"ასეთი საშინელება არასდროს მინახავს. ვერ ვიჯერებ, რომ ეს ინდოეთში ხდება. ხალხს ჟანგბადი არ მიეწოდება და ადამიანები ცხოველებივით იხოცებიან" - კვირის პალიტრა

"ასეთი საშინელება არასდროს მინახავს. ვერ ვიჯერებ, რომ ეს ინდოეთში ხდება. ხალხს ჟანგბადი არ მიეწოდება და ადამიანები ცხოველებივით იხოცებიან"

კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა მთელი მსოფლიო მოიცვა, თუმცა მას შემდეგ, რაც ქვეყნებმა მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყეს, ყველას გაუჩნდა იმედი, რომ ადრე თუ გვიან ჩვეული ცხოვრების რიტმს დავუბრუნდებოდით. ზოგიერთმა ქვეყანამ შეზღუდვებიც კი შეამსუბუქა. მიუხედავად იმედისა, მალე მედიასაშუალებები ინდოეთში გაჩენილი ახალი შტამის შესახებ ალაპარაკდა.

მეცნიერების მტკიცებით, ინდური შტამი B1617 უსწრაფესად ვრცელდება. ის ორმაგი მუტაციის შტამია. ვირუსის ცილის გენებში ერთდროულად ორი ცვლილება მოხდა. ერთი ცვლილება, დაახლოებით, ისეთივეა, როგორიც ბრიტანულ შტამს აქვს ანუ კორონავირუსის ახალმა ფორმამ სწრაფად გავრცელების თვისება შეიძინა. რაც შეეხება მეორე მუტაციას, მისი საშუალებით ვირუსს შეუძლია მიემაგროს უჯრედის კედლებს და გვერდი აუაროს ანტისხეულებს.

უახლესი ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 379 257 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 18 მილიონს გადააჭარბა, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 3 645 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 204 832-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში დადასტურებული ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში კრემატორიუმები გადატვირთულია და ჭირისუფალს რიგში დგომა საათობით უწევს. დაღუპულების დასაწვავად კოცონის დასანთებ ადგილებს კუსტარულად აწყობენ.

"ასეთი საშინელება არასდროს მინახავს. ვერ ვიჯერებ, რომ ეს ინდოეთის დედაქალაქში ხდება. ხალხს ჟანგბადი არ მიეწოდება და ადამიანები ცხოველებივით იხოცებიან", - ამბობს "ბი-ბი-სის" ჟურნალისტთან ერთ-ერთი ინდოელი, რომელიც კრემატორიუმში მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთში განვითარებული მოვლენების პარალელურად, ჩინეთმა, აშშ-მ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა პანდემიისას მიღებული რეგულაციები შეამსუბუქეს და ზაფხულში ტურისტული სეზონის გახსნასთან ერთად, ფრენების აღდგენას ფიქრობენ, თუმცა ჯერ არავინ იცის, ინდოეთში განვითარებული მოვლენები, როგორ აისახება მსოფლიოზე...

კრიზისის მასშტაბი ინდოეთში

სტატისტიკის მიხედვით, თებერვალში ინდოეთში, ყოველდღიურად, ათასობით ადამიანი იღუპებოდა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 12 ათასს აღწევდა. მიუხედავად ამ მაჩვენებლისა, ფიქრობდნენ, რომ ქვეყანამ ყველაზე რთული პერიოდი უკვე გაიარა.

პანდემიის პირველი ტალღის პიკისას, დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ, 93 ათასი ადამიანი ინფიცირდებოდა. მოსახლეობისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ეს რიცხვი მალე ორ-სამჯერ გაიზრდებოდა. 17 აპრილიდან, ყოველდღიური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა, ბოლო კვირას კი, ყოველდღიურად, 350 ათას ადამიანზე მეტი ინფიცირდება.

ინფიცირებასთან ერთად, საგრძნობლად გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელიც - 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან, საშუალოდ, 2336 ადამიანი იღუპება.

"კორონავირუსი შესაძლოა მომაკვდინელები იყოს იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ჯანდაცვის სისტემა გამართულია, მაგრამ იქ, სადაც საავადმყოფოები პანდემიას ვერ უმკლავდებიან, იღუპებიან ის ადამიანებიც, რომლებიც შესაძლოა გადარჩენილიყვნენ", - ამბობს "ბი-ბი-სის" ჟურნალისტი.

