ქალები ომის ფრონტებზე: "სალაშქრო-საველე ცოლები" - კვირის პალიტრა

ქალები ომის ფრონტებზე: "სალაშქრო-საველე ცოლები"

დღეს 9 მაისია - მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე. ამასთან დაკავშირებით საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის დროინდელ ერთ-ერთ საკმაოდ საჩოთირო საკითხს უნდა შევეხოთ, მაგრამ ჯერ ანეკდოტით დავიწყოთ. ალბათ, ბევრს მოუსმენია და წაუკითხავს ამბავი მარშალ კონსტანტინე როკოსოვსკის საყვარელ ქალზე... "ერთხელ ლავრენტი ბერიამ იოსებ სტალინს მოახსენა, რომ მარშალმა კონსტანტინე როკოსოვსკიმ საყვარელი გაიჩინა და ფრონტზე წაიყვანაო - ცნობილი მსახიობი ქალი, არანაკლებ ცნობილი მწერლის კონსტანტინე სიმონოვის ცოლი...

- რა ვქნათ, იოსებ ბესარიონოვიჩ?, - ჰკითხა ლავრენტიმ.

იოსებ ბესარიონოვიჩმა ჩიბუხი გააბოლა, ჩაფიქრდა და შემდეგ თქვა:

- რა ვქნათ... რა ვქნათ... რა უნდა ვქნათ? არაფერი. უბრალოდ, უნდა შეგვშურდეს...".

ეს ანეკდოტი, ჩვეულებრივად, ასე ბოლოვდებოდა, მაგრამ თურმე გაგრძელებაც ჰქონია: "ლავრენტი ბერიას მოხსენებიდან მცირე ხნის შემდეგ ბელარუსიის მე-2 ფრონტის ჯარების სარდალი კონსტანტინე როკოსოვსკი იოსებ სტალინთან გამართულ თათბირს ესწრებოდა. თათბირის დასრულების შემდეგ, როცა ყველა წავიდა, უმაღლესმა მთავარსარდალმაიმარშალს დაიტოვა და ეუბნება: "ამხანაგო როკოსოვსკი, ამას წინათ ფილმი ვნახე ვალენტინა სეროვას მონაწილეობით... ხომ იცით, ვისი ცოლია?". მარშალი პასუხობს: "დიახ, ამხანაგო სტალინ, მწერალ კონსტანტინე სიმონოვის ცოლი". "ჰო, მეც ეგრე ვიცი", - თქვა სტალინმა, - "კარგი, თავისუფალი ხართ". ამბობენ, როცა კონსტანტინე როკოსოვსკი ფრონტზე დაბრუნდა, იმავე დღესვე ვალენტინა სეროვა თვითმფრინავით მოსკოვში გადააფრინა და საღამოს იგი უკვე თავის კანონიერ ქმართან იყო.

ისტორიკოსთა მტკიცებით, სინამდვილეში მსგავსი რამ არ მომხდარა, ეს გამოგონილი ამბავია, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ანეკდოტი იმიტომ გავიხსენეთ, რომ მეორე მსოფლიო ომის საბჭოთა კავშირ - გერმანიის ფრონტზე მებრძოლ საბჭოთა ოფიცრებს - კაპიტნებს, მაიორებს, პოლკოვნიკებს, გენერლებს, მარშლებს, ზურგში მყოფ კანონიერ ცოლებთან ერთად, ფრონტზე ხშირად ჰყავდათ საყვარლები - "უკანონო" (სამოქალაქო) ცოლებიც, რომლებსაც მოგვიანებით ე.წ. "სალაშქრო-საველე ცოლები" ("ППЖ - Походно-полевые жены") შეარქვეს.

სხვათა შორის, "სალაშქრო-საველე ცოლების" პრობლემა, რომელიც რეალურად არსებობდა წითელ არმიაში, საბჭოთა პერიოდში არასოდეს არ განხილულა სამეცნიერო-კვლევით დონეზე, მასზე თვალს ხუჭავდნენ, გვერდს უვლიდნენ... ის, უბრალოდ, არ არსებობდა. და თუ შემთხვევით მაინც "გაიპარებოდა" ფილმების სცენარებსა თუ მხატვრულ ნაწარმოებებში, მაგალითად, ისე, როგორც ცნობილ ფილმშია სახელწოდებით "სამხედრო-საველე რომანი", მას ჭრიდნენ და ამოკლებდნენ. აქვე იმასაც ვიტყვით, რომ მართალია, ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში ამ თემაზე რუსულ წყაროებში საკმაოდ ბევრი რამ არის უკვე დაწერილი, ქართულ ენაზე ბევრი ვერაფერი მოინახება.

