"ფრაერი სიხარბემ დაღუპა... 31 უცნაური ამბავი გერმანიიდან" - რას წერს "დოიჩე ველე" - კვირის პალიტრა

"ფრაერი სიხარბემ დაღუპა... 31 უცნაური ამბავი გერმანიიდან" - რას წერს "დოიჩე ველე"

გერმანულმა "დოიჩე ველემ" (Deutsche Welle) გამოაქვეყნა სტატია საინტერესო სათაურით - "ფრაერი სიხარბემ დაღუპა": არაერთი მნიშვნელოვანი საინტერესო ისტორია", სადაც სიხარბის ამსახველ ფაქტებზეა ლაპარაკი. გთავაზობთ მცირეოდენი შემოკლებით:

"როგორც ცნობილია, ქრისტიანული რელიგიის მიხედვით, სიხარბე ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვად ითვლება. მას ბევრი სინონიმი აქვს: სიძუნწე, გაუმაძღრობა, ანგარება, მომხვეჭელობა, "ვერცხლისმოყვარეობა" და ა.შ. ხალხური სიბრძნე სიხარბიადმი ზიზღითაა გამსჭვალული: მაგალითად, არის ასეთი ანდაზა - "უკვე კუბოს უმზადებენ, ის კი მაინც ფულს აგროვებს". ლექსიკონებში კი "სიხარბე" ასეა განმარტებული: "მიდრეკილება მატერიალური სიკეთის მიღების მიზნით".

მაგრამ, რა თქმა უნდა, ადამიანები ხარბები ხდებიან არა მხოლოდ მატერიალური სიკეთის მიღების თვალსაზრისით. ეს თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი გამოფენაზე (ჯერჯერობით მხოლოდ ვირტუალურად) გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მხარის ისტორიის მუზეუმში, შტუტგარტში.

ნობელის პრემიის ლაურეატი, ქიმიური იარაღის შემქმნელი ექსპოზიცია, რომელიც თითქმის 300-მდე ექსპონატისგან შედგება - დოკუმენტებისგან, ფოტოსურათებისგან, მხატვრული ობიექტებისგან, ვიდეოებისგან და ა.შ., მნახველებს 31 ამბავს მოუთხრობს, რომელიც ქრონოლოგიურად სამ საუკუნეს მოიცავს. "თუმცა ყველა მათგანი არ არის თავისი შინაარსით ერთმნიშვნელოვნად კრიტიკული და დამგმობი... სურვილი იმისა, რომ მეტი გქონდეს და მეტს მიაღწიო - ეს ხომ მეცნიერებისა და საბაზრო ეკონომიკის მამოძრავებელი მოქმედებაა! ასე რომ, თემა ძალზე არაერთმნიშვნელოვანია", - ხაზს უსვამს პაულა ლუტუმ-ლენგერი, მუზეუმის დირექტორი, რომლისთვისაც არაერთმნიშვნელოვანი "გაუმაძღრობის" ერთ-ერთ მაგალითად ითვლება გერმანელ ქიმიკოსთან - ფრანც ჰაბერთან დაკავშირებული ამბავი.

ფრანც ჰაბერმა ნობელის პრემია ამიაკის სინთეზის სამრეწველო პროცესის შემუშავების გამო მიიღო, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა აზოტოვანი სასუქების იაფი წარმოება, მოსავლიანობის დონის მკვეთრი გაზრდა და, საბოლოო ჯამში, პლანეტაზე შიმშილის ფაქტების შემცირება. მაგრამ ფრანცს უფრო მეტის მიღწევა უნდოდა, თანაც საქმე ფულში კი არ იყო (მას არ ჰქონდა მერკანტილური ადამიანის იმიჯი), არამედ - "ცოდნის ხარბად მიღებაში", როგორც იგი მოგვიანებით ამბობდა.

ქიმიკოსის მეცნიერული პატივმოყვარეობა ისე შორს წავიდა, რომ მან დაიწყო მომწამლავი ნივთიერებების შემუშავება, რომელიც გერმანელებმა პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს. ფრანც ჰაბერმა მოგვიანებით განაცხადა, რომ იგი თავისი ქვეყნის პატრიოტი იყო და ცოდნა სამშობლოს ძლიერებას მოახმარა. მაგრამ რამდენად სამართლიანია, რომ ამ კაცს მეცნიერი და პატრიოტი ვუწოდოთ იმის შემდეგ, რაც იგი საგანგებოდ მიდიოდა ფრონტის ხაზზე, რათა პირადად ენახა, დაკვირვებოდა და დარწმუნებულიყო იმაში, თუ როგორ მოქმედებდა ადამიანებზე მის მიერ შექმნილი მომწამლავი გაზი...

