბიუსტჰალტერები სამხედრო ფორმის კომპლექტში არ შედის, ისინი ქალებმა ისევ სახლიდან უნდა მოიტანონ", - ამბობს კაინ-გუნჩარ ზიბერტი.

დღეს ქალები შვეიცარიის არმიის 0,9%-ს შეადგენენ, მაგრამ თავდაცვის სამინისტროს განზრახული აქვს, მათი რაოდენობა გაზარდოს. დაგეგმილია, აგრეთვე, ქალების ფორმის ტესტირებაც - რამდენად აქტუალურია "საგარეო სამხედრო ტანსაცმლის ფერი და ვიზუალი". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