"პუტინს ალბათ სურს, უკრაინაში 2008 წლის ქართული სცენარი გაიმეოროს, მაგრამ ზელენსკი სააკაშვილი არ არის" - რას წერენ ცნობილი ამერიკული გამოცემები? - კვირის პალიტრა

"პუტინს ალბათ სურს, უკრაინაში 2008 წლის ქართული სცენარი გაიმეოროს, მაგრამ ზელენსკი სააკაშვილი არ არის" - რას წერენ ცნობილი ამერიკული გამოცემები?

ერთ-ერთი ამერიკული წამყვანი გაზეთის - "ვაშინგტონ პოსტის" (The Washington Post) სარედაქციო კოლეგიამ გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "ვლადიმერ პუტინი უკრაინას ისევ ომით ემუქრება. დასავლეთი პასუხისათვის მზად უნდა იყოს". გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

რედაქციის აზრით, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე კონფლიქტის ზონაში ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარი სიტუაციის ესკალაცია საკმაოდ ცნობილ ტაქტიკას წარმოადგენს, როცა "ხელისუფლებას მოსახლეობის ყურადღების სხვა პრობლემაზე გადატანა სურს". ვლადიმერ პუტინი ცდილობს, რუსული საზოგადოების ყურადღება მოადუნოს, რადგან მოსახლეობაში მატულობს უკმაყოფილება ეკონომიკის სტაგნაციისა და კორონავირუსის პანდემიაზე მთავრობის არაეფექტიანი რეაგირების გამო. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტის თავმოყვარეობა ალექსი ნავალნის მიერ მამხილებელი მასალების გამოქვეყნებით შეილახა (გავიხსენოთ ფილმი "გელენჯიკის სასახლის" შესახებ) და თუ ამას დავამატებთ ჯო ბაიდენის რემარკს, რომ იგი თავის რუს კოლეგას მკვლელად მიიჩნევს, მაშინ გასაგები იქნება პუტინის განზრახვა - ისეთი რამ გააკეთოს, საზოგადოებას სულ სხვა საფიქრალი გაუჩინოს...

ამასთან, როგორც "ვაშინგტონ პოსტის" სარედაქციო კოლეგია წერს, რუსი და უკრაინელი ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ ვლადიმერ პუტინს მართლაც სურს ომის დაწყება და ამისთვის რეალურად ემზადება. თუმცა, ცხადია, ამის სრულებით გამორიცხვაც არ შეიძლება: "შესაძლოა, რუსეთის ლიდერი იმისთვის ისწრაფვის, რომ უკრაინის არმიას ცხვირი სწრაფად გაუტეხოს და სისხლი მოადინოს, შემდეგ კი თავის უკრაინელ კოლეგას ვლადიმერ ზელენსკის - პოლიტიკური დათმობები მოსთხოვოს, ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ.

"კრემლს, ასევე, შეუძლია, ტრანსატლანტიკურ ერთობაში განხეთქილება შეიტანოს და ამით ხელი შეუშალოს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ძალისხმევას, ამერიკასა და ევროპას შორის კავშირურთიერთობების აღდგენის ამბავში", - აღნიშნავს "ვაშინგტონ პოსტი".

გაზეთი მოუწოდებს დასავლეთის ქვეყნების მთავრობებს - მზად იყვნენ უკრაინისთვის შეიარაღებითა და სამხედრო ტექნიკით დასახმარებლად, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში. "და კიდევ - დასავლეთის სახელმწიფოებს, ასევე, მზად უნდა ჰქონდეთ ახალი სანქციები, განსაკუთრებით - გაზსადენის მიმართ: როგორც კი რუსეთი აგრესიას დაიწყებს, "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის მშენებლობა საბოლოოდ უნდა დასამარდეს", - აცხადებს გაზეთის რედაქცია. (წყარო)

------------

ამერიკული ჟურნალი "ფორინ პოლისი" (Foreign Policy) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "რუსეთი უკრაინასთან საომრად ემზადება?", რომელშიც ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის ბოლო პერიოდის დაძაბულობის მიზეზებია განხილული (ავტორი - ემი მაკინონი).

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

"რატომ ხდება ჯარების თავმოყრა საზღვრებთან, ამის მკაფიო მიზეზები ჯერ კიდევ არავინ იცის, მაგრამ ბევრი ექსპერტი ამ მოვლენას რუსეთისა და უკრაინის საშინაო პოლიტიკურ სიტუაციას უკავშირებს. ასევე, არანაკლებ საინტერესო როლს ასრულებს ამერიკის შეერთებული შტატებიც.

