"რით გააკვირვა დასავლელი ექსპერტები პუტინის მიმართვამ - რა შუაშია ვეფხვი "შერხანი" და ტურა "ტაბაკი"? - რას წერს "დოიჩე ველე" - კვირის პალიტრა

"რით გააკვირვა დასავლელი ექსპერტები პუტინის მიმართვამ - რა შუაშია ვეფხვი "შერხანი" და ტურა "ტაბაკი"? - რას წერს "დოიჩე ველე"

გერმანული რადიოსადგური "დოიჩე ველე" (Deutsche Welle) ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის - ვლადიმერ პუტინის 21 აპრილის მიმართვას  ქვეყნის ფედერალური საკრებულოსადმი ყოველწლიური მოხსენებით და აქვეყნებს სტატიას სათაურით - "ბომბი [ჯერ] არ აფეთქებულა: რით გააკვირვა დასავლელი ექსპერტები ვლადიმერ პუტინის მიმართვამ ფედერალური საკრებულოსადმი", რომელშიც რუსეთის ლიდერის გამოსვლის შეფასებებია მოცემული. "არაფერი პრინციპულად ახალი არ თქმულა", "მთლიანობაში მოსაწყენი გამოსვლა ჰქონდა", - ასე აფასებენ "დოიჩე ველეს" მიერ გამოკითხული დასავლელი ექსპერტები პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ყოველწლიურ მოხსენებას... ეს შეფასებები, უპირველესად, ქვეყნის საშინაო პოლიტიკას ეხება, რომელსაც პრეზიდენტმა თავისი ერთსაათიანი გამოსვლის ლომის წილი დაუთმო.

რა შუაშია "შერხანი" და "ტაბაკი"?

პრეზიდენტმა ბევრი ილაპარაკა კორონავირუსის პანდემიის შედეგების გადალახვაზე და მოსახლეობას ახალ შეღავათებს დაჰპირდა. "აფეთქება", რომელზეც წამყვანი რუსი ექსპერტები ნართაულად მიუთითებდნენ და რომელსაც დასავლელი მიმომხილველები ელოდნენ (უკრაინასთან, ევროკავშირთან და აშშ-ისთან დაძაბული სიტუაციის გამო), არ მომხდარა. საერთაშორისო პოლიტიკაზე პუტინი ცოტა და თავშეკავებულად ისაუბრა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ რედიარდ კიპლინგის წიგნი ახსენა.

პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთს სხვა ქვეყნები სულ უფრო ხშირად "ებღაუჭებიან": "და, რა თქმა უნდა, იმ ქვეყნების ირგვლივ, ისევე, როგორც [ვეფხვ] "შერხანის" გარშემო, ყველანაირი წვრილ-წვრილი [ტურები] - "ტაბაკები" ტრიალებენ - ყველაფერი ისე ხდება, როგორც კიპლინგი წერს: ყმუიან და ღმუიან თავიანთი სუვერენის მომადლიერებისა და გულის მოსაგებად" (იგულისხმება აშშ).

როგორც ფაბიან ბურკჰარდი - გერმანიის რაგენსბურგის აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი ინსტიტუტის პოლიტოლოგი მიიჩნევს, "პირველი შთაბეჭდილება პუტინის გამოსვლის საერთაშორისო ნაწილიდან ის იყო, რომ ერთგვარი შვება ვიგრძენი. თუმცა იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ასეთ დაძაბულ ფონზე საკმაოდ საკვირველი იყო პრეზიდენტის მოხსენებაში საშინაო და საგარეო პოლიტიკის ბალანსი, მასში მაინც შეიმჩნეოდა მკაფიო მუქარა".

გერჰარდ მანგოტი, ავსტრიის ინსბრუკის უნივერსიტეტის პროფესორი თვლის, რომ პუტინის გამონათქვამს "მკაფიო ანტიამერიკული ხასიათი აქვს". მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი ბევრს ლაპარაკობდა, რომ "მსოფლიოსთან ურთიერთობის ხიდები არ დავწვათო", მაგრამ მაინც ახსენა რუსეთის "წითელი ხაზები": რუსეთის პრეზიდენტისთვის "წითელი ხაზები" იმას ნიშნავს, რომ დასავლეთმა თავი უნდა დაანებოს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ინტეგრაციას, რადგან პოსტსაბჭოთა სივრცეს კრემლი თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს. ეს ეხება უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს თვით ცენტრალურ აზიამდე... მოხსენებაში პუტინმა დაადასტურა, რომ იგი ერთგულია აგრესიული საგარეო პოლიტიკის გატარებისა, რომელიც 2008 წელს საქართველოსთან ომით დაიწყო".

ბელარუსული გამოცანა

ყველა გამოკითხული ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს ბელარუსულ პასაჟზე პუტინის გამოსვლაში, სადაც იგი ლაპარაკობდა "სახელმწიფო გადატრიალებისა და პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის მცდელობაზე". რუსეთის ლიდერმა ამაში უცხოეთი დაადანაშაულა, მაგრამ კონკრეტული ქვეყანა არ დაუსახელებია.

როგორც ცნობილია, გადატრიალების მცდელობის შესახებ ფაქტი ამ ორი დღის წინათ თვითონ ალექსანდრე ლუკაშენკომ გააჟღერა. ვლადიმერ პუტინმა აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ ამ ყველაფერზე დასავლეთი ჩუმად არის. მან ბელარუსის პრეზიდენტთან დაკავშირებული სიტუაცია უკრაინის ყოფილ ლიდერთან დაკავშირებულ სიტუაციას შეადარა, როცა ვიქტორ იანუკოვიჩი რუსეთში გაიქცა. სხვათა შორის, პუტინმა თავის მოხსენებაში სიტყვა "უკრაინა" მხოლოდ ერთხელ ახსენა და ისიც მხოლოდ ამ კონტექსტში.

ექსპერტების თქმით, ისიც საკვირველია, რომ პუტინმა არაფერი თქვა საპროტესტო აქციებზე, რომლებიც რუსეთს და ბელარუსს არყევს და ყურადღება მხოლოდ გადატრიალების მცდელობაზე გაამახვილა. "თუმცა, კრემლი ასეთი მიდგომით იმას აჩვენებს, რომ მისთვის მსგავსი სიტუაცია საშიში არ არის, რომ რუსეთს აქვს თანამედროვე იარაღი და მას სანქციები არ აშინებს", - ამბობს ბერლინის ფონდის "მეცნიერებისა და პოლიტიკის" ექსპერტი ჰანს-ჰენინგ შრედერი.

ფაბიან ბურკჰარდის თქმით, ბელარუსთან დაკავშირებული სიტუაცია ჯერ კარგად არ არის გარკვეული, "ისტორია ჯერ არ დასრულებულა": "დაველოდოთ პუტინ-ლუკაშენკოს შეხვედრას, რომელიც ამ კვირის ბოლოს არის დაგეგმილი. ვფიქრობ, ასევე თავშეკავებით უნდა მოვიქცეთ რუსეთის ჯარების კონცენტრაციის მიმართაც უკრაინის საზღვრებთან. ვნახოთ, რა და როგორ იქნება". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