"ზელენსკი, სააკაშვილის გამოცდილება შენთვის გაკვეთილი უნდა იყოს" - რას წერს ბრიტანეთში გამომავალი არაბული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ზელენსკი, სააკაშვილის გამოცდილება შენთვის გაკვეთილი უნდა იყოს" - რას წერს ბრიტანეთში გამომავალი არაბული გამოცემა?

დიდ ბრიტანეთის არაბულმა გაზეთმა "ალ-არაბმა" (Al-Araby) გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "ზელენსკი, სააკაშვილის გამოცდილება შენთვის გაკვეთილი უნდა იყოს", რომელშიც, უკრაინა-რუსეთის ურთიერთობის გამწვავების ფონზე, განხილულია პოსტსაბჭოთა სივრცეში მომხდარი მსგავსი სიტუაციები - რუსეთ-საქართველოს ომი (2008 წ. აგვისტო), აზერბაიჯან-სომხეთის ომი (2020 წ. ოქტომბერი) და გამოხატულია თვალსაზრისი, რომ ვლადიმერ ზელენსკიმ კარგად უნდა შეისწავლოს და დასკვნა გამოიტანოს მიხეილ სააკაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის თავგადასავლებიდან (ავტორი - იბრაჰიმ ფარიხა). გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

"საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობდა, რომ აშშ-ის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სწავლის დროს (1994 წელს) მის მიერ დამყარებული კავშირები ამერიკის სახელისუფლებო წრეებთან და პოლიტიკოსებთან ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციასა და პრივილეგიების მოპოვებაში დაეხმარებოდა. როგორც კი საქართველოს ლიდერი გახდა, მიხეილ სააკაშვილმა იმედის თვალი დასავლეთს მიაპყრო და ნატოსთან ახლო ურთიერთობა დაიწყო, ქართველ ჯარისკაცებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის გზავნიდა. როცა 2008 წელს, "სამხრეთ ოსეთის" სეპარატისტებთან ქართული არმიის შეტაკების დროს, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის არმია შეიჭრა, მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებული იყო, რომ კრემლის რისხვისგან ნატოსთან თანამშრომლობის ფაქტორი დაიცავდა. ხუთდღიანი ბრძოლების შემდეგ რუსეთის არმიამ მთლიანად გააკონტროლა როგორც აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" რეგიონები, ასევე - ქვეყნის სხვა მხარეებიც, რუსული ტანკები კი დედაქალაქთან - თბილისთან რამდენიმე კილომეტრში აღმოჩნდნენ. მათ, პრინციპში, მიხეილ სააკაშვილის დამხობაც შეეძლოთ.

იმ რთულ პერიოდში ნატოს ძალებს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დაცვისათვის რამე მოქმედება არ განუხორციელებიათ, იგი რუსულ დათვთან პირისპირ აღმოჩნდა. ყველაფერი, რაც კი დასავლეთს შეეძლო მისთვის შეეთავაზებინა, საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის - ნიკოლა სარკოზის შუამავლობაში გამოიხატა. ფრანგი ლიდერი კრემლში მივიდა და რუსეთის პრეზიდენტს ქართველი კოლეგისათვის შეწყალება და ამნისტია სთხოვა იმ პირობით, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის მოქმედებას მეტად აღარ გაიმეორებდა. მოსკოვი დათანხმდა შეწყალებას, მაგრამ, იმავდროულად, კრემლმა საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მაინც აღიარა.

დღეს თითქმის იგივე სცენარი მეორდება უკრაინაში, რომლის პრეზიდენტი, აშშ-ის მეთაურის ერთგული მეგობარი ვლადიმერ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ნატო მას სასურველ დახმარებას აღმოუჩენს რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი დონბასელი სეპარატისტების წინააღმდეგ და ამ რეგიონის უკრაინის შემადგენლობაში დასაბრუნებლად. ვლადიმერ ზელენსკი, ასევე, იმედოვნებს, რომ ნატო უკრაინას თავის რიგებში მიიღებს და ამ მიზნით იგი ალიანსის ჯარებს ქვეყნის სამხრეთში მდებარე ერთ-ერთ სამხედრო ბაზას დაუთმობს. თავის მხრივ, ეს ბაზა საფრთხეს შეუქმნის ყირიმში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფებს, რის გამოც კრემლი თავის შეშფოთებას და გაღიზიანებას არ მალავს.

