"წყალი, ანკლავი და მიწა: რა შესთავაზა ბიშკეკმა ტაშკენტს და დუშანბეს?" - რას წერს გერმანული გამოცემა ცენტრალურ აზიაში მიმდინარე პროცესზე - კვირის პალიტრა

"წყალი, ანკლავი და მიწა: რა შესთავაზა ბიშკეკმა ტაშკენტს და დუშანბეს?" - რას წერს გერმანული გამოცემა ცენტრალურ აზიაში მიმდინარე პროცესზე

ცენტრალური აზიის ქვეყნებს კვლავ ისეთი საპროტესტო აქციები არყევს, რომელსაც ამ რეგიონისათვის საკმაოდ სპეციფიკური ხასიათი აქვთ: მხედველობაშია ტერიტორიული გამიჯვნისა და წყლით სარგებლობის პრობლემები. გერმანული რადიოსადგურის - "დოიჩე ველეს" (Deutsche Welle) მასალაში სათაურით - "წყალი, ანკლავი და მიწა: რა შესთავაზა ბიშკეკმა ტაშკენტს და დუშანბეს?" ყურადღება ეთმობა ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ურთიერთდამოკიდებულებას სარწყავი წყლით სარგებლობასა და ტერიტორიების გამიჯვნა-გადაცვლის საკითხში.

"მიწა-წყალი ჩვენი არსობისა" საქმე ის არის, რომ ყირგიზეთისა და უზბეკეთის წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის მარტის ბოლოს გააფორმეს სასაზღვრო შეთანხმება ტერიტორიების (50 ჰა) გადაცვლის თაობაზე, ოშის ოლქში მდებარე კემპერაბადის წყალსაცავთან ახლოს, მაგრამ ადგილობრივ ყირგიზელებს შეთანხმების პირობები არ მოეწონათ და 16 აპრილს კარვები (იურტები) წყალსაცავთან დასცეს: "ჩვენ უფრო ნაკლები წვდომა გვექნება წყალზე და უზბეკებს უფრო მეტიო".

მოსახლეობის ასეთი აღშფოთება გასაგებია: წყალს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ცენტრალური აზიის მცხოვრებლებისათვის, სადაც ტერიტორიის უდიდეს ნაწილს უდაბნოები წარმოადგენენ.

სასაზღვრო-ტერიტორიულ შეთანხმებას ყირგიზეთის მხრიდან ხელი მოაწერა ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის (ანუ ყოფილი სუკ-ის) თავმჯდომარემ ყამჩიბეკ ტაშიევმა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მან ისე გააფორმა შეთანხმება, რომ ხალხის აზრი არ უკითხავს. პროტესტანტებმა მისი მისვლა მოითხოვეს და როცა იგი მივიდა, ყვირილი და ქვების სროლა დაუწყეს. ყამჩიბეკ ტაშიევი იძულებული გახდა, აქციის მონაწილეებს დაჰპირებოდა, რომ ტაშკენტში წავიდოდა და უზბეკებს შეთანხმების პირობების შეცვლაზე დაიყოლიებდა. გაურკვეველია, მოახერხებს თუ არა იგი დაპირების შეასრულებას.

სკანდალი ტერიტორიების გადაცვლაში

არ გასულა დიდი ხანი და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე კიდევ ერთ სკანდალში გაეხვია: ყირგიზეთში არსებობს ტაჯიკური ანკლავი "ვორუხი" (ანკლავი - ერთი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობს და მთლიანად არის შემოფარგლული). ჰოდა, ყამჩიბეკ ტაშიევმა განაცხადა, რომ ვორუხს ტაჯიკეთს მისცემენ, ყირგიზეთი კი სანაცვლოდ ბატკენის ოლქში ტაჯიკეთისაგან იმდენივე მიწას მიიღებს, ანუ განხორციელდება ტერიტორიების გადაცვლა საზღვრების გასწორების მიზნით.

არავინ იცის, ყირგიზმა ტაშიევმა ეს დაუფიქრებლად თქვა თუ წინასწარგანზრახულად, მაგრამ მისმა განცხადებამ რომ ტაჯიკეთის საზოგადოებისა და საექსპერტო წრეების აღშფოთება გამოიწვია, ეს ფაქტია. არ გასულა დიდი ხანი და 9 აპრილს ვორუხში ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რახმონი ჩავიდა და მტკიცედ განაცხადა - ვორუხი ჩვენი ისტორიული მიწა-წყალია და მისი გადაცვლა არავითარ შემთხვევაში არ მოხდებაო.

