ჩინეთის რაკეტის ნამსხვრევები, რომლებიც დედამიწისკენ ეშვებოდა, ინდოეთის ოკეანის თავზე დაიშალა - კვირის პალიტრა

ჩინეთის რაკეტის ნამსხვრევები, რომლებიც დედამიწისკენ ეშვებოდა, ინდოეთის ოკეანის თავზე დაიშალა

ჩინეთის რაკეტის ნამსხვრევები, რომლებიც დედამიწისკენ ეშვებოდა, ინდოეთის ოკეანის თავზე დაიშალა - ამ ინფორმაციას BBC ჩინეთზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ძირითადი ნაწილი ატმოსფეროში შესვლის დროს განადგურდა, თუმცა ნაწილი აღმოსავლეთით 72,47°-ზე და ჩრდილოეთით 2,65°-ზე დაეშვა. წერტილი ამ კოორდინატებით მალდივის დასავლეთით მდებარეობს.

აშშ და ევროპა Long March-5b ხომალდის უკონტროლო დაცემას თვალყურს ადევნებდნენ.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, რაკეტის ნაწილები კვირას, პეკინის დროით 10:24 საათზე ატმოსფეროში ხელახლა შევიდა.

აშშ-ს კოსმოსურმა სარდლობამ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მას შეუძლია, "დაადასტუროს ჩინეთის Long March-5b-ის შესვლა არაბეთის ნახევარკუნძულის თავზე". სააგენტოს ცნობით, ”უცნობია ნარჩენების გავლენა მიწასა ან წყალზე”.

რაკეტასთან დაკავშირებით არსებობდა შიში, რომ მისი ნაწილები შეიძლებოდა, დასახლებულ ადგილზე ჩამოვარდნილიყო.

თუმცა კოსმოსური ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ამის შანსი ძალიან მცირე იყო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ დედამიწის ზედაპირის უმეტესი ნაწილი წყლითაა დაფარული, მიწის ნაკვეთების უზარმაზარი წილი კი დაუსახლებელია.

"ინტერპრესნიუსი"