"ზოგიერთი რუსი ჩინოვნიკის ოჯახის შემოსავალი 40%-ით გაიზარდა" - ვინ გამდიდრდა პუტინის მთავრობაში პანდემიის პერიოდში? - კვირის პალიტრა

"ზოგიერთი რუსი ჩინოვნიკის ოჯახის შემოსავალი 40%-ით გაიზარდა" - ვინ გამდიდრდა პუტინის მთავრობაში პანდემიის პერიოდში?

კორონავირუსის პანდემიისას შექმნილმა ვითარებამ ყველა ქვეყნის ეკონომიკა საგრძნობლად დააზიანა. უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პანდემიამ დადებითად იმოქმედა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობენ.

რუსმა ჩინოვნიკებმა 2020 წლის დეკლარაცია გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული ცნობილი ოჯახების შემოსავალი 40%-ით გაიზარდა, მაშინ, როცა პანდემიის პერიოდში ადმინისტრაციის თანამშრომლების რაოდენობა 21%-ით შემცირდა.

პანდემიის წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა განსაკუთრებით რამდენიმე ადამიანისთვის. ზოგიერთი რუსი ჩინოვნიკის ოჯახის შემოსავალი 2019 წელთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. თუ 2019 წელს მათ 2 მილიარდ რუბლზე ცოტა მეტი გამოიმუშავეს, 2020 წლის მონაცემებით ეს რიცხვი 2,9 მილიარდ რუბლამდე გაიზარდა.

ხელისუფლების ყველაზე მდიდარი ოჯახები

რუსეთში ხელისუფლებაში ყველაზე მდიდარი ოჯახების რიცხვში პირველ ადგილს მანტუროვები იკავებენ, 754 მილიონი რუბლით. ცოლ-ქმარი მანტუროვები უკვე მეორე წელია, რუსეთის ხელისუფლებაში ყველაზე მდიდრებად ითვლებიან.

დენის მანტუროვი რუსეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრია. გასულ წელს მისი ქონება 586 მილიონი რუბლიდან 754 მილიონ რუბლამდე გაიზარდა. თავად მანტუროვმა ქონების ასეთი მკვეთრი ზრდა წარსულში არსებული გამოცდილებით ახსნა: დენის მანტუროვი

"ზურგს უკან ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში 20-წლიანი გამოცდილება მაქვს". მისი თქმით, ის დივიდენდებსა და პროცენტებს იღებს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა განაცხადა: "დენის მანტუროვმა, სანამ ის თანამდებობას დაიკავებდა, გაყიდა თავისი აქტივების ნაწილი, ნაწილი კი სამართავად სხვას გადააბარა. ამ აქტივების მართვაში მინისტრი არ მონაწილეობს".

გასულ წელს მან Tesla-ს ავტომობილი შეიძინა.

საველეევები, 359 მილიონი რუბლი

ყველაზე მდიდარი ოჯახების მეორე ადგილს საველეევების ოჯახი იკავებს. 67 წლის ვიტალი საველეევი რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი და, ამავე დროს, ავიაკომპანია "აეროფლოტის" დირექტორია. 2020 წელს მისი შემოსავალი 359 მილიონი რუბლი იყო, საშუალოდ, თვის განმავლობაში ის 30 მილიონ რუბლს გამოიმუშავებდა. მისი მეუღლის შემოსავალი კი 36 მილიონი რუბლი გახლავთ. ერთიანობაში, მათი ოჯახის შემოსავალმა 395 მილიონ რუბლს გადააჭარბა.

მინისტრის მეუღლე ფლობს სამ მიწის ნაკვეთს, რომელთა საერთო ფართი 11,7 ათას კვ/მ შეადგენს. მის მფლობელობაშია 2 კერძო სახლი, 4 ბინა და 2 Mercedes-AMG. ოჯახის მფლობელობაშია Bentley Continental GT და BMW X5. აღსანიშნავია, რომ საველეევის ოჯახის შესახებ მედიისთვის ბევრი არაფერია ცნობილი. მას ჰყავს მეუღლე და სამი ქალიშვილი.

