"კორუფციასთან ბრძოლა მწვადზე გადაცვალეს?" - რას წერს რუსული გამოცემა ნავალნის ფონდის წევრებსა და საქართველოზე? - კვირის პალიტრა

"კორუფციასთან ბრძოლა მწვადზე გადაცვალეს?" - რას წერს რუსული გამოცემა ნავალნის ფონდის წევრებსა და საქართველოზე?

რუსულ "კომსომოლსკაია პრავდაში"("Комсомольская правда") გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - "კორუფციასთან ბრძოლა მწვადზე გადაცვალეს?" საუბარია რუსი ოპოზიციონერის - ალექსი ნავალნის ხელმძღვანელობით მოქმედი "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" წევრების რუსეთიდან საქართველოში ემიგრირების თაობაზე (ავტორი - დიმიტრი ოლშანსკი).

"ამ დღეებში ახალი ამბების ნაკადში გაკრთა ინფორმაცია როგორც ახალი, ასევე - ძველი ამბების შესახებ, ამჟამინდელი ვლადიმირის კოლონიის ტუსაღთან დაკავშირებით - მისი 13 წლის წინანდელი განცხადებები საქართველოს შესახებ და ბოლო დროის ცნობა, თითქოსდა მისი "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" მებრძოლები საქართველოში წავიდნენო. თავის მხრივ, ამ ინფორმაციას ისინი უარყოფენ, მაგრამ - არადამაჯერებლად.

როგორი სევდიანი და თანაც - როგორი ჩვეულებრივი, სტანდარტული ისტორიაა... ძველმოდურიდან და მოძველებულიდან - "მე პუტინი არ მომწონს, მაგრამ, რადგანაც ჩვენ ეროვნული ინტერესები გვაქვს, ამიტომ [საქართველოში შეჭრას მხარს ვუჭერთ]... - აღფრთოვანებულ შეძახილებამდე: "ვაშა, საქართველოში ისეთი მაგარი ქეიფი იციან, ისეთი სადრეგრძელოები, რომ... განა, რა პრობლემაა, რომ ჩვენ აქ ვართ?".

არადა, პრობლემა ნამდვილად არის.

ასეთი მომენტები ძალიან კარგად ესმოდა ჩვენს საყვარელ ედუარდ ლიმონოვს, რომელიც, რაც უნდა ითქვას მასზე, ძალიან პრინციპული კაცი იყო. იგი დიდხანს ებრძოდა რუსეთის ხელისუფლებას, თავის მხრივ, ხელისუფლების ერთგული პოლიცია ედუარდ ლიმონოვს და მის მხარდამჭერებს მიტინგებიდან ცემა-ცემით მიათრევდა, მას ციხის კედლებიც აქვს ნახეხი, მისი ქონება მრავალჯერ იქნა დაყადაღებული... მაგრამ მას, ოპოზიციონერ ედუარდ ლიმონოვს, არასდროს თავში არ მოსვლია აზრად მეგობრობა ლატვიასთან, პოლონეთთან და საქართველოსთან, მათთან მოკავშირეობა რუსეთის ხელისუფლებასთან ბრძოლაში. მას არ შეეძლო ასეთი ნაბიჯის გადადგმა.

ესენი კი, ნავალნისტები, დღევანდელი ოპოზიციონერები, ამას იოლად აკეთებენ. მათი აზროვნება ასეა მოწყობილი: თუ აქ, რუსეთში, ხელისუფლება მტრად მიგაჩნია და ამ დროს არის სახელმწიფო, რომლითაც შეგიძლია ისარგებლო, არაა პრობლემა იქაურ მაგიდასთან დაჯდე და არაფერზე იდარდო. მათი აზრით, განა, რა მნიშვნელობა აქვს, სად იქნები - ბალტიისპირეთში თუ კავკასიაში... მთავარია, რუსეთის არაკეთილმოსურნესთან ხარ და თავს კარგად გრძნობ... აღარ გახსოვს ომი და დაღვრილი სისხლი...

როგორ შეიძლება ენდო ასეთ ადამიანებს, რომლებისთვისაც არ არსებობს ზღვარი საშინაო და საგარეო საქმეებს შორის?

მათ ვერანაირად ვერ ენდობი. მათ, ედუარდ ლიმონოვისგან განსხვავებით, ასეთი პირობითობა არ აინტერესებთ. ამიტომაც, როცა ნავალნის ორგანიზაცია აკრძალა, როგორც "უცხოელი აგენტის" ფუნქციის შემსრულებლად, მე ხელისუფლებას მხარს ვუჭერ". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