კონფლიქტის ფესვები დიდი და ძლიერი სახელმწიფოების დაპირისპირებაში უნდა ვეძებოთ, რომლის ფონზე ნაკლებად ძლიერი ქვეყნები გარკვეული სარგებლის მიღებას ცდილობენ. ასეთ დროს გაჩენილი კონფლიქტის პირველი წესი იმით გამოიხატება, რომ არსებობს გავლენის სფეროები, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ზონები, რომელსაც კრემლი, თავის მხრივ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხად მიიჩნევს. ასეთ ზონებში დასავლეთის სახელმწიფოები შემოიფარგლებიან მხოლოდ დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერით და არასოდეს ეხმარებიან თავიანთ მოკავშირეებს, რუსეთის უშუალო მოსაზღვრე ქვეყნებს სამხედრო სახით, თუნდაც რუსეთის ტანკები 2008 წელს თბილისში შესულიყვნენ, ან ახლა კიევში შევიდნენ. ეს ძველი წესია ჯერ კიდევ კარიბის კრიზისიდან მოყოლებული, როცა 1962 წელს აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ კენედი მზად იყო, ბირთვული ომი დაეწყო, მაგრამ საბჭოთა კავშირმა დროულად გაიტანა თავისი რაკეტები კუნძულ კუბადან, რომელიც ამერიკასთან ახლოს მდებარეობს [მას შემდეგ გავლენის ზონების პრინციპი მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია].

კრემლმა დონბასელ სეპარატისტებს რუსული პასპორტები დაურიგა და, აქედან გამომდინარე, იქაურ მოსახლეობას თავის მოქალაქეებად თვლის. მოსკოვმა ამ ფაქტორის გათვალისწინებით შეიძლება უკრაინის ტერიტორიაზე თავისი ჯარის შეჭრა გაამართლოს - მოქალაქეების დაცვის მიზნით.

თავის მხრივ, დასავლეთს რუსეთთან მიმართებით თავისი ანგარიშები აქვს და კრემლთან დაპირისპირებაში კარგად იყენებს აფხაზეთის, "სამხრეთ ოსეთის", დონბასისა და ყირიმის საკითხებს, რათა საერთაშორისო არენაზე მოსკოვთან დაკავშირებული სხვა სერიოზული პრობლემები გადაჭრას.

თავისი სისულელისა და დაუფიქრებლობის გამო, მიხეილ სააკაშვილმა "სამხრეთ ოსეთი" და აფხაზეთი დაკარგა, უფრო მეტიც - მათ კინაღამ დედაქალაქიც მიაყოლა. მას სჯეროდა, რომ დასავლეთი რუსეთისაგან დაიცავდა. რაც შეეხება ვლადიმერ ზელენსკის, როგორც ჩანს, მის მოქმედებაში ყოფილი მსახიობის პროფესიული გამოცდილება მჟღავნდება: მან კარგად შეითვისა როლი, რომ თითქოსდა სიტუაციას თავისი სურვილისამებრ დაალაგებს და დონბასის პრობლემის მოსაგვარებლად დასავლეთისაგან მხარდაჭერას მიიღებს.

ვლადიმერ ზელენსკისათვის სასარგებლო იქნება არა მარტო მიხეილ სააკაშვილის, არამედ - სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გამოცდილების შესწავლაც, რომელიც 2018 წლიდან, რაც იგი ხელისუფლებაში მოვიდა, თავისი მეზობელივით დასავლეთთან ფლირტაობდა. ამიტომაც კრემლმა სომხეთი თურქეთს და აზერბაიჯანს "მიჰყიდა", ბოლოს კი თვითონაც ჩაება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, მაგრამ უფრო აზერბაიჯანის, ვიდრე - სომხეთის სასარგებლოდ: მოსკოვში ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, სომხეთმა მთიანი ყარაბაღი დატოვა, ნიკოლ ფაშინიანი კი ხალხმა ამისთვის კინაღამ დაამხო. მისი მდგომარეობა ამჟამადაც საკმაოდ მყიფეა. მთელი ამ ხნის განმავლობაში დასავლეთი მდუმარედ შეჰყურებდა პროდასავლური სომხეთის ლიდერის მავედრებელ მზერას, რომელსაც იმედი ჰქონდა, მხარდაჭერას მიიღებდა მოსკოვთან და ბაქოსთან დაპირისპირების დროს". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