სიყვარული და ინტიმი ფრონტზე

ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ საბჭოთა ქალებს არმიაში არ იწვევდნენ და ისინი ფრონტზე უმეტესად პატრიოტული გრძნობით, საკუთარი ნებით მიდიოდნენ - ძმების, მამების, მეუღლეების დაღუპვის გამო შურისძიებისთვის. რა თქმა უნდა, ფრონტზე იყვნენ ნამდვილი მებრძოლი ქალებიც (სნაიპერები, მფრინავები, პარტიზანები), მაგრამ "მშვენიერი სქესის წარმომადგენლები" მაინც უმეტესად ლაზარეთებსა და ჰოსპიტლებში მუშაობდნენ - ექიმებად, მედიცინის დებად, ექთან-სანიტრებად, სანინსტრუქტორებად... ისინი უზრუნველყოფდნენ აგრეთვე კავშირგაბმულობას (რადისტები, ტელეგრაფისტები), სამხედრო მოსამსახურეთა კვებას (მზარეულები), ჰიგიენის დაცვას (მრეცხავები) და სხვა დამხმარე სამსახურების საქმიანობას.

საბჭოთა პერიოდში, როცა საუბარი ომში მონაწილე ქალებს ("ფრონტოვიჩკებს") ეხებოდა, მათ ყოველთვის პატივისცემით მოიხსენიებდნენ და დამსახურებულადაც - ერთი შეხედვით სუსტი ქალები ხშირად წარმოუდგენელი გმირობის მაგალითებს აჩვენებდნენ, ამიტომაც დაჯილდოვდნენ ისინი ორდენებითა და მედლებით.

მაგრამ, მოდით, პირდაპირ ვთქვათ: რადგანაც ფრონტებზე ქალთა რაოდენობა, მამაკაცებთან შედარებით, ძალიან მცირე იყო, რა დასამალია და ქალების დანახვა იმ მამაკაცებში, რომლებიც წლობით იყვნენ მოცილებულნი ოჯახებს, ანდა ისე მოხვდნენ ფრონტზე, რომ ქალთან ურთიერთობა არ ჰქონიათ, სრულიად ბუნებრივ გრძნობებს იწვევდა...

ცხადია, რიგით წითელარმიელებს ქალებთან კონტაქტი, თუნდაც მეგობრული, საკმაოდ იშვიათად ჰქონდათ, სამაგიეროდ, გოგონებზე ძალიან "ზრუნავდნენ" სხვადასხვა რანგის მქონე ოფიცრები, განსაკუთრებით პოლკოვნიკის ჩინიდან დაწყებული, რომლებთაც ფართო უფლებამოსილება ჰქონდათ. იმ დროს, როცა რიგითი ჯარისკაცები სანგრებში და მიწურებში ისხდნენ, ბრძოლით გადაღლილები, ოფიცრების შემადგენლობას შესაძლებლობა ჰქონდა "ფრონტელ მეგობარ ქალებთან" სასიყვარულო რომანი გაეჩაღებინათ. ზოგჯერ ეს ყველაფერი საკმაოდ აშკარად ხდებოდა. სხვადასხვა წყაროების თანახმად, რიგითები ასეთ სცენებს სიძულვილით შეჰყურებდნენ.

ფრონტელ ქალებს და ოფიცრებს ერთმანეთთან, რა თქმა უნდა, ძალიან ხშირად ნამდვილი სიყვარული აკავშირებდათ, მაგრამ იყო შემთხვევებიც, როცა გოგონებს ანგარება ამოძრავებდათ, რათა გარკვეული შეღავათები მიეღოთ, ან წინა ხაზზე სამსახური თავიდან აეცილებინათ. თუმცა ობიექტურად თუ ვიტყვით, ანგარებითი დამოკიდებულება უფრო მეტად გამონაკლისს წარმოადგენდა, ვიდრე საერთო წესს.

