"აზერბაიჯანულმა მხარემ დასახლებული პუნქტების მიმართულებით ცეცხლი გახსნა" - კვირის პალიტრა

"აზერბაიჯანულმა მხარემ დასახლებული პუნქტების მიმართულებით ცეცხლი გახსნა"

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი ხელშეკრულება უხეშად დაარღვია და 20 აპრილს დედაქალაქ სტეპანაკერტისა და სოფლების, მხითარაშენისა და შოშის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. "საგარეო საქმეთა სამინისტროზე" დაყრდნობით დღეს ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ცეცხლის გახსნის შედეგად სტეპანაკერტში ერთ-ერთი სახლის სახურავი დაზიანდა.

"სამინისტრო მკაცრად გმობს მტრის პროვოკაციულ და აგრესიულ ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს არცახის მოქალაქეებში შიშის და დაუცველობის ატმოსფეროს შექმნას, ასევე რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო მისიისთვის ხელის შეშლას", - ნათქვამია არაღიარებულია მთიანი ყარაბაღის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი მტკიცებით, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის დაშინების ნებისმიერი მცდელობა განწირულია წარუმატებლობისთვის.

"ეს ვერ დაანგრევს ჩვენს მოწოდებას, ვიცხოვროთ თავისუფლად საკუთარ სამშობლოში,"- აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"