სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის უფლებების შესახებ კანონს არ ეწინააღმდეგება - კვირის პალიტრა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის უფლებების შესახებ კანონს არ ეწინააღმდეგება

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სავალდებულო ვაქცინაცია არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების შესახებ კანონს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის მოქალაქისთვის დავალდებულება შეიძლება დემოკრატიულ საზოგადოებებში აუცილებელი იყოს.

სტრასბურგის სასამართლომ განჩინება ჩეხი ოჯახების მიერ შეტანილი სარჩელის განხილვის შემდეგ გამოიტანა, რომელიც ქვეყანაში ბავშვების სავალდებულო აცრებს ეხება.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ჩეხეთის ჯანდაცვის ხელისუფლების მიერ სავალდებულო ვაქცინაციის განხორციელება "ბავშვების საუკეთესო ინტერესებთან შესაბამისობაშია."

"აღნიშნული ზომები უნდა შეფასდეს როგორც აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. მიზანი უნდა იყოს თითოეული ბავშვის დაცვა სერიოზული დაავადებებისგან ვაქცინაციის ან კოლექტიური იმუნიტეტის გზით", - აღნიშნულია სასამართლოს დასკვნაში.

გამოცემა "დოიჩე ველე" წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს დადგენილება უშუალოდ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს არ ეხება, ექსპერტები თვლიან, რომ ამან შეიძლება გავლენა იქონიოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზეც.

"ეს გადაწყვეტილება აძლიერებს სავალდებულო ვაქცინაციის შესაძლებლობას კოვიდ 19- ის ეპიდემიის პირობებში", - აცხადებს ექსპერტი იურიდიულ საკითხებში ნიკოლას ჰერვიუ.

ცნობისათვის, ჩეხეთის კანონმდებლობის თანახმად, ბავშვების ვაქცინაცია ცხრა დაავადების, მათ შორის დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, B ჰეპატიტისა და წითელას, წინააღმდეგ სავალდებულოა.

სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი იმ ოჯახებმა შეიტანეს, რომლებიც დააჯარიმეს, ან რომელთა შვილებიც ბაგა-ბაღებში არ მიიღეს იმის გამო, რომ კანონით გათვალისწინებული სავალდებულო აცრები გაკეთებული არ ჰქონდათ.