ნათქვამია, გულს ვერ უბრძანებ არ შეიყვაროო, მაგრამ არმიაში, თანაც გაგანია ომის დროს, სიყვარული და ინტიმური ურთიერთობა მისასალმებელი ნამდვილად არ იყო, როგორც ჯარისკაცებში, ასევე ოფიცრებში. ჯერ ერთი, არავინ არ იცოდა, როდის დაიღუპებოდა, ან როდის გადაიყვანდნენ სხვა ნაწილში. ამ დროს, რასაკვირველია, შეყვარებულთა გზები იყრებოდა. მეორე - არ იყო გამორიცხული, რომ შეყვარებული ჯარისკაცებისა და უფრო მეტად ოფიცრებისთვის ყველგანმზირალ "ენკავედე"-შნიკებს "ზნედაცემულობა" და "ამორალური ქმედება" დაებრალებინათ და შესაბამისად, სამხედრო ტრიბუნალით გაესამართლებინათ: "მაშინ, როცა მტერთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა გაჩაღებული, ათასობით საბჭოთა ადამიანი იღუპება, წითელარმიელები სისხლს ღვრიან თითოეული გოჯი საბჭოთა მიწისათვის, თქვენ ამ დროს დაკარგეთ მეთაურის, ოფიცერის ღირსება, კომუნისტის სახე და ქალთან დროის გატარებით ხართ დაკავებული.."...

სასიყვარულო რომანების გაბმა ქალებისთვისაც საშიში იყო: თუ ქალი ფრონტზე დაფეხმძიმდებოდა, მას ზურგში გზავნიდნენ და მისი კვების ატესტატს აუქმებდნენ, რაც კატასტროფის ტოლფასი იყო. სასიყვარულო რომანები ხშირად წყდებოდა ჯერ მეთაურის სიკვდილით, შემდეგ კი ომის დასრულებით - კაცები ზურგში მყოფ საკუთარ ოჯახებს უბრუნდებოდნენ. თუმცა, ამის მიუხედავად, აუცილებელია ითქვას, რომ ბევრმა "სალაშქრო-საველე ცოლმა" ოფიცერ-მამაკაცებთან ურთიერთობა იურიდიულად გააფორმა და მისი კანონიერი ცოლი გახდა (თუმცა, ცხადია, ასეთი მოქმედება საკმაოდ დრამატულ შედეგებს იწვევდა ზურგში მცხოვრებ მეუღლესთან მიმართებით).

მაგრამ მიტოვებული "მეგობარი ქალებიც" წაგებულები არ რჩებოდნენ: ბევრი მათგანის შვილები, რომლებიც ქორწინების გარეშე იყვნენ გაჩენილები, განთქმული მხედართმთავრების გვარებს იღებდნენ და კარიერულად სწრაფად წინაურდებოდნენ. ბუნებრივია, რომ მაღალი რანგის ოფიცრების ყოფილი "მეგობარი ცოლების" მკერდს ორდენები და მედლები ამშვენებდა, შესაბამისად, მათ დაფასებაც არ აკლდათ. აბა, რომელი ოლქის მდივანი ეტყოდა უარს გენერალს ან მარშალს, რომელიც მოსკოვიდან დარეკავდა და ერთ-ერთ ომის მონაწილისათვის ბინით უზრუნველყოფას მოითხოვდა?

დავუბრუნდეთ ისევ ომის პერიოდს.

ის ფაქტი, რომ საბჭოთა ოფიცრებს, ზურგში, ფრონტისგან მოშორებით, რომელიღაც ქალაქში, კანონიერი ცოლებიც ჰყავდათ, მათ "ამურული ურთიერთობისაგან" ვერ აჩერებდა... არადა, ამის ობიექტური მიზეზები მართლაც არსებობდა: აბა, წარმოიდგინეთ - ომია, დღეს თუ ხვალ დაიღუპები, არ იცი, სახლში დაბრუნდები თუ არა, გვერდით კი ფრონტელი მეგობარი ქალი დგას, რომელმაც ჭრილობა შეგიხვია, გადაგარჩინა, გიმკურნალა... თვალებში სიყვარულით გიმზერს... თქვენ რას იზამდით?

რა თქმა უნდა, "ფრონტული რომანები" ომის პირველ ეტაპზე ფართოდ არ მჟღავნდებოდა. როგორც უკვე ვთქვით, ასეთი დამოკიდებულება შეიძლება დანაშაულადაც კი ჩათვლილიყო, ამორალურ საქციელად. საბჭოთა სარდლობა და მმართველი კომპარტია მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა მსგავსი ფაქტების აღკვეთას, რომ არმიის მორალურ-ზნეობრივი გახრწნა არ დაწყებულიყო. მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც მიაღწია იმ დონეს, რომ ზომები გახდა მისაღები.