ტატიანა გოლიკოვას ოჯახი, 310 მლნ რუბლი

რუსეთის ვიცეპრემიერი ტატიანა გოლიკოვა და მისი მეუღლე მოულოდნელად, საგრძნობლად გამდიდრდნენ. თუ 2019 წელს მათი შემოსავალი 66,3 მლნ რუბლს აღწევდა, პანდემიის პერიოდში მათი შემოსავალი უეცრად საგრძნობლად გაიზარდა და 310 მლნ რუბლი გახდა.

ბი-ბი-სის ჟურნალისტებს პრესსამსახურის თანამშრობლებმა უპასუხეს, რომ გასულ წელს მან მიწის ნაკვეთი გაყიდა, სწორედ ამას უკავშირდება მისი ქონების ზრდა. პრესსამსახურს არ უთქვამს, რას უკავშირდება ვიცეპრემიერის მეუღლის - ვიქტორ ხრისტენკოს ქონების ზრდა, რომელიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ხელმძღვანელია.

შულგინოვები, 204,9 მლნ რუბლი

70 წლის ენერგეტიკის მინისტრი ნიკოლაი შულგინოვი ერთადერთი მინისტრია, რომელიც უძრავ ქონებას უცხოეთში ფლობს.

დეკლარაციის მიხედვით, მისი შემოსავალი 201 მლნ რუბლი, ხოლო მისი მეუღლის შემოსავალი - 3,9 მლნ რუბლია. ნიკოლაი შულგინოვი

მინისტრი და მისი მეუღლე ფლობენ სახლს ესპანეთში და ორ ბინას - მოსკოვში. სახლების გარდა, ოჯახის მფლობელობაში რამდენიმე მანქანაა, მათ შორის Газ-21, რომელიც ვლადიმერ პუტინსაც ჰყავს.

2020 წელს ყველაზე მცირე შემოსავალი რუსეთის კულტურის მინისტრს აღმოაჩნდა. დეკლარაციის მიხედვით, ოლგა ლუბიმოვას წლიური შემოსავალი 9 მლნ რუბლს ფლობს.

პუტინის ადმინისტრაციის მდიდარი წარმომადგენლები

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველაზე მდიდარ ოჯახებს შორის პირველ ადგილს დმიტრი პესკოვი და მისი მეუღლე ტატიანა ნავკა იკავებენ.

მათი წლიური შემოსავალი, დეკლარაციის მიხედვით, 225,4 მლნ რუბლს შეადგენდა.

როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის წლიური შემოსავალი 12,5 მლნ რუბლი იყო, ხოლო მისი მეუღლის - ტატიანა ნავკას შემოსავალი - 212,9 მლნ რუბლი გახლდათ.

პესკოვის მეუღლე ფლობს სამ ბინას, ორ კერძო სახლს, ორ მიწის ნაკვეთს, Mercedes-Benz-ის ფირმის ორ მანქანას. პესკოვი ფლობს ორ ბინას, და Mercedes-Benz-ის ორ მანქანას.

პესკოვის შემდეგ, დეკლარაციის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ყველაზე მდიდარი ოჯახების რიცხვშია მედინსკების ოჯახი. კულტურის ყოფილი მინისტრის - ვლადიმერ მედინსკისა და მისი მეუღლის ქონება 92 მლნ რუბლს შეადგენს. მედინსკების ოჯახი

დეკლარაციის მიხედვით ყველაზე მდიდარი ოჯახების მესამე ადგილს ცოლ-ქმარი ხრამოვები იკავებენ. ოლეგ ხრამოვისა და მისი მეუღლის ქონება, საერთო ჯამში, 53,4 მლნ რუბლია. (წყარო)