პოლიტიკოსი-პოპულისტები და სასაზღვრო რეალობა

ყირგიზეთი ცნობილია თავისი რამდენიმე ფერადი რევოლუციით: ბოლო რევოლუცია გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში მოხდა, მიმდინარე წლის იანვარში კი ახალი პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი აირჩიეს, ხოლო ერთი თვის წინ ახალი მთავრობა ჩამოყალიბდა ანუ, შეიძლება ითქვას, ქვეყანას ახალი ხელისუფლება ჰყავს.

რამდენად შესაძლებელია ახალმა მთავრობამ მოაგვაროს არსებული პრობლემა, რომელიც ათეული წლებია ვერ მოგვარებულა?

გერმანელი ექსპერტის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პრობლემების შემსწავლელი ცენტრის თანამშრომლის - ბეატა ეშმენტის აზრით, ყირგიზეთის სამხრეთში დაწყებული პროტესტი შეიძლება მთელ ყირგიზეთზე გავრცელდეს და ნეგატიური შედეგები გამოიწვიოს. იგი იხსენებს ასკარ აკაევის პრეზიდენტობის დროს მომხდარ ინციდენტს, როცა 20 წლის წინ ყირგიზეთმა ჩინეთს მიწა გაუცვალა და ამ ფაქტმა მოსახლეობის მღელვარება გამოიწვია. "ახლაც იგივე ხდება, იმ განსხვავებით, რომ სადირ ჯაპაროვი და ყამჩიბეკ ტაშიევი პოპულისტი პოლიტიკოსები არიან და ისინი პირველად დადგნენ უკვე სერიოზული რეალობის წინაშე თავიანთი დაუფიქრებელი მოქმედების წყალობით: "განცხადებების გაკეთება და დაპირება იოლია, მაგრამ როცა ადგილზე პრობლემას თვითონვე გაეცნობი და მოსახლეობის აზრს გაიგებ, მერე უკვე საკითხი რთული ხდება. ვფიქრობ, ოშის ოლქიდან საპროტესტო აქცია ბიშკეკამდეც ჩააღწევს", - ამბობს გერმანელი ექსპერტი.

თითქმის იგივე თვალსაზრისი აქვს ნატალია ხარიტონოვას, კრიზისული სიტუაციების კვლევითი ცენტრიდან: მართალია, ყირგიზეთში არჩევნები ახლახან ჩატარდა, რეფერენდუმით შეიცვალა კონსტიტუციაც, რომელმაც პრეზიდენტის უფლებები განამტკიცა, მაგრამ აშკარაა, რომ რეგიონში უზბეკეთის პრეზიდენტს - შავკათ მირზეევს უფრო მეტი ავტორიტეტი აქვს, ვიდრე მის ყირგიზ კოლეგას. ასე რომ, საეჭვოა, რომ ყირგიზეთმა უკვე ხელმოწერილი შეთანხმების პირობები შეცვალოს. ეს მხოლოდ შავკათ მირზეევის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

რაც შეეხება ყირგიზეთ-ტაჯიკეთის პრობლემას - ვორუხის საკითხს, ბეატა ეშმენტის აზრით, არც ამ პრობლემის მოგვარების პერსპექტივა ჩანს: "ტაჯიკეთი ძალიან მკაცრად არის განწყობილი. პრეზიდენტი ემომალი რახმონი ისეთი ადამიანია, რომელიც კომპრომისებზე თითქმის არასოდეს თანხმდება და ამისთვის მზადყოფნასაც კი არ ამჟღავნებს".

გამოსავლის ძიებაში

ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ რაც დრო გადის, ცენტრალურ აზიას პრობლემები კი არ აკლდება, არამედ - ემატება. მათი გადაწყვეტისათვის უცხოელების საშუამავლო მისია შეიძლება ადგილობრივ საქმეებში ჩარევად იქნას აღქმული და უარესი შედეგი გამოიწვიოს. "პრობლემის გადაჭრის გასაღები, ალბათ, მაინც მოსახლეობის დარწმუნებაშია. ხელისუფლება უნდა ეცადოს, ხალხს ჩაუნერგოს: დენთის კასრზე მუდმივი ჯდომა საშიშია, ერთხელაც დადგება დრო და ის აფეთქდება", - ამბობს გერმანელი ექსპერტი. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