ცნობილია ომის ერთ-ერთი ცნობილი მხედართმთავარის გიორგი ჟუკოვის სპეციალური ბრძანება № 0055, რომლის თანახმად, ლენინგრადის ფრონტის შტაბებიდან პრაქტიკულად ყველა ქალი იქნა ზურგში გაყვანილი, ან სხვაგან გადანაწილებული.

აი, ამონარიდი ბრძანებიდან: "პოლკების შტაბებსა და სამეთაურო პუნქტებში ბევრი ქალი მუშაობს, ბევრია სხვა ნაწილებიდან მივლინებულიც... რიგი მეთაურები, რომლებმაც კომუნისტის სახე დაკარგეს, ქალებთან, უბრალოდ, თანაცხოვრებენ... ვბრძანებ: ყველა ქალი გაათავისუფლეთ შტაბიდან და სამეთაურო პუნქტებიდან. დაიტოვეთ მხოლოდ მბეჭდავ-სტენოგრაფისტთა შეზღუდული რაოდენობა, განსაკუთრებულ განყოფილებასთან შეთანხმებით". აქვე წინასწარ ვიტყვით, რომ თვითონ გიორგი ჟუკოვს ჰყავდა საყვარელი ქალი, თუმცა მისი ППЖ ამ ბრძანებას არ ექვემდებარებოდა (ამაზე ქვემოთ).

მოკლედ, "სალაშქრო-საველე ცოლების" არსებობის ფაქტი დღეს დადასტურებულია. შეიძლება ამას სხვადასხვანაირად შევხედოთ, მაგრამ ფრონტული რომანები სრულიადაც არ ჩრდილავენ ქალების გმირობას ომის წლებში.

ახლა კი ვისაუბროთ იმაზე, თუ ვინ ვის უყვარდა და ვინ ვისი "საველე ცოლი" იყო... ანუ სიყვარული სისხლის წვიმების დროს. ესეც რეალობაა და ომების შემადგენელი ნაწილი...

ისტორია: პეტრე პირველიდან და ნაპოლეონიდან ლევ ტროცკიმდე...

"სალაშქრო-საველე ცოლები" ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში არსებობდნენ - თითქმის ყოველ გენერალს და ფელდმარშალს რამდენიმე ასეთი პარტნიორი ჰყავდა. ცნობილია, რომ პეტრე პირველის ППЖ-ები რამდენიმე ათეულს ითვლიდა.

ნაპოლეონ ბონაპარტისათვის "სალაშქრო-საველე ცოლი" იყო 21 წლის მარია ვალევსკაია, რომელიც 1807 წელს ფრანგ იმპერატორს პოლონელმა მაგნატებმა "შეატენეს" - მასზე გავლენის მოსახდენად და შეღავათების მისაღებად. თუმცა ფაქტია, რომ "იმპერატორის პოლონელმა ცოლმა" (როგორც მას ჯარისკაცები ეძახდნენ), ნაპოლეონზე ვერანაირი გავლენის მოხდენა ვერ შეძლო.

მიხეილ კუტუზოვი ხომ იცით? თურმე მასაც ჰყოლია თავისი "საველე ცოლი", თანაც მასზე ბევრად ახალგაზრდა - რუმინეთში (ვალახეთში) თურქებთან ბრძოლის პერიოდში მიხეილ ილარიონოვიჩი ადგილობრივი მთავრის ქალიშვილით - ლუქსანდრა გულიანოთი ერთობოდა...

ППЖ-ები ჰყავდათ სამოქალაქო ომის გმირ წითელ მეთაურებს - მიხეილ ტუხაჩევსკის, ვასილ ჩაპაევს და სხვებს. საბჭოთა პატრიოტულ ფილმებში და მხატვრულ ნაწარმოებებში ოფიცერთა საყვარელი ქალები ჩვეულებრივ მებრძოლებად არიან წარმოჩენილნი და მეთაურებთან მათ ინტიმურ ურთიერთობებზე არაფერია ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი "მეგობარი ქალების" როლსაც ასრულებდნენ.

ლევ ტროცკი ხომ იცით? ფილმებში მის გვერდით ყოველთვის დგას ტყავის ქურთუკიანი მრისხანე გამომეტყველების მქონე ქალი, ხელში მაუზერით. იგი კომისარი ლარისა რაისნერია, ტროცკის "მეგობარი ქალი"... "შენ რევოლუციის ვალკირია ხარ, ანტიკური ქალღმერთის გარეგნობით", - ასე მიმართავდა მას ლევ დავიდოვიჩი.