ინდოეთის მასშტაბით, ყველაზე რთული ვითარება ნიუ-დელიშია, სადაც საავადმყოფოებში ინფიცირებულთა მისაღებად თავისუფალი საწოლებიც აღარ დარჩა, სწორედ ამიტომ საავადმყოფოში ინფიცირებულებს ვეღარ იღებენ. საავადმყოფოში მოთავსებულებისთვის ჟანგბადის მარაგი ამოიწურა და ადამიანები ამ მიზეზით იღუპებიან.

ინფიცირებულთა ნათესავები ახლობლების გადასარჩენად სასუნთქ აპარატებსა და საავადმყოფოს ადგილებს უკვე სოციალური ქსელის დახმარებითაც ეძებენ. ქვეყანაში გადატვირთულია ლაბორატორიებიც, ანალიზების პასუხს ხშირად სამ დღეზე მეტხანს აგვიანდება. ქვეყანაში კრემატორიუმები 24 საათის განმავლობაში მუშაობს. ასეთივე რთული ვითარებაა ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებშიც.

შესაძლოა სიტუაცია გაუარესდეს?

"სამწუხაროდ, სიტუაცია გაუარესდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ინფიცირებულთა მატებასთან ერთად, რამდენიმე კვირაში გაიზრდება სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. ინდოეთმა ერთ დღეშიც რომ შეძლოს ინფექციის გავრცელების შეწყვეტა, სიკვდილიანობა მაინც გაიზრდება, რადგან უკვე უამრავი ადამიანი დაინფიცირდა. სიტუაციის გაუმჯობესება მხოლოდ მასშტაბურ ლოკდაუნებსა და ვაქცინაციას შეუძლია".

ინფექციური დაავადებების მოდელირების ექსპერტისა და ფიზიკის პროფესორის, გაუტამ მენონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ინდოეთზე მეტი ინფიცირებული და გარდაცვლილი ფიქსირდებოდა, ასეთი შედეგი არსად ყოფილა:

"ასეთი სიტუაცია ჯერ კიდევ არსად გვინახავს, როცა ჯანდაცვის სისტემა ვერ უმკლავდება არსებულ სიტუაციას, ინფიცირებულთა რაოდენობა კი ისევ იზრდება".

სისტემის კოლაფსისას უამრავი ადამიანი სხვადასხვა მიზეზით იღუპება. ისინი კოვიდ-სტატისტიკაში არ შედიან, ინდოელი ექიმების წინაშე უდიდესი პრობლემაა - მათ უამრავი ადამიანი უნდა გადაარჩინონ.

რას ნიშნავს ეს მსოფლიოსთვის?

პანდემია - გლობალური საფრთხეა.

პირველივე დღეებიდან მეცნიერები და ექიმები აკვირდებიან, თუ როგორ გადაადგილდება კორონავირუსი ერთი ქვეყნიდან მეორეში. ვერცერთმა საზღვარმა ვერ შეძლო "Covid-19"-ის შეჩერება, რადგან ზოგიერთმა ქვეყანამ ვერ თქვა უარი ფრენებისა და მოგზაურობის შეწყვეტაზე. როგორც აღმოჩნდა, შეუძლებელია საზღვრების განუსაზღვრელი დროით ჩაკეტვა. ამიტომ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ინდური დიასპორა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდია, ინდოეთის პრობლემა ძალიან მალე მთელ მსოფლიოს შეეხება.

"პანდემიამ გვასწავლა, რომ ერთი ქვეყნის პრობლემა - საერთო პრობლემაა. კორონავირუსი, რომელიც ჩინეთის ერთ ქალაქში გაჩნდა, ახლა უკვე მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. რეკორდული მაჩვენებელი, რომელიც ინდოეთში დაფიქსირდა, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ვირუსი მალე სხვა ქვეყნებშიც გავრცელდება. სწორედ ამიტომ, რამდენიმე ქვეყანამ ინდოეთთან ავიამიმოსვლა შეაჩერა", - ამბობს "ბი-ბი-სის" ჟურნალისტი ჯეიმს გალაჰერი.

ახალი ინდური საფრთხე?

მძიმე პირობები, რომლებშიც ინდოეთის მოსახლეობა ცხოვრობს, "Covid-19"-ს აძლევს საშუალებას, ახალი შტამები წარმოიქმნას. ეს კი, თავის მხრივ, მთელ მსოფლიოს აყენებს დარტყმის წინაშე, რადგან შესაძლოა, ვირუსის წინააღმდეგ გაწეული ყველა შრომა წყალში ჩაიყაროს.

კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორის - რავი გუფთას თქმით: "ინდოეთში მოსახლეობის დიდი რაოდენობა და მათი ცხოვრების პირობები ვირუსისთვის ინკუბაციისა და მუტაციის საუკეთესო პირობებს იძლევა. თუ ვირუსს ინკუბაციის საშუალებას დიდი ხნით მისცემენ, გლობალური პანდემია კიდევ უფრო დაუნდობელი იქნება. ამ შემთხვევაში ვირუსისგან დაცული არც ის იქნება, ვინც ვაქცინა გაიკეთა".

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილმა ახალმა შტამმა, მსოფლიოს დამატებითი პრობლემები შეუქმნა.

"მოგეხსენებათ, რომ მუტაციისას სახეცვლილი ვირუსი უჯრედის კედელს უფრო მყარად ემაგრება და ანტისხხეულებსაც განდევნის. რეალურად რომ ვთქვათ, ინდოეთში გაჩენილი ახალი შტამის გავრცელების შეჩერება შეუძლებელია, რადგან შტამის პირველი სახეობა უკვე აღმოჩენილია სხვადასხვა ქვეყანაში".

მეცნიერების აზრით კორონავირუსი მომავალშიც განიცდის მუტაციას და ჩამოიყალიბებს თვისებას, რომლის დახმარებითაც ის გვერდს აუვლის იმუნიტეტს, რომელიც ადამიანს აძლევს ვირუსთან ბრძოლისა და შეგუების საშუალებას.

როგორ შევაჩეროთ ინფექციის გავრცელება?

მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციები მსჯელობენ, როგორ შეიძლება დაეხმარონ ინდოეთს.

დიდმა ბრიტანეთმა ინდოეთში ჟანგბადის მარაგი და სასუნთქი აპარატები გაგზავნა. აშშ-მ კი დროებით ექსპორტზე თანხმობა განაცხადა, რადგან ინდოეთს "ასტრაზენეკას" ვაქცინის საკმარისი რაოდენობა მიეწოდოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ინდოეთში დამატებით სამედიცინო პერსონალსა და მარაგს აგზავნის, - ამის შესახებ ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

"ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია იმისთვის, რომ ინდოეთს მნიშვნელოვანი აღჭურვილობა და მარაგი მივაწოდოთ, მათ შორის - ათასობით ჟანგბადის კონცენტრატორი, მობილური საველე საავადმყოფოები და ლაბორატორიული დანადგარები", - აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

ინდოეთს ერთი პრივილეგია აქვს - მის ტერიტორიაზე ვაქცინის მწარმოებელი 6 მთავარი ფარმაკოლოგიური ქარხანაა, სადაც მსოფლიოსთვის განკუთვნილი ვაქცინის 60% მზადდება. თუმცა, "ბი-ბი-სის" კორესპოდენტის ცნობით, იანვრიდან დღემდე ქვეყანაში, დაახლოებით, 118 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 9%-ია. თავდაპირველად ვაქცინას სამედიცინო სფეროს იმ წარმომადგენლებს უკეთებდნენ, რომელთაც ინფიცირებულებთან უწევდათ მუშაობა.

ინდოეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ ივლისისთვის უკვე 250 მილიონ ადამიანს გაუკეთდება ვაქცინა. სანამ ინდოეთის პრობლემა არ მოგვარდება, საფრთხის წინაშე მთელი მსოფლიო დგას.

ეპიდემიოლოგების თქმით: "ვერავინ ჩათვლის თავს უსაფრთხოდ, სანამ ყველა ქვეყანაში არ მოგვარდება უსაფრთხოების პრობლემა". (წყარო)