"რუსეთის ჯარები უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებიან, ჩვენ კი მის ლიდერს ვეფერებით" - რას წერენ ცნობილი ბრიტანული გამოცემები? - კვირის პალიტრა

"რუსეთის ჯარები უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებიან, ჩვენ კი მის ლიდერს ვეფერებით" - რას წერენ ცნობილი ბრიტანული გამოცემები?

დიდი ბრიტანეთის გაზეთი "თაიმსი" (The Times) რუსეთ-უკრაინის დაძაბულ ურთიერთდამოკიდებულებას ეხმაურება და აქვეყნებს სტატიას სათაურით - "რუსეთის ჯარები უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებიან, ჩვენ კი მის ლიდერს ვეფერებით" (ავტორი - როდ ლიდლი).

"დიპლომატების გაძევება და ეკონომიკური სანქციები რუსეთის აგრესიულ ქცევას ვერ შეაჩერებს, ამიტომაც დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს სამარცხვინო წუწუნი და გაბედულად მოქმედება დაიწყოს", - აღნიშნავს ავტორი. მისი აზრით, დასავლეთის ქვეყნები ისე ამშვიდებენ აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, როგორც ამას 1938 წელს გერმანიის ლიდერის - ადოლფ ჰიტლერის მიმართ აკეთებდნენ. საბოლოო ჯამში კი, ასეთმა "თავზე ხელის გადასმამ" მსოფლიო მეორე მსოფლიო ომამდე მიიყვანა.

"დონეცკი და ლუგანსკი - შეიძლება თუ არა ისინი სარაევოდ ჩავთვალოთ, უკრაინა კი - პოლონეთად მეორე მსოფლიო ომის წინ? ალბათ - არა, თუ იმ, ბევრ ექსპერტს დავუჯერებთ, რომლებიც თვლიან (ახლახან წავიკითხე!), რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის ასი ათასი ჯარისკაცის თავმოყრა მიზნად მხოლოდ კიევის შეშინებას ისახავს და მას ომი არ მოჰყვება. ამ ექსპერტების აზრი ძალიან ჰგავს 1938 წლის პოლიტიკოსების პოზიციას, რომლებიც თითქმის იმავეს ამბობდნენ ადოლფ ჰიტლერის მიმართ, რომელმაც ჩეხოსლოვაკიის საზღვრებთან ვერმახტის თავმოყრა დაიწყო: "სერიოზული არაფერი ხდება, უბრალოდ, გერმანელები იარაღს აჟღარუნებენ, რომ პრაღა შეაშინონო", - აღნიშნავს როდ ლიდლი.

სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი მიეჩვივნენ დასავლეთის შემწყნარებლობას, ამიტომაც "დაუსჯელად მოქმედებენ და სულ უფრო ხშირად იქცევიან ტირანულად, კლავენ და წამლავენ არასასურველ ადამიანებს".

"როცა ჩვენს წინაშე საშიში და დაუნდობელი ოპონენტები დგანან, წუწუნი და ჩივილი ვერაფერს გვიშველის. განა რამე შედეგი გამოიღო ჩვენმა ჩივილმა, როცა ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ანექსია განახორციელა? ან როცა საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა? ან როცა სი ძინპინმა ჰონკონგს თავისუფლების უფლება წაართვა და სინძიანში ადგილობრივ უიღურებს გენოციდი მოუწყო?", - წერს ავტორი.

ჟურნალისტი, ასევე, თვლის, რომ ამერიკაც სისუსტეს იჩენს რუსეთის წინაშე, როცა ჯო ბაიდენმა უარი თქვა შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო ხომალდების გაგზავნაზე. როდ ლიდლის აზრით, რუსეთის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ვაშინგტონი თავის ჯარისკაცებს არ გაწირავს იმ ქვეყნის საშველად, რომლის სახელი და მდებარეობა ამერიკელთა უმეტესობამ არც კი იცის.

"მაგრამ პრობლემა შემდეგია: ადამიანები დროებითი დაზავების დროსაც იღუპებიან, ჩვენ კი თავს კომფორტულად ვგრძნობთ და ვერ ვხვდებით, რომ ასეთი მდგომარეობა მხოლოდ დროებითია. უნდა გვახსოვდეს, რომ ადრე თუ გვიან მგელი ან დათვი ჩვენი საკუთარი სახლის კართანაც გამოჩნდება", - აფრთხილებს დასავლურ საზოგადოებას ავტორი. (წყარო)

-------------------

ბრიტანული გაზეთის - "ფაინენშელ თაიმსის" (Financial Times) ჟურნალისტები სარედაქციო სტატიაში სათაურით - "რუსეთთან ურთიერთობის გასაღები დასავლეთის ერთიანობაშია" იმაზე ბჭობენ, თუ როგორი უნდა იყოს დასავლეთის რეაქცია რუსეთის ხელისუფლების მოქმედებაზე, მათ შორის - უკრაინასთან და ალექსი ნავალნისთან მიმართებით.

პუბლიკაციის ავტორები თვლიან, რომ დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ ერთიანობა უნდა გამოამჟღავნოს. "დასავლური დემოკრატია, პირველ რიგში, უნდა ხელმძღვანელობდეს მკაფიო და თანმიმდევრული მოქმედების გეგმით", - აღნიშნულია სტატიაში.

"საფრანგეთის პრეზიდენტის - ემანუელ მაკრონის მცდელობებს ვლადიმერ პუტინთან "ურთიერთსანდო დიალოგის" აწყობაზე რამე მნიშვნელოვანი შედეგები არ მოუტანია, ხოლო გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და მისი მთავრობა ისევ მხარს უჭერს რუსულ გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადს". ამიტომაც სასიცოცხლოდაა აუცილებელი, რომ ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა ძალისხმევა გააერთიანონ და ხაზი გაუსვან, რომ რუსეთის შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ კრემლს სერიოზულ დანაკარგებს მოუტანს. მიუხედავად იმისა, რომ ნატოს ქვეყნები შიშობენ - "ვაითუ, რუსეთთან კონფლიქტში აღმოვჩნდეთ ჩაბმულნიო", ისინი მაინც მზად უნდა იყვნენ საკუთარი ძალების განსამტკიცებლად სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, კრემლის შემკავებელი ფაქტორის სახით", - აღნიშნავენ "ფაინენშელ თაიმსში" გამოქვეყნებული მასალის ავტორები.

"ამერიკა და ევროკავშირის ქვეყნები, ასევე, მზად უნდა იყვნენ ეკონომიკური სანქციების გასამკაცრებლად. დასავლეთმა, ბოლოსდაბოლოს, რუსული გაზსადენის მშენებლობა უნდა დაბლოკოს. თუ დასავლეთი სერიოზულად გადაწყვეტს, ხელი შეუშალოს რუსეთის ლიდერს, რომ ვლადიმერ პუტინმა საერთაშორისო სამართალი აღარ დაარღვიოს, ამისთვის პარიზი, ბერლინი, ლონდონი და ვაშინგტონი მზად უნდა იყვნენ გარკვეული ხარჯების გასაღებად", - ასკვნიან ავტორები. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