საბჭოთა მხედართმთავრები და მათი "საველე ცოლები"

რამდენადაც ცნობილია, 1941 წლის ივნისიდან "სალაშქრო-საველე ცოლების" გამო წითელი არმიის სამეთაურო შემადგენლობიდან არავინ არ დაუსჯიათ. არ გაუმართლა მხოლოდ მოწინააღმდეგის მხარეზე გადასულ გენერალ-ლეიტენანტ ანდრეი ვლასოვს და მის "საველე ცოლებს"...

ანდრეი ვლასოვის ორი ППЖ პირველი - სამხედრო ექიმი აგნესა პოდმაზენკო, რომელიც დაფეხმძიმდა და 1942 წლის იანვარში ზურგში იქნა გაგზავნილი. მან იმშობიარა, მაგრამ საყვარლის - ანდრეი ვლასოვის გერმანელების მხარეზე გადასვლის შემდეგ, შინსახკომის თანამშრომლებმა დაიჭირეს და 5 წელი მიუსაჯეს "სამშობლოს გამყიდველთან კავშირის გამო". საინტერესოა, რომ გენერლის კანონიერმა ცოლმა ანა ვლასოვამაც "ქმრის მოღალატეობრივი მოქმედებისათვის" - როგორც ცოლ-ქმრული, ისე პოლიტიკური გაგებით - 8 წელი ციმბირის ბანაკში გაატარა.

ანდრეი ვლასოვის მეორე ППЖ - მზარეული მარია ვორონოვა ტყვედ საყვარელთან ერთად ჩავარდა. გერმანელებმა იგი ბერლინში არ წაიყვანეს, მაგრამ მარიამ მესამე რეიხის დედაქალაქამდე ჩასვლა როგორღაც მოახერხა, ანდრეი ვლასოვსაც დაუკავშირდა, მაგრამ მან ყოფილი "საველე ცოლი" აღარ მიიღო, რადგან გენერალს რომანი უკვე ჰაინრიჰ ჰიმლერის ადიუტანტის დასთან - ანგელა ბინდენბერგთან ჰქონდა გაჩაღებული.

გიორგი ჟუკოვი და ლიუდმილა ზახაროვა

ზემოთ უკვე ვთქვით გიორგი ჟუკოვის ბრძანების შესახებ, რომელიც მან 1941 წლის სექტემბერში გამოსცა, მაგრამ იმ დროისათვის თვითონ ჟუკოვს ჰყავდა "საბრძოლო მეგობარი ქალი" ლიდია ზახაროვა. მართალია, იგი, სამხედრო ფელდშერი, გენერლისათვის პირველი არ იყო, მაგრამ ჟუკოვის გული ნამდვილად დაიპყრო. ლიდია გიორგი კონსტანტინოვიჩს მუდამ თან დაჰყვებოდა, წინა ხაზზეც კი და მასზე ზრუნავდა. ზურგში გიორგი ჟუკოვს ნამდვილი ცოლიც ჰყავდა - ალექსანდრა ზუიკოვა-ჟუკოვა, რომელმაც ქმარს პარტიულ და სახელმწიფო ორგანოებში უჩივლა საყვარლების გამო, მაგრამ ამაოდ. გიორგი ჟუკოვმა ლიდია ზახაროვა ოდესაშიც წაიყვანა, როცა იგი სამხედრო ოლქის სარდლად დანიშნეს. ისინი ერთმანეთს მხოლოდ მაშინ შორდებოდნენ დროებით, როცა ოდესაში მოსკოვიდან ჟუკოვის კანონიერი ცოლი ჩადიოდა... სხვათა შორის, გიორგი კონსტანტინოვიჩის "საველე მეგობარი ქალი" ლიდია ზახაროვა პირველად საჯაროდ ნაჩვენები იქნა რუსეთის ტელეკომპანია "პერვიი კანალის" დაკვეთით 2011 წელს გადაღებულ სერიალში "ჟუკოვი".

მაშინ, როცა საბჭოთა მოქალაქეები მსოფლიოში ცნობილი მარშლის ბესტსელერად ქცეულ წიგნს "მოგონებებსა და ფიქრებს" კითხულობდნენ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მისი ოჯახური ცხოვრება კომუნისტურ მორალს ეწინააღმდეგებოდა...