რუსეთი: პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეიტინგი ეცემა და რეკორდულად დაბალ დონეს უახლოვდება. კრემლი ჯერ ისევ ცდილობს პანდემიისადმი გამკლავებას და ამ ფონზე, იანვარში რუსეთის მთავრობა მასობრივ ქუჩის პროტესტებს წააწყდა (ალექსი ნავალნის დაპატიმრების გამო). როგორც ევროპელი პოლიტიკოსები თვლიან, ასეთ ფონზე ვლადიმერ პუტინი რუსეთის მოსახლეობის გასაგონად აცხადებს, რომ რუსეთი ალყაშემორტყმულია და ყველაფერი დასავლეთის ხრიკებია.

უკრაინა: პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ძალიან ხისტი პოზიცია დაიკავა რუსეთის წინააღმდეგ - მან სანქციები დაუწესა უკრაინაში ვლადიმერ პუტინის მოკავშირეს, ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკს, რომელსაც სამი ტელეარხი დაუხურა. ვლადიმერ ზელენსკიმ ეს გააკეთა როგორც საკუთარი რეიტინგის დაცემის, ასევე - დონბასის კონფლიქტის მოგვარების წარუმატებელი მცდელობის ფონზე.

შესაძლოა მოსკოვი ელოდება, რომ იქნებ ვლადიმერ ზელენსკიმ რაღაც მცდარი ნაბიჯი გადადგას დონბასში, რითაც რუსეთი დაუყოვნებლივ ისარგებლებს - როგორც ეს კრემლმა საქართველოს მიმართ გააკეთა 2008 წელს, როცა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან ომში ჩაბმული აღმოჩნდა "სამხრეთ ოსეთის" გამო... "როგორც ჩანს, მოსკოვში მმართველი ელიტა თვლის, რომ ვლადიმერ ზელენსკი იმავე ტიპის ადამიანებს მიეკუთვნება, როგორსაც მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს", - ამბობს მაიკლ კოფმანი, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ანალიზის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, - როგორი მცდარიც უნდა იყოს კრემლის ასეთი შეფასება, მას მაინც შეუძლია, მსოფლიოს სერიოზული შედეგები მოუტანოს".

აშშ: არ უნდა დავივიწყოთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ფაქტორის შესახებაც - პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კარგად ერკვევა უკრაინის სიტუაციაში, რადგანაც იგი ბარაკ ობამას წარმომადგენელი იყო დონბასის კონფლიქტის მოგვარების საკითხში. "ვფიქრობ, კრემლში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, მხარს უკრაინას დაუჭერს და თეთრ სახლს დღეს თავისუფლად შეუძლია გადადგას ის ნაბიჯები, რომელსაც ადრე ერიდებოდა. რა თქმა უნდა, ეს მოსკოვს არ მოეწონება", - ამბობს ანდრეა კენდალ-ტეილორი, აშშ-ის უსაფრთხოების ცენტრის რუსეთის პროგრამების დირექტორი.

საბოლოო ჯამში, ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, 2008 წლის აგვისტოს სცენარის გამეორებას მოისურვებს, მაგრამ ამჟამად მას იმდროინდელი უპირატესობა აღარ აქვს.

"რუსეთის ლიდერს, ალბათ, ძალიან სურს, უკრაინაში კი არ შეიჭრას, არამედ - უბრალოდ, 2008 წლის ქართული სცენარი გაიმეოროს", - ამბობს ტარას კუზიო, კიევ-მოგილიოვის ეროვნული აკადემია-უნივერსიტეტის პროფესორი, - "მაგრამ ვლადიმერ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილი არ არის".

ის მიმომხილველები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში თვალს ადევნებენ დონბასის კონფლიქტს, მიიჩნევენ, რომ რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში ნაკლებად სავარაუდოა. "მე მაინც ვფიქრობ, რომ დღეს საქმე გვაქვს მხოლოდ სიგნალებთან და ძალის დემონტრირებასთან. არ მგონია, რომ საქმე უკრაინაზე თავდასხმამდე მივიდეს. თუმცა არ უნდა გამოვრიცხოთ ამჟამინდელი სიტუაციის რაღაც, უფრო სერიოზულში გადაზრდის ალბათობაც", - ამბობს ანდრეა კენდალ-ტეილორი. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