მუზეუმის დირექტორი იქვე განმარტავს: "აკვირდებოდა არა იმიტომ, რომ იგი სადისტი იყო, არამედ იმიტომ, რომ პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე მომწამლავი გაზის სასიკვდილო ეფექტი გაეძლიერებინა...".

სპორტული ფეხსაცმელები, რომელსაც მფლობელი არ იცვამს

გამოფენის სხვა ისტორია მოგვითხრობს ფაქტებზე, თუ როგორ მოურიდებლად აგროვებდნენ მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში მცხოვრები არისტოკრატები საეკლესიო ფასეულობებს (როცა გერმანიაში მონასტრების დახურვა დაიწყეს), როგორ მიითვისა 1919 წელს აფრიკული კულტურის ნიმუშები გერმანელმა უფროსმა ლეიტენანტმა კამერუნში  (ეს ქვეყანა იმ დროს გერმანიის კოლონია იყო) და იმის შესახებაც, თუ როგორ ძარცვავდნენ და იტაცებდნენ გერმანელი ნაციონალ-სოციალისტები ებრაელთა ქონებას, თვითონ ებრაელებს კი საკონცენტრაციო ბანაკებში გზავნიდნენ.

დღემდე ეძებენ (და პოულობენ) გერმანელი ნაცისტების მიერ კონფისკებულ ან ჩალის ფასად შეძენილ და შემდეგ გადამალულ იმ ნახატებს, მხატვრულ ღირებულებებს, რომელიც ადრე ებრაელებს ეკუთვნოდათ.

ექსპოზიციის კიდევ ერთ განყოფილებაში ნაჩვენებია შოპინგის ექსცესების ამსახველი ფაქტები, რასაც გერმანელები "კაიფრაიშს" უწოდებენ, ანუ "შეძენილის სიხარულით გამოწვეულ სიმთვრალეს". ამ განყოფილებაშია გამოფენილი, მაგალითად, ლიმიტირებული რაოდენობით წარმოებული სპორტული ფეხსაცმელები, რომლებიც მავანმა ფანტასტიკურ ფასად იყიდა, მაგრამ ერთხელაც არ ჩაუცვამს და მხოლოდ საკუთარი სიხარბე დაიკმაყოფილა.

"ჰიტლერის დღიურებისთვის" - საპყრობილეში

შტუტგარტის მუზეუმის გამოფენა წარმატების ავადმყოფური წყურვილის შესახებაც გვიყვება - იმ აღიარებაზე, რომელმაც 1983 წელს გერმანიის მასმედიის ისტორიაში ყველაზე დიდი სკანდალი გამოიწვია. იმ დროს ჟურნალ "შტერნის" რედაქციამ  სენსაციის შესახებ განაცხადა: "ჩვენ ადოლფ ჰიტლერის დღემდე დამალული დღიურები ვიპოვეთ, მთელი 60 ეგზემპლარიო".

ამ ისტორიას "შტერნი" დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა, რათა გემრიელი ლუკმა ხელიდან არ გაეშვა, ჟურნალის ტირაჟი მუდამ მაღალი ყოფილიყო და კოლოსალური შემოსავალი მიეღო, თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, მას თავიდანვე საეჭვო სუნი ასდიოდა. დიდების მოპოვების სწრაფვით დაბრმავებულ ჟურნალს ნორმალურად არ ჩაუტარებია "დღიურების" ისტორიული ანალიზი, არც ქაღალდისა და მელნის ექსპერტიზა  გაუკეთებია და როცა საქმე საქმეზე მიდგა, ყველაფერი ერთდროულად "გასკდა"...

ხმაურიანი პრეზენტაციის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქმე უხეშ გაყალბებას ეხებოდა. "შტერნმა" "დღიურებისთვის" დიდი ფული გადაუხადა რეპორტიორს, რომელიც შუამავლის როლში გამოდიოდა, მან კი, თავის მხრივ - იმ მავან პიროვნებას, რომელმაც რაიხსფიურერის "დღიურების" ფალსიფიცირება განახორციელა. მართალია, ფალსიფიკატორს და შუამავალს თავი ციხეში ამოაყოფინეს, მაგრამ დახარჯული ფულის დიდი ნაწილი დღემდე ვერ იპოვეს.

"შტერნის" რედაქციის ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით გადადგა, მაგრამ გამოცემის რეპუტაცია ისე შეილახა, რომ "შავი ლაქა" ჯერაც ვერ ჩამოირეცხა. დღეს გერმანიაში ჟურნალ "შტერნის" დანახვისას უეჭველად ის სკანდალური ამბავი ახსენდებათ. როგორც ერთი ჟარგონული ანდაზა ამბობს - "ფრაერი სიხარბემ დაღუპაო", გამოფენაზე ამ "სიბრძნის" დამადასტურებელ მრავალ ფაქტს ნახავთ. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