ლეონიდ ბრეჟნევი და თამარ ლავერჩენკო

თამარი 19 წლის იყო, როცა ვოროშილოვგრადის ჰოსპიტალში მუშაობა დაიწყო. 1942 წლის აპრილში იგი მე-18 არმიის პოლიტგანყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მან ასაკით 15 წლით უფროსი, ბრიგადის კომისარი ლეონიდ ბრეჟნევი გაიცნო. როგორც აღმოჩნდა, ორივე ომამდე ვოროშილოვგრადში ცხოვრობდა, რამაც ისინი ერთმანეთს დაახლოვა და ბოლოს შეაყვარა. ასე გრძელდებოდა ომის დასრულებამდე. ლეონიდ ბრეჟნევს კანონიერი მეუღლეც ჰყავდა 1927 წლიდან, ვიქტორია დენისოვა, რომელთანაც იგი განქორწინებას შეეცადა, მაგრამ კანონიერი ცოლი ქმარს დაემუქრა, საოლქო კომიტეტში ყველას მოვახსენებ შენს ამორალურ ქცევას და ამით შენს კარიერასაც ჯავრი დაესმებაო. ლეონიდ ბრეჟნევი იძულებული გახდა თამარი გაეშვა და ოჯახში დარჩენილიყო. მიუხედავად იმისა, რომ თამარი 1947 წელს გათხოვდა, მისი მეგობრობა კომპარტიის მომავალ გენმდივანთან დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. ამბობენ, რომ ლეონიდ ბრეჟნევი ვიწრო სამხედრო წრეში ხშირად იხსენებდა ფრონტის მძიმე გზებზე განმტკიცებული სიყვარულის პერიოდს...

როდიონ მალინოვსკი და რაისა გალპერინა

მათ ერთმანეთი 1942 წელს გაიცნეს, ალყიდან გამოსვლის დროს, 43 წლის გენერალ-ლეიტენანტმა როდიონ მალინოვსკიმ და 23 წლის რაისა გალპერინამ, არმიის აბანო-სამრეცხაო ბატალიონის უფროსის მოადგილემ. რაისა კარგი მზვერავიც გამოდგა - მოახერხა და გერმანელთა ტანკების შესახებ სამხედრო შტაბს ზუსტი მონაცემები წარუდგინა. გენერალმა როდიონ მალინოვსკიმ 1943 წელს საყვარელ ქალს პირადად გადასცა წითელი ვარსკვლავის ორდენი, 1944 წელს კი ფრონტის სამხედრო საბჭოს სპეცსასადილოს გამგედ გადაიყვანა.

შეიძლებოდა მათი რომანი ომის შემდეგ დასრულებულიყო, მაგრამ უკვე მარშალმა როდიონ მალინოვსკიმ საყვარელთან დაშორება არ ისურვა და კანონიერ ცოლს, ფრანგული ენის სპეციალისტს ლარისა ნიკოლაევას განქორწინება სთხოვა და თან აღუთქვა, რომ მას და ორ შვილს არაფერს მოაკლებდა. 1946 წელს ისინი განქორწინდნენ, მალე მარშლის "საველე ცოლი" "კანონიერ ცოლად" იქცა და ქმარს გოგონაც გაუჩინა.

ივან კონევი და ანტონინა ვასილიევა

ანტონინა ჯერ სანიტრად მუშაობდა, შემდეგ მზარეულად, მოგვიანებით კი უკრაინის მეორე ფრონტის ფრონტის სარდალთან ივან კონევთან დამხმარედ იქნა მივლინებული სამეურნეო დარგში. 47 წლის ივან კონევს გულში ჩაუვარდა 22 წლის ქალიშვილი, რომელმაც მისი გრძნობა გაიზიარა. მარშალს კუჭის წყლული აწუხებდა, "საველე ცოლი" კი მუდამ თან დასდევდა, რომ საჭმელი არმიის ექიმის მიერ გამოწერილი დიეტის მიხედვით ეჭამა. შტაბში ჩუმ-ჩუმად ქირქილებდნენ, ანტონინა წინა ხაზზეც თერმოსით ხელში დარბისო.

ომის შემდეგ ივან კონევმა თავის საყვარელ ადამიანთან დაშორება არ ისურვა, ცოლს - ანა ვოლოშინას გაეყარა, ორი შვილიც დატოვა (თუმცა ყოფილ ოჯახს ფულს უგზავნიდა) და ცოლად "საბრძოლო მეგობარი ქალი" მიიყვანა. ანტონინა ვასილიევა 31 წლის განმავლობაში ერთგულად ცხოვრობდა მეუღლესთან და როგორც იტყვიან, ცივ ნიავს არ აკარებდა.

ნიკოლაი შელოკოვი და სვეტლანა პოპოვა

მათ ერთმანეთი 1944 წელს გაიცნეს - 17 წლის სვეტლანა ჰოსპიტალში მედდად მუსაობდა, 34 წლის ნიკოლაი კი დივიზიის პოლიგანყოფილების უფროსი იყო, წოდებით პოლკოვნიკი. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება, ისინი ერთმანეთს მთელი ცხოვრების მანძილზე აღარ დაშორებიან. ნიკოლაი შელოკოვმა კარიერა სწრაფად აიწყო, ფრონტელი მეგობრის ლეონიდ ბრეჟნევის წყალობით. 1982 წელს, როცა ბრეჟნევი გარდაიცვალა, იგი საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან იური ანდროპოვის ინიციატივით მოხსნეს, სამინისტრო შეამოწმეს და მძიმე კანონდარღვევები აღმოაჩინეს. მოგვიანებით ყველა სახელმწიფო ჯილდო ჩამოართვეს, პარტიიდან გარიცხეს და კორუფციაში ბრალი წაუყენეს. სვეტლანა პოპოვა თვლიდა, რომ მისი მეუღლე პატიოსანი ადამიანი იყო, მან ვერ აიტანა მეუღლის ასეთი დამცირება და იური ანდროპოვს საჯაროდ შეურაცხყოფა მიაყენა. 1983 წლის თებერვალში სვეტლანამ თავი მოიკლა. 1984 წელს თავი მოიკლა ნიკოლაი შელოკოვმაც. მან სიკვდილის წინ კონსტანტინე ჩერნენკოს წერილი მიწერა: "პარტიის ერთგული ვიყავი, არაფერი მომიპარავს, კანონი არ დამირღვევია... გთხოვ ჩემს შვილებს არაფერი არ დაუშავოთ, ისინი პატიოსნად ცხოვრობენ".

ინტიმი გერმანიის არმიაში

რასაკვირველია, გერმანის ვერმახტის ჯარისკაცებს და ოფიცრებსაც ჰქონდათ ურთიერთობა ფრონტზე ქალებთან, მაგრამ საბჭოთა წითელი არმიისაგან განხვავებულად. ფაშისტურ გერმანიის ოჯახური პოლიტიკის პრინციპი სამ "К"-ში გამოიხატებოდა - "Kინდერ, Küცჰე, Kირცჰე" (ბავშვი, სამზარეულო, ეკლესია"), თუმცა პროტიტუციის წახალისებაც ხდებოდა. ვინც არ იცის, ვიტყვით, რომ 1930-იან წლებში გერმანელი ქალებისათვის ჯარისკაცთა სამხედრო ყაზარმების სტუმრობა, არიული ერის გასამრავლებლად, საპატიო მოვალეობას წარმოადგენდა, ანუ მნიშვნელობა არ ჰქონდა კანონიერ ქორწინებას, მთავარი იყო მესამე რეიხის დიდი მიზნების განხორციელება.

მეორე მსოფლიოს ომის წლებში გერმანელი სამხედრო მოსამსახურეები ოფიციალური საარმიო ბორდელებით სარგებლობდნენ, რომლებიც ოთხ კატეგორიად იყოფოდა: ჯარისკაცებისათვის, უნტერ-ოფიცრებისთვის (სერჟანტებისთვის), ფელდფებელებისთვის (ზემდეგებისთვის) და ოფიცრებისთვის. ჯარისკაცთა ბორდელებში პროსტიტუტი ქალების შტატი განისაზღვრებოდა შეფარდებით - ერთი ქალი 100 ჯარისკაცზე. უნტერ-ოფიცრებისთვის ეს ციფრი 75-მდე მცირდებოდა, ფელდფებელებისთვის - 60-მდე, ხოლო ოფიცრებისთვის - 50-მდე, ანუ ერთი ქალი 50 ოფიცერს ემსახურებოდა. საავიაციო ნაწილებში ოფიცრები უფრო მეტი უპირატესობით სარგებლობდნენ - იქაურ ბორდელებში ერთი ქალი 20 მფრინავისთვის იყო განკუთვნილი. ხშირად ბორდელები მობილური, მოძრავი იყო - საცხოვრებელი ბორბლებიანი ვაგონები ავტოსაწევრებზე იყო მიბმული, რათა წინ წასულ სამხედრო ნაწილებს დასწეოდა. ამ დროს ყოველ ვაგონებში 5, 10 ან 15 პროსტიტუტი ქალი მაინც იყო.

გერმანელები, როგორც ცნობილია, ზედმიწევნით პედანტური ხალხია და ომის დროსაც "სექსუალური მომსახურება" ზუსტად იყო ორგანიზებული, ყველაფერი დათვლილი იყო, არსებობდა გრაფიკი - როდის და რამდენი ქალი რამდენი მამაკაცისთვის... მკაცრად იყო დაცული სანიტარული წესები - ვენერიული დაავადების თავიდან ასაცილებლად. პროსტიტუტი ქალები სამხედრო უწყების მოსამსახურეებად ითვლებოდნენ. მათი შერჩევის კრიტერიუმები თავდაპირველად ძალიან მკაცრი იყო: გერმანელ ოფიცრებს ბორდელებში აუცილებლად ჭეშმარიტი გერმანელი ქალები უნდა მომსახურებოდნენ, თანაც ისტორიულად გერმანიის მიწებზე დაბადებულ-გაზრდილები - ბავარიელი, საქსონელი და სილეზიელი ქალები. სიმაღლით 175 სმ. უნდა ყოფილიყვნენ, უფრო მეტად ქერათმიანები, ცისფერი თვალებით... აღსანიშნავია, რომ ქალები ბორდელებში პატრიოტული გრძნობით მიდიოდნენ და ფიქრობდნენ, რომ თავიანთი წვლილი შეაქვთ ვერმახტის გამარჯვებებში. რასაკვირველია, უზრუნველყოფილნი იყვნენ სოლიდური ხელფასით, კვებით და სხვა შეღავათებით.

მოკავშირეთა "საქმენი საგმირონი"

მეორე მსოფლიო ომის დროს როგორც ამერიკელებს, ისევე ინგლისელ სამხედრო მოსამსახურეებს ბრძოლა იმ ტერიტორიებზე მოუწიათ, სადაც პროსტიტუცია ლეგალიზებული იყო. შესაბამისად, ისინიც წარმატებით სარგებლობდნენ ცივილიზაციის ამ სიკეთით, თუმცა აშშ-ის სარდლობა თავის ჯარისკაცებს, რომლებიც ბორდელებში დადიოდნენ, მკაცრად აკონტროლებდა: ყოველი მამაკაცი, რომელსაც სექსუალური კონტაქტი ჰქონდა, სამი საათის განმავლობაში პროფილაქტიკურ ცენტრში უნდა მისულიყო, სადაც მას შესაბამის პროცედურებს ჩაუტარებდნენ. ვენერიული დაავადების შემთხვევაში მას მკურნალობის ხარჯები ხელფასიდან ექვითებოდა. თუმცა ხშირად ასეთი ზომებიც სასურველ შედეგს არ იღებდა. მაგალითად, მეორე ფრონტის გახსნის დროს, სენ-ნაზერის ნავსადგურში, საფრანგეთში, როცა ამერიკელი სამხედროები გემებიდან ქალაქში გადავიდნენ, მათ კავშირი ჰქონდათ არარეგისტრირებულ პროსტიტუტ ქალებთანაც და ამის გამო სიფილისი მთელ ქალაქში გავრცელდა.

რაც შეეხება ბრიტანეთის ხელისუფლებას, ლონდონი ამ მხრივ არავითარ ზომებს არ იღებდა, პიროვნების ხელშეუხებლობისა და თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რასაც ინგლისური კანონები უზრუნველყოფდნენ. ერთადერთი ამკრძალავი რეკომენდაცია ის იყო, რომ რაც შეიძლება თავი შეეკავებინათ ადგილობრივი ბორდელების სტუმრობისაგან. თუმცა, მოკავშირეთა არმიის ფრონტებზე ბევრი წვრილი სავაჭრო ფირმები მუშაობდა, სადაც საეჭვოდ მრავალი ქალი იყო დასაქმებული. სწორედ ისინი ასრულებდნენ მობილური ბორდელების როლს.

მოამზადა სიმონ კილაძემ